თენგიზ ზურაშვილის ლექსები და მოგონებები
  სიღნაღზე
 

 



სიღნაღი,
ციყვარულის ქალაქი

ჩემი სიღნაღის ერთი საღამო


  რითი დაიწყო ის დღე აღარ მახსოვს. მეხსიერებას შემორჩა მხოლოდ მისი ერთი ნახევარი და უფრო მცირე დრო. მაგრამ დღედ ვიგონებ, რადგან განცდა და სიხარული, რომელიც მაშინ მივიღე, თუნდ მთელ წელიწადს გასწვდება. საამური საღამო იყო. ოდნავ მქროლი ნიავი ცქრიალასავით დახტოდა გომბორის მთებზე. შორს მზის დისკოს ნახევარიღა მოსჩანდა. შორით კავკასიონის მაღალი მთები გაჭიმულიყო. გომბორისა და კავკასიონის მთებს შორის თვალწარმტაცი ალაზნის ველი ისახებოდა. ზაფხულის უკანასკნელი თვე დასასრულს უახლოვდებოდა. ხეებს ფოთლები აქა-იქ შეყვითლებოდა და ნიავის დაყროლაზე ფარფატით ეცემოდა მიწაზე. მხიარულება სუფევდა ირგვლივ. მთელი სიღნაღი გარეთ გამოსულიყო. სიცოცხლის სული და გული, ახალგაზრდობა, სიცილ კისკისით ავსებდა მყუდრო ქალაქის საამურ ყოფას. ზაფხულობით არაა ისეთი საღამო, რომ საზაფხულო დასასვენებელი პარკები ხალხით არ იყოს სავსე. ეს ეხება როგორც ბებრების ბაღად წოდებულ პარკს, ისე ბულვარს და ქალაქგარეთა დასასვენებელ პარკს, სადაც საზაფხულო კინოთეატრია განთავსებული. პარკებში შეხვდებით მოხუცებს, რომელთაც ხელი ჩაუვლიათ მხიარულად მოკისკისე შვილიშვილებისთვის, შუახნის სერიოზულად მობაასე ადამიანებს, სასკოლო ასაკის მოზარდებს, უფროსკლასელებს, რომლებიც ბოლო წელს გაატარებენ სკოლაში, რის შემდეგ მათ წინაშე ფართო გზა გაიხსნება. ისინი ახლავე საუბრობენ მომავალზე და შედარებით სერიოზული გამომეტყველებით სეირნობენ. ვინც ამ წელს დაამთავრა სკოლა, მათგან უმეტესობა ჯერ არ დაბრუნებულა ინსტიტუტსა და ტექნიკუმებში მისაღები გამოცდების მიმდინარეობის გამო.
  ყველა აქ მყოფთა შორის ყველაზე მეტად თვალში მოგხვდებათ ახალგაზრდობა, გოგონები და ჭაბუკები, რომლებიც ზაფხულის არდადეგებზე დასასვენებლად ჩამოსულან მშობლიურ ქალაქში. მათი განსხვავება მაშინვე აღიბეჭდება მეხსიერებაში. მოსწავლე ახალგაზრდობა ნატვრის თვალით შესცქერის მათ და მათ გამოხედვაში ადვილი შესამჩნევია, რომ მათაც სურთ მათი ბედის გაზიარება. სხვადასხვა ადგილებიდან მათი თავშეყრა მშობლიურ ქალაქში მაჯისცემას მატებს ისტორიულ ქალაქს, რომლის მხრებს ამშვენებს თამარ მეფის ნაშენი დიდი ციხე-გალავანი.


თენგიზ ზურაშვილი



 
   
 
Этот сайт был создан бесплатно с помощью homepage-konstruktor.ru. Хотите тоже свой сайт?
Зарегистрироваться бесплатно