თენგიზ ზურაშვილის ლექსები და მოგონებები
  აღმაფრენა
 






სიღნაღი,
სიყვარულის ქალაქი

სულის აღმაფრენა


   ინსტიტუტის კიბეებზე სწრაფად ჩამოირბინა. აღელვებისგან ღრმად სუნთქავდა. მხიარული სახით დაეშვა გმირთა მოედნისკენ. მზე უხვად ფენდა სხივებს ირგვლივ. დღევანდელი დღე მისთვის ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი დღე იყო. ერთი სული ჰქონდა ყველასთვის გაეზიარებინა თავისი სიხარული. სახლში მიიჩქაროდა. თან მეგობარზე ფიქრობდა. ერთად აბარებდნენ უმაღლეს სასწავლებელში. მხოლოდ სიებსღა ელოდნენ. და, აი, ეს დღეც დადგა. თენგიზი დღეიდან სტუდენტად ითვლებოდა. ახლა მთავარი იყო, რა ქნა მისმა სეხნიამ. მოხვდა თუ არა ისიც. თუ ჩაირიცხა, სიხარული ორმაგი იქნება. სახლამდის ისე მივიდა, არ გაუგია. სწრაფად შეირბინა სახლში. დედა, ქალბატონი ზინა, შინ დახვდა. მის სახეს მხიარულება ეთყობოდა. თანაც კითხვის გამომხატველი მზერა მიაპყრო ერთადერთ შვილს. მის მეტი არავინ ჰყავდა. ქმარი ომში დაეღუპა და მხოლოდ თენგიზი იყო მისი იმედი და ნუგეში. მარტომ აღზარდა და მის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ნამდვილი კეთილშობილი ახალგაზრდა გამოიყვანა. დედის გულმა იგრძნო შვილის სიხარულის მიზეზი, მის თვალებში ამოიკითხა მისი გულის თქმა და პირველი თვითონ შეეკითხა:
  _ თენგიზ, შვილო, შენ ისეთი მხიარული ხარ, რომ ნამდვილად ჩაირიცხე ინსტიტუტში. გული მიგრძნობდა და ასეც მოხდა.
  _ დღეს იყო სიები, დედა, და იქ ჩემი გვარი, თენეიშვილიც ეწერა.
  ზინამ შვილს სტუდენტობა მიულოცა.
  _ შენ იცი, შვილო, რომ მეც შემიძლია გახარო ერთი ამბავი? აბა, Tუ გამოიცნობ, რა უნდა გახარო?
  _ ახლა ყველაზე მეტად გამახარებს თენგიზის ამბავი _სწრაფად მიუგო შვილმა _ ნეტავ როგორაა მისი საქმე. თუ სწორედ მისი ამბავი უნდა მახარო დედაჩემო?
  _ სწორედ მისი. აქ იყო და სთქვა, რომ მოხვდა უნივერსიტეტში და შენთან წამოვიდა, შენი ამბის გასაგებად. ალბათ აცდით ერთმანეთს.
  _ გმადლობთ, დედაჩემო. ყოჩაღ, ძმაო. აი, მეგობრობაც ამას ჰქვია. ჩვენმა მეცადინეობამ უქმად არ ჩაიარა.
  _ შვილო, თენგიზმა დაგიბარა, თუ ინსტიტუტში ვერ ვნახავ, ჩემთან მოვიდესო. ალბათ სახლში გელოდება.
  თენგიზის აღფრთოვანებას საზღვარი არ ჰქონდა. ეჩქარებოდა მეგობრის ნახვა. მთელი გაზაფხული და ზაფხული ერთად ემზადებოდნენ გამოცდების ჩასაბარებლად პიონერთა სასახლის ბაღში. მისი სეხნია, თენგიზი, პიონერთა სასახლის მიმდებარედ, ჩიტაძის ქუჩაზე ცხოვრობდა. მეცადინეობით რომ დაიღლებოდნენ, ბაღში სეირნობდნენ. სტკბებოდნენ ლამაზი ხეივნის ცქერით. შემოღობილში შველები იყვნენ. ყველაზე მეტად მაინც ერთი მამალი ართობდათ. შემოღობილს მიუახლოვდებოდნენ თუ არა, მამალი მაშინვე საჩხუბრად ემზადებოდა და ნისკარტით უმასპინძლდებოდა თავდამსხმელებს. დასვენების დრო გავიდოდა და მეგობრები სირბილით მიაშურებდნენ წიგნებს. ორი, ერთმანეთთან ახლოს მიდგმული სკამი უწევდათ სკამების და მაგიდების მოვალეობას. დღის განმავლობაში მხოლოდ საჭმლის გამო სტოვებდნენ ბაღს. გვიან საღამოს კი რუსთაველის პროსპექტზე სეირნობდნენ, ანდა ფუნიკულიორზე ადიოდნენ. თენგიზს ახლაც მოუთმენლობა იპყრობდა. სურდა, რაც შეიძლება მალე ენახა მეგობარი, რათა მათებურად გაეტარებინათ ეს საღამო. ავტობუსიდან სწრაფად ჩამოვიდა. სულმოუთქმელად აირბინა კინო "რუსთაველის" მიმდებარე აღმართი, გადაკვეთა რუსთაველის პროსპექტი და შეუყვა ჩიტაძის ქუჩას. თენგიზი სახლში მარტო დახვდა. მეგობრის მოლოდინში მასაც აღელვება ეტყობოდა. დანახვისთანავე მიახალა:
  _ თენგიზ, ხომ ჩაირიცხე?
  _ ჩავირიცხე და შენც გილოცავ სტუდენტობას, დედაჩემმა მითხრა. მეგობრები ერთმანეთს გადაეხვივნენ.
  _ რამდენიმე დღეც და სწავლაც დაგვეწყება. ახლა კი წავიდეთ, გავისეირნოთ. ეს საღამო უნდა ავღნიშნოთ.
  _ მოიცა, _ მიმართა დამხვდურმა, _ აღნიშვნით ახლავე ავღნიშნოთ. მერე კი გავისეირნოთ. სიღნაღიდან ისეთი ღვინო მაქვს ჩამოტანილი, რომ უსათუოდ მოგეწონება. პაპაჩემმა საგულდაგულოდ გამომატანა. გული თუ უგრძნობდა.
  სწრაფად გააწყეს სუფრა. კახური, ვაქირული ღვინით სავსე ჭიქები ერთმანეთს მიუჭახუნეს. ერთმანეთს სტუდენტობა მიულოცეს. მეგობრობის, სწავლისა და მომავალი საქმიანობის სადღეგრძელოები დალიეს. საღამოთი კი ფუნიკულიორის აღმართს შეუყვნენ ფეხით.
  წყნარი საღამო იყო. ოