თენგიზ ზურაშვილის ლექსები და მოგონებები
  მოთხრობები
 





სიღნაღი,
სიყვარულის ქალაქი

             მარადიული გრძნობის მოგონებათა კვალდაკვალ
 
  წერილის მოწერა მინდა და ვფიქრობ, თუ რა მოგწერო ან რით და როგორ დავიწყო. როდესაც რაიმე საქმეზე წერ ვინმეს წერილს, ყველაფერი თავისთავად მოდის და ივსება ფურცლები, მაგრამ როცა საქმე არ არის და მაინც გაქვს სურვილი წერო, წერო დაუსრულებლად ის, რაც თავისთავად და გამოსახულად კი არ გაქვს გონებაში, არამედ მიმოფანტულია და ასე დაულაგებლად, მოუსვენრად მყოფნი ბადებენ სურვილს წერისას, რითი უნდა გაავსო ფურცლები?
  ცარიელ გვერდებს ხომ არ გამოგიგზავნი?!
  ხშირად, როცა მარტო დარჩები, ფიქრები მოგეჯარებიან, ძველი, აწმყო და მომავლის ხარაჩოები ერთმანეთში ინასკვებიან და ერთ მწყობრ გამად გადაქცეულნი ხან გაღიმებენ და ხანაც შუბლს შეიკრავ ამა თუ იმ "თავხედი" ფიქრის გონებაში გაუფრთხილებლად შემოჭრის გამო. უკუაგდებ, უფრო ლამაზსა და ნიავივით მოცქრიალეს გაყვები, რომელმაც ვინ იცის, იქნებ გულის სწორთანაც მიგიყვანოს, შორეულ ლანდად ქცეული შენს წინაშე აამეტყველოს და უნაზესი გრძნობა განგაცდევინოს.
  ვისაც კი ასეთი გრძნობა განუცდია, მას არასდროს დაავიწყდება ის ნეტარი წუთები, რომლებიც "დამნაშავემ" განაცდევინა. "დამნაშავე" კი უთუოდ მოგონებისა და სიყვარულის ღირსი იქნება. მოგონებები ბევრი, ძლიერ ბევრი აქვს თითოეულს. ზოგჯერ ფიქრობ: "ეს ასე არ უნდა გამეკეთებინა," "ოყრო წინ იყო და სადღაც რკინას ვეძებდი" და ა.შ. ერთისგან წერილი მივიღე და წერილის ბოლოს მიწერს ფსევდონიმს "ეული". ეს სიტყვა მის ფსევდონიმად არ გამოდგება, მის გვარსა და სახელს არაფრით მიესადაგება და მაინც "ეული"...
  ეული კი მთაში ირემია, მწვანე ბალახზე მონავარდეს მეგობრის მოლოდინში ყელი რომ მოუღერებია და მოუსვენრად იცქირება ირგვლივ, და ეს გოგონაც იქნებ ირემია, იქნებ მეგობარს ეძებს და ელის. ფსევდონიმის სახით წარმოდგენა სიტყვისა ხომ არას მთქმელია, გარდა იმისა, რომ პირდაპირ ვერ თქვა
  და....მინა რომ იყოს წინ, განა ვერას დაინახავ?
                                                                  * * *
გაზაფხულდება, მზე და სიცოცხლე ათმაგად მეტად მოიცემს ძალას. ხდება ასეც. გვყავს ამხანაგები, რომელთაც მეგობრებში ვერ გამოარჩევ და გულში შეიძლება მეგობრებსაც უწოდებ, მაგრამ დაშორება ერთგვარ საზღვარს სდებს თქვენს შორის. თითქოს გაწყდა ის ძაფი, რომლითაც ერთმანეთთან იყავით დაკავშირებულნი. სულ რამდენიმე წერილობითი გახსენება და ...
  შარშანდელ თოვლს მაღალ მთაზე თუ ნახავ, თორემ ბარი სიცხისგან იწვის. ასეთ მოვლენას ხშირად აქვს ადგილი. ზოგიერთები კი ასეთ გაგებას არ იზიარებენ, რადგან მათი გულები საწყობებს არ წარმოადგენენ, დღეს ერთი სახის საქონელი ეწყოს, ხვალ სხვა სახის და ა.შ. ძნელად გულმა გული იტოლოს, გაუგოს და დაუკავშირდეს, რა თქმა უნდა აქ მხოლოდ სიყვარული არ იგულისხმება. უიმისოდაც შეიძლება ძლიერ ახლოდ მეგობრობა, როგორც ვაჟებსა და გოგონებს შორის ცალ-ცალკე, ასევე შერეულად. რამდენად უნიათო და არას მოქმედი, დღეისდღეობით მცხოვრები და გაციებული გულისა და გრძნობის პატრონი უნდა იყოს ადამიანი, რომელსაც სულ ადვილად შეუძლია დავიწყება ყოველივე იმისა, რაც აკავშირებდა და ამეგობრებდა მის, ასე ვთქვათ, ერთ დროს მეგობრებთან, როგორ ულამაზოდ და უნიათოდ გამოჩნდება ადამიანი, რომელსაც შეუძლია გულგრილად თქვას "ჩვენ ერთ დროს მეგობრები ვიყავით". რითაც, დიახაც, რომ ილახება მარადიული ჭეშმარიტება მეგობრობისა.
  თუ, რა თქმა უნდა, ადამიანთა შორის მეგობრობა ჭეშმარიტი შინაარსის მატარებელი იყო.
                                                                     * * *
  სიყვარულის არ იყოს. ხდება ასეთი შემთხვევები: ქალი და ვაჟი ერთმანეთს დაუახლოვდებიან და ისე ახლოდ, რომ სხვა ყველა მათში ერთმანეთისთვის სასურველ, საყვარელ ადამიანებს დაინახავს. ვაჟი, რომლის გული შეიძლება არ იყოს ქალის მიმართ გულგრილი, მის მიმართ მეგობრულ გრძნობას ამჟღავნებს. ერიდება გაამჟღავნოს ქალის მიმართ მის გულში დაბუდებული გრძნობა და როგორც ვარდის კოკობის გაფურჩქვნას დრო სჭირდება, ისე ვაჟსაც გარკვეული დრო სჭირდება სასიყვარულო გრძნობის მომწიფებისათვის. ქალმა კი გულში მოინდომა, რომ ვაჟი მისი გახდეს და საამისო სწრაფვა და მონდომება გააჩნია. შემდეგში ეს ყველაფერი გარკვეულ დროში ვერ ხორციელდება და ქალი თავისთვის რჩება.ან გათხოვდება სხვაზე, ანდა დაშორდება მას, ვისი კოკობი ვარდის სურნელი მის გაფურჩქვნამდე ვერ იგრძნო. და, სწორედ ამ მომენტისთვის საკითხავია: ქალს უყვარდა ვაჟი თუ ყოველი შემთხვევისთვის უარს არ იტყოდა მის ცოლობაზე? თუ უყვარდა ასე უცებ როგორ გამოიგლოვა? თვით მას, ქალს გააჩნდა თუ არა სიყვარულის კოკობი ვარდი? თუ ის მუდმივად იმთავითვე გაფურჩქნული და სურნელდაკარგული იყო? ეშმაკმა იცის, თუ როგორ აპირებენ ასეთი ქალები უსიყვარულოდ ცხოვრებას ვაჟებთან, თუკი მაინც მოინადირებენ მათ გულებს?!
                                                                         * * *
გაზაფხულის პირია და მისი სუნთქვა აშკარად იგრძნობა. სულ მალე მიდამო აფერადდება და სიხარულის შუქი ჩადგება ყოველი სულდგმულის თვალებში. გაზაფხული, ეს გვირგვინი წელიწადისა, ყველას აღტაცებაში მომყვანია. გულის ჭრილობა რომ მიიღო, ამისთვის სულ არაა საჭირო ვინმეს სპეციალურად გაცნობა ან დიდი ხნის ნაცნობ-მეგობრობა, მასთან სამიჯნურო დღეებისა და საათების გატარება. სრულიად უბრალოდ და
შემთხვევით გადაეყრები ადამიანს, რომელიც ერთის დაკვრით გაგათავებს და სამუდამოდ აღბეჭდავს თავის სახეს შენს მეხსიერებაში. შეგიყვარდება და მზად ხარ მისი მეგობრობისთვის, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება არც ის დარჩეს გულგრილი შენდამი, მაინც დაშორდებით ერთმანეთს კეთილი გრძნობით და......... სამუდამოდ.
   შემთხვევითი შეხვედრა კი მთელი თავისი მშვენიერებით ნათელ სხივად დარჩება შენს ტკბილ მოგონებებში.                     
                                                                 * * *
   ოჰ, რომ იცოდე რა ნეტარებას განვიცდი, როდესაც შენზე ვფიქრობ. შენს სახეს რომ წარმოვიდგენ, ჩემში თავს იყრის ყოველივე პოეტური, პოეზიის ერთ პატარა სამყაროს ვემსგავსები. და, ეს შენითაა, ჩემო გოგონა. რა კარგი ხარ, რა ნაზად და ძლიერად მიყვარხარ, მაგრამ, რომ ვერა გითხარ რა?! მერიდებოდა? თუ სიყვარულს ენა არ სჭირდება და უენოდ კი ვერაფერი გავუგეთ ერთმანეთს?! არ ვიცი როგორ არის, მაგრამ ის ვიცი, რომ მიყვარხარ. შენ ვერ გაგიბედე თქმა და ხედავ, სად იწერება პირველად შენთვის განკუთვნილი სიტყვები?
  ათას ფერებად ვხატავდი ყოველთვის შენთან შეხვედრას, მაგრამ სულ უბრალოდ ვხვდებოდით ერთმანეთს. ფანტაზია განზე რჩებოდა და ამის გამო ვერას გეუბნებოდი. იქნებ შენც ასევე მოგდიოდა? რა ვიცი?! დუმხარ და....... მე კი, მე მინდა, რომ სულ ჩემთან იყო, სულ გულში მყავდე. მინდა, რომ ჩემთვის იძნებდე და იღვიძებდე, ჩემთვის იცინოდე და წუხდე. და მეც ასევე. ასევე შენი მეგობარი ვიქნები. რაც არ უნდა გავაკეტო და შევქმნა, ეს მხოლოდ შენთვის და შენ იქნები მისი წყაროს თავი. მე მჯერა, რომ ჩვენ საუკეთესო მეგობრები ვიქნებით. მიპასუხე, შევძლებ მე შენს მეგობრობას? ნუ კრთი, როცა მხარზე ხელს შეგახებ ხოლმე. იცი, მეშინია არაფერი გაწყენინო და ხომ არ გწყინს ხოლმე? არა ხომ? ხელს გიშვებ და მე რომ სახეზე სიწითლე ამკრავს ხოლმე, შენ მხრით მეხები მხარზე, რაც იმაზე მიმანიშნებს, რომ შენ ჩემს მიმართ გულგრილი არ ხარ. ამით მეუბნები, რომ _ "არა, არ მწყინს...".
  ამ დროს მე ღრმად ამოვისუნთქავ. ამ დროს მე ბედნიერი ვარ. მიხარია, რომ ჩემს გრძნობას თანაუგრძნობ. და, მე მაინც ვერ ვბედავ შენ გაკოცო. ამის გაფიქრებისაც კი მრცხვენია და, როდესმე ხომ უნდა გაკოცო, კოცნა ხომ სიყვარულის გამოხატვის საშუალებას წარმოადგენს?! აი, ვფიქრობ როდის და ვერ მომიფიქრებია. იქნებ დღეს, ხვალ, მაგრამ როცა ვხვდებით, რატომ ვერ ვასრულებ ჩემს დანაქადებს? არ ვიცი. ერთის მხრივ, შენ რომ გხედავ, ისიც მყოფნის. შენს ხელს რომ ხელს მოვკიდებ, ვგრძნობ რომ ჩემი ხარ და მეორეს მხრივ, მეშინია იმისი, რომ კოცნამ არ დაარღვიოს ის ჰარმონია, რომელიც
ჩვენს შორის არსებობს. მე ხომ ჯერ არ ვიცი, რას რა მოსდევს. როგორც ჩანს, ჩემში კოცნა სხვა გაგებითაც აღიქმება და ალბათ ამის გამოა, რომ თავს ვიკავებ. მე მინდა, რომ ჰაეროვანი სიყვარულით მიყვარდე, კოცნას მერეც მოვასწრებთ. მაგრამ შენ გაქვს კი ასეთი აღქმა მოვლენებისა? მალე გაზაფხული მოვა, ვარდის კოკბები გაიფურჩქნება, ჩემი წარმოდგენიტ ჩვენს სიყვარულს ფრთები შეესხმება, მაგრამ შენ გაუძლებ ლოდინს? გასძლებ ჩემთან მანამ, სანამ კოკობი გაიფურჩქნება? თუ ვერ ამოიცნობ ჩემს გულისთქმას და ხელში შემატოვებ გაუფურჩქვნელ ვარდის კოკობს?
                                                                           * * *
ფიქრმორეულმა ნელი ნაბიჯით ამოვიარე აღმართი. ლამპიონებით გაჩირაღდნებულ რუსთაველის პროსპექტზე ხალხი სეირნობდა. კოპწია ქალიშვილმა ჩამიარა გვერდით. შემომხედა და გზა განაგრძო. ცეცხლი მომეკიდა. რაღაც იდუმალი გრძნობა ნიაღვარივით მომაწვა, ამავსო და გარეთ გამოსვლას ლამობდა. წამით კვლავ შეხვდნენ ჩვენი თვალები ერთმანეთს. ბედნიერების სიხარულმა მომიცვა. ქალიშვილი ტროლეიბუსში ავიდა. მეც იგივე გზა მქონდა და მასთან ერთად ავედი. ბილეთები ცალ-ცალკე ავიღეთ. ვერ გავბედე მისთვის ამეღო ბილეთი. ისე მოხდა, რომ ჩვენ ერთმანეთის ახლოს აღმოვჩნდით. თუმცა ბევრი ხალხი არ ყოფილა იქ. მისი მარცხენა ხელი, წითელი ჩანთა თუ რაღაც რომ ეკავა ხელში, ჩემს მარჯვენა მხარს ეხებოდა.
  მე მას თვალებში ჩავხედე. უძირო ზღვას არ მიაგავდნენ ისინი, წყაროს წყალივით კამკამებდნენ.
   ჩემი გაჩერება უფრო ადრე იყო. შევტოკდი ჩასასვლელად.
  "იქნებ ისიც აქ ჩამოვიდეს" _ გავიფიქრე, მაგრამ შევატყვე, რომ ის ჩასვლას არ აპირებდა. მეც გავჩერდი, აღარ ჩავსულვარ. ის იდგა და წინ იყურებოდა. "ნეტავ რას ფიქრობს. დაველაპარაკო თუ არა." "მაგრამ ხმა რომ არ გამცეს და ალმაცერად შემომხედოს?"
  ტროლეიბუსი გაჩერდა. ქალიშვილი ჩავიდა. მეც ჩავედი, მისკენ გადავდგი რამდენიმე ნაბიჯი, მაგრამ აკვიატებულმა აზრმა კვლავ გამაჩერა: "ალმაცერად რომ შემომხედოს?" ის
კი მიდიოდა და ყურს არ უგდებდა ჩემს ფიქრთა ჭიდილს. უცებ იგი შედგა და შემომხედა... დავიძარი, მივრბოდი, გულში ვიხუტებდი, ბედნიერებისგან სიხარულის ცრემლები მდიოდა; მე ვიგრძენი, რომ ის მეძახდა, თავისკენ მიზიდავდა და მეც გავრბოდი მისკენ. ამასობაში გამოვერკვიე. ქალიშვილი არსად იყო. მის ნაცვლად ადამიანები მიმოდიოდნენ ჩემს ირგვლივ. ვიგრძენი, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ერთ ადგილზე ვიყავი გაჩერებული და ყოველივე ოცნების ნაყოფი იყო. ის კი წავიდა, წავიდა, მაგრამ ანთებული მზერა დამიტოვა, რამაც გამაოგნა და ადგილზე გამაქვავა. "ახლა წადი და ეძებე მინდორში ქარი"_ გავიფიყრე ჩემს თავზე გულმოსულმა და ქუჩაში ხეტიალი
დავიწყე.
  ვისაც ოცნებაში ათასფერებად დაუხატავს ჯერ არ არსებული სიყვარული, რომლისკენაც მთელი არსებით მიექანება, ვის გულშიც სიყვარულის ქარიშხლისთვის მზადაა ყველაფერი, რომ მთელის თავდავიწყებით შეიყვაროს მისი სათაყვანებელი ადამიანი, მისთვის ადვილი გასაგებია, თუ რატომ ასე უცებ ავენთე და ჭიაკოკონასავით ვიყავი აბრდღვიალებული. მხოლოდ ეს კია, რომ ჭიაკოკონის ალი დიდდება, დიდდება და თანდათანობით ქრება. ჩემი ალი კი სულ ზევით და ზევით მიიწევდა და ყველაფრიდან ჩანდა, რომ იგი ჩაქრობას არ აპირებდა.
  სახლში წასვლა აღარ მინდოდა. ხან ბაღში შევდიოდი და სკამზე ვჯდებოდი, ხან ისევ ხალხით სავსე ქუჩებს გავუყვებოდი ხოლმე. ამასობაში ქუჩა დაცარიელდა. ბაღიდან გაიკრიფა ხალხი. აქა იქ ავტომობილი თუ ჩაიქროლებდა. მე კი კვლავ ვიარებოდი მთვრალი კაცივით. მაშინ ვიგრძენი, რომ სულაც არაა საჭირო დასათრობად ღვინო, თურმე სიყვარულის გრძნობასაც შესძლებია იგივე ეფექტის გამოწვევა. მეტად გულჯავრიანი
ვიყავი იმის გამო, რომ ასე უბრალოდ გავუშვი ხელიდან ქალიშვილის გაცნობის შესაძლებლობა. და, მაინც, კმაყოფილი ვიყავი იმით, რომ შევხვდი ადამიანს, რომელმაც შემძრა.
  _"მთელ დღეებს გარეთ ვივლი და ერთხელაც იქნება შევხვდები და სათქმელს მაშინ ვეტყვი." გავიფიქრე და გამოსავალის პოვნით გახარებული ჩქარი ნაბიჯით გავეშურე სახლისკენ. ღამის ორი საათი იყო. თვალზე რული არ მეკარებოდა. თვალწინ ოცნებასავით მონანავე მშვენიერი ქალიშვილი მედგა. მოშავო პალტო რომ ეცვა, ხელში წითელი ჩანთა ეკავა და წყაროსავით ანკარა თვალები ჰქონდა.
  გვიან, გვიან ჩამეძინა.
                                                                * * *
  ლამაზი დღე იყო. მზის ათინათებად დაფანტული სხივები ოქროსფრად ლივლივებდნენ მწვანე ხავერდგადაკრულ გომბორის მთებზე. სიღნაღის ციხე-გალავანი ზღაპრული დიდებასავით იყო ამოკვეთილი ამ დღის მშვენიერებაში. უჩვეულო გრძნობით ვიყავი სავსე. დღის ნეტარება ჩემში სიყვარულის ბედნიერებას ბადებდა. შემიყვარდა ეს დღე. ისე შემიყვარდა, რომ მზად ვარ მთელი სიცოცხლე ამ დღის მოგონებათა ალერსში გავატარო. ამ დღეს პირველად შემოანათა ჩემს გულში სიყვარულის ციმციმა შუქმა. იქნებ სიყვარული არც იყო ის. ან რა ვიცი, რომ ეს სიყვარულით განცდილი მღელვარება იყო, ჩემს გულს ხომ ჯერ ის არ განუცდია.
  ის კი იასავით ნაზი, სიოსავით მონანავე, მშვენიერი, თეთრ კაბაში გამოწყობილი, პეპელასავით რომ დაფარფატებდა, ძალიან ლამაზი იყო. მის ქცევასა და გამოხედვაში ვიჭერდი ჩემს ბედნიერებასა და სიცოცხლის აზრს. მე მაშინ გავიფიქრე: "ყველაფერს გავაკეთებ შენთვის, რომ შენ ბედნიერი იყო, რომ ჩვენ ბედნიერად ვიცხოვროთ." ვიფიქრე, რომ მან ეს ვერ გამიგო. იქნებ ყველაფერი ეს ერთ წამში მოხდა და მან ჩემი ანთებული მზერა ვერ დაიჭირა, იქნებ ვერ ჩასწვდა ჩემს სულში დატრიალებულ გაზაფხულის მდინარებას?!
  არა, ის ჭკვიანი და სულში ჩამწვდომია. მისი სანდომიანი, კეთილი და მეგობრული გრძნობით გასხივოსნებული სახე მეტყველებდა ამას. მან ვერ შემომხედა იმ დროს, როცა მე მისი ცქერით ვტკბებოდი. ყოველ შემთხვევაში მე ასე ვფიქრობდი. შემდეგ კი, შემდეგ სულ ერთი წამით დავიჭირე მისი გამოხედვა და......იქ სიყვარული ამოვიკითხე. მე ბედნიერად ვიგრძენი თავი. ვიცოდი, რომ ისიც ჩემსავით სიყვარულის ბედნიერებით იყო მთვრალი. ახლა, ალბათ, ისიც ჩემსავით ზის და კალამს აწვალებს, სიყვარულის ამ დაუზარებელ განმცხადებელს. მერე რა, რომ ჩვენ ერთმანეთისთვის იმ დროს არაფერი გვითქვამს. განა გრძნობასა და სიყვარულს ლაპარაკი უნდა?!
  შევხვდებით ერთმანეთს, გავიცნობთ და მერე ვილაპარაკებთ, მაგრამ არა ხმამაღლა, არამედ სიყვარულის ჭაბუკურ და წარმტაცე ენაზე.
                                                                       * * *
   ვისაც სიყვარულის გრძნობა განუცდია, მას უსათუოდ ექნება საიდუმლოდ დამახსოვრებული შეხვედრები გულის სწორთან. შეხვედრები, რომელთა მოგონებას სიყვარულის სტიქიის გამოწვევა შეუძლია. ასეთი მოგონება ცქრიალა ნიავივით გეწვევა, აგიყოლიებს, აგამღერებს. ერთხანს საამო გაურკვევლობაში გამყოფებს, შემდეგ კი ....... მყუდრო ადგილს მოგანახვინებს და ....დაიკარგები უსასრულობაში. მთელი სინაზით წარმოგიდგება შენი საოცნებო სახე და სიყვარულის, გრძნობათა მარწუხებში მოქცეული ამოარჩევ მოგონებათაგან ერთ-ერთს და ოცნებაში წასული, ღიმილიანი სახით გაიხსენებ ყოველ წვრილმანს იმ სანეტარო დღეებისას, რომლებიც მიჯნურთან გაგიტარებია.
   მზე მთაწმინდას თავზე მოქცეოდა და ბრდღვიალა სხივებს უკანასკნელად ათამაშებდა მტკვრის ტალღებში. საამური ნიავი ქროდა. მთელი დღის სიცხისგან დამძიმებულ ჰაერს სიგრილეს მატებდა. შორს, სადღაც ღრუბლის თეთრი ქულები მოჩანდა. ახალგაზრდა ჭაბუკი სწრაფად ჩამოვიდა ტროლეიბუსიდან და პირდაპირ ქუჩას გაუყვა. ამხანაგებთან მიიჩქაროდა. შეეძლო ტრამვაის გაყოლოდა, მათამდის ორი გაჩერება იყო, მაგრამ ფეხით გავლა ამჯობინა. მით უფრო, რომ შესაძლებელი იყო ერთ გოგონას შეხვედროდა, რომელიც აქვე, ამავე ქუჩაზე ცხოვრობდა. გოგონა, რომელმაც მისი გული ააფორიაქა. ისინი რამდენჯერმე შეხვდნენ ერთმანეთს ამხანაგ გოგონებთან.
  ზურაბმა ჩაუარა იმ სახლს, მაგრამ არავინ დაუნახავს. მეორე ჩასახვევში უკვე მისი თანაკურსელი გოგონები ცხოვრობდნენ თამილა და იზო. სახლში არ დახვდნენ. _"იქნებ იქ არიან. მოდი, რაც არის არის. მათზე ვკითხავ და თუ იქ არიან რა კარგი თუ არა და კიდევ უფრო კარგი იქნება."
  კარებზე ფრთხილად დააკაკუნა.
  კარები ახალგაზრდა, ლამაზმა, სანდომიანი სახის ქალიშვილმა გაუღო.
  _ მარინე, გოგონები აქ ხომ არ არიან?
  _ არა. გამომიარეს და სხვაგან წავიდნენ. შემოდი, გარეთ რატომ დგახარ.
  _ არა, საქმე მქონდა მათთან.
  _ შემოდი, შემოდი.
  ზურაბი შევიდა ოთახში. ახალგაზრდა ვაჟის სახეს სიწითლემ გადაჰკრა. რამდენს ფიქრობდა სადმე გზაზე მარტო შემხვდესო და აგერ სახლში სულ მარტოდ არ ნახა, ქალიშვილსაც ღაწვებზე წითელი ფერი გადაჰკრავდა ხოლმე. მაგრამ ყოველივე ეს მათთვის შეუმჩნეველი იყო, რადგან ერთმანეთს თვალებში ვერ უყურებდნენ.
  _ დაჯექი, ზურაბ _ სკამი შესთავაზა ქალიშვილმა და თვითონაც მოპირდაპირე სკამზე ჩამოჯდა.
  _ უკეთესია ეს სურათები დავათვალიერო, თუ ნებას მომცემ.
  ზურაბმა კედელზე მიმაგრებულ სურათებს შეხედა.
  _ დაათვალიერე, აგერ ალბომიც.
  მარინემ ლამაზყდიანი სასურათე ალბომი მაგიდაზე დადო და თავის ადგილს დაუბრუნდა. თან უცქერდა ზურაბს, სანამ ის სურათებს ათვალიერებდა.
  _ ყველა აქ ნაცნობია. აი ეს სურათი კი....ზურაბმა მრავლისმეტყველად შეხედა ქალიშვილს, რომელსაც ამასობაში მოესწრო ყაყაჩოსავით გაწითლება, რაც მეტ სილამაზესა და სინაზეს მატებდა მას. საქმე იმაში იყო, რომ ზურაბმა დიდხანს უცქირა მის სურათს და ბოლოს ჩამოიღო. წინ დაუდგა ქალიშვილს და მასზედ არა ნაკლებ აღელვებული და წითლად აელვარებული ხან სურათს და ხან ქალიშვილს უცქეროდა.
  _ მარინე, შენს წინაშე რომ არჩევანი იყოს სიცოცხლისა და სიხარულის და მათი ანარეკლის, მაგრამ მათსავით ლამაზის, რომელს აირჩევდი?
  ქალიშვილი ფეხზე ადგა და სახე ატკრციალებულმა უპასუხა:
  _ რა თქმა უნდა პირველს.
  _ მეც ასე მოვიქცეოდი. არჩევანის მიღების შემდეგ კი ვითხოვდი ის ანარეკლიც ჩემთვის ეჩუქნათ. ეს უფრო სრული იქნებოდა.
  _ რატომ ამბობ მაგას?
  _ მარინე, მე, როგორ გითხრა....არჩევანი უკვე გავაკეთე. ახლა მის პატრონზეა დამოკიდებული ყველაფერი. რადგან ერთის და მეორის პატრონიც ერთი და იგივე პიროვნებაა. ეს კი შენა ხარ. შენ შეგიძლია მომაპოვებინო სიხარული და ბედნიერება, და, ამასთან შეგიძლია მუდმივად წამებაში მამყოფო. ადამიანის გული წრფელად მხოლოდ ერთხელ შეტოკდება ასეთი გრძნობით და მას დროულად ესაჭიროება მეგობრის გულის გამოძახილიც. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია თუ რას უპასუხებს მეორე გული, დააობლებს მას, თუ ერთ მთელად გადაიქცევიან. ახლა ესაა მთავარი. ჩემი გული შეტოკდა, რაშიც შენა ხარ დამნაშავე. მე ჩემი გითხარი, ახლა შენგან ველი პასუხს.
  _ მე, მე რა უნდა გითხრა ასე უცებ მე როგორ უნდა გადავწყვიტო.
  _ მარინე, იქ სადაც სიყვარული ჭეშმარიტია, სადაც გრძნობა და გონება ერთმანეთს წინ არ უსწრებს და მხოლოდ გრძნობა არ მოქმედებს თავისი სტიქიით, არაფერია ნაუცბადევი. მე
შენს სიყვარულს დიდი ხანია, უკვე რამდენი დღეა გულით ვატარებ და არ შეიძლება ქვეშეცნეულად ის შენც არ გეგრძნო. დღეს საიდუმლო შენს წინაშე გავამხილე. გამეცი პასუხი.
  _ შენ დიდი ხანია ატარებ სიყვარულს, რამდენიმე დღეს და მე ასე უცებ რა ვთქვა. განა სიყვარულის გრძნობას... ქალიშვილს ენა დაება, აზრი ვეღარ დაამთავრა.
  _ განა სიყვარულის გრძნობას თქმა და გამხელა უნდა, განა სიყვარული ლაპარაკობს? ეს გინდოდა გეთქვა? გინდოდა გეთქვა, რომ სიყვარულის გამხელას ენა და მისი ხერხები არ სჭირდება? განა სიყვარული, გრძნობა სიყვარულისა თავისთავად არ წარმოადგენს ენას, რომელიც საერთოა ყველა შეყვარებულისთვის?
  _ მე სულ სხვა რამ მინდოდა მეთქვა.
  _ არა, არა. შენი სახე არ ეთანხმება შენს სიტყვებს. ქალური კდემის საფარველია შენი სიტყვები, თვალები კი სულ სხვას ამბობენ. "მიყვარხარ, ვერ გრძნობ, რომ მიყვარხარ?" აი, რას ამბობენ ისინი.
    _ მარინე, მომეცი ხელი. დაე სიყვარულმა გაიმარჯვოს, ვიყოთ მეგობრები, მე და შენ. მარადის. სთქვი, სთქვი რამე.
  _ რა ვთქვა, რომ არ ვიცი.
  _ სთქვი ის რასაც შენი თვალები და შენი სახე მეტყველებენ. ზურაბმა ნაზად შეახო ქალიშვილის ხელს ხელი. მარინემ ნაზად შეხედა ზურაბს და მღელვარებით ამოსთქვა:
  _ თუ კი ისინი ამბობენ, ზურაბ, და შენ გესმის სიყვარულის ენა, მე რაღა ვთქვა. ზურაბმა თავისკენ მიიზიდა ქალიშვილი და ნაზმა ამბორმა სამუდამოდ შეაერთა მათი გულები.
                                                                        * * *
  ვისაც არ უნახავს მოსკოვი, ვისაც თუნდაც ერთხელ მაინც არ გაუვლია მის ქუჩებში, უსათუოდ ოცნებად ექნება გადაქცეული მისი ნახვა. წითელი მოედანი, კრემლი მოსკოვის სული და გულია. მოსკოვში პირველად მოხვედრილი ყველა სტუმარი უპირველესად მოინახულებს წითელ მოედანს, კრემლს, მავზოლეუმს, სადაც ასვენია ლენინი და სტალინი. მხოლოდ ამის შემდეგ შეუდგებიან ქალაქის სხვა ღირსშესანიშნაობების დათვალიერებას.
  ასეთები კი აქ ბევრია. ისე ბევრი, რომ არ იცი საიდან დაიწყო. გული ტრეტიაკოვის გალერეისკენ მიგიწევს, მაგრამ ასევე დიდი სურვილი გაქვს კრემლს გარშემო ფეხით შემოუარო. მხატვართა გალერეაში დღე ისე გაიპარება, რომ სანახევროდაც ვერ დაათვალიერებ. საღამოს, გორკის სახელობის პარკში ტბაზე ნავით სეირნობისას დაივიწყებ დღის, დიდი ქალაქისთვის დამახასიათებელ, ხმაურს და მთლიანად ეძლევი რომანტიკას, ნაზ გრძნობას.
  თერმეტ საათს ბევრი აღარაფერი უკლდა ზურაბმა ნავი ნაპირზე რომ მოაცურა. მან და მისმა მეგობარმა გურამმა ნავს ნიჩბები მოხსნეს, ჩააბარეს და ნელი ნაბიჯით გამოვიდნენ
პარკიდან. მშვენიერი ღამე იდგა.ისეთი, რომელზედაც იტყვიან: "ასეთი ღამე ძილში გაატარო ცოდვაა"-ო. მეგობრებს არ სურდათ ღამეულ პარკთან გამომშვიდობება, მაგრამ გვიანი იყო და პარკი თანდათანობით იცლებოდა. მათ ძალაუნებურად უნდა დაეტოვებინათ პარკი და წასულიყვნენ. ამ დროისათვის მოსკოვის მშვენება, გორკის ქუჩა თავისი ცხოვრებით ცხოვრობდა. ადამიანები აქ ჯერ კიდევ საკმაოდ იყვნენ. ვინ კინოდან, ვინ თეატრებიდან გამოსულები სახლებში მიიჩქაროდნენ. იძინებდა მოსკოვი.
  ზურაბი და გურამი მეორე დღეს დილიდანვე უნდა გამოცხადებულიყვნენ მოსკოვის "ლოკომოტივის" სტადიონზე, სადაც სამი ათას სხვა ჭაბუკებთან და ქალიშვილებთან ერთად გადიოდნენ წვრთნას საბჭოთა კავშირის ხალხთა მეორე სპარტაკიადაში მონაწილეობის მისაღებად. თავისუფალი ვარჯიში, რომელსაც ეს ახალგაზრდები ეუფლებოდნენ საკმაოდ რთული და მრავალფეროვანი იყო. მათ წილად მოდიოდა სპარტაკიადის გახსნა. ყველას სურვილი იყო პირველი ადგილი დაეკავებინათ მასობრივ სანახაობათა შორის. სპარტაკიადის გახსნამდე ერთი კვირაღა იყო დარჩენილი. მიდიოდა უკანასკნელი შემოწმებები. ვარჯიში დილის შვიდი საათიდან იწყებოდა და ორ საათამდე
გრძელდებოდა. სადილობის შემდეგ ახალგაზრდები დროს მოსკოვის შესანიშნავ პარკებში და ბაღებში ატარებდნენ. ქართველ ახალგაზრდებს უპირველესად მავზოლეუმის ნახვა სურდათ, სადაც ლენინთან ერთად სტალინიც ესვენა. ათვალიერებდნენ კრემლის ღირსშესანიშნაობებს, "მეფე ზარბაზანს". ესწრებოდნენ სპორტულ სანახაობებს. აწყობდნენ კოლექტიურ დასწრებებს კონცერტებზე.
  ზურაბმა და გურამმა სწრაფად ივახშმეს და ტანსაცმელი გამოიცვალეს. ახალგაზრდები ჩქარობდნენ. დღეს საღამოს მათ პირველი პაემანი ჰქონდათ დანიშნული. გოგონებთან ერთად კინოში უნდა წასულიყვნენ. დანიშნულ დროზე მაინც ვერ მივიდნენ, რადგან გზა აერიათ.
  გოგონები უქვე ელოდნენ.
  _ გზა ხომ არ აგებნათ, ჭაბუკებო?_მიმართა ერთ-ერთმა მათგანმა, რომელიც სითამამით გამოირჩეოდა.
  _ არა, ტანია, ჩვენ სახლიდანვე გვიან გამოვედით. _ უპასუხა ზურაბმა და გოგონებს ხელი ჩამოართვა.
  _ წავიდეთ, თორემ იქნებ ბილეთებს ვეღარ მივუსწროთ_ წარმოსთქვა გურამმა და მოახლოებული ტროლეიბუსისკენ გასწია. ყველა ჩასხდა. საბედნიეროდ ბილეთები შეხვდათ. გურამმა ოთხი ბილეთი აიღო და კინოში შევიდნენ. კინოსურათის დამთავრების შემდეგ ჭაბუკები გოგონებს გამოემშვიდობნენ და მეორე დღისთვის სპარტაკიადის გახსნაზე დაპატიჟეს.


 თენგიზ ზურაშვილი



 
   
 
Этот сайт был создан бесплатно с помощью homepage-konstruktor.ru. Хотите тоже свой сайт?
Зарегистрироваться бесплатно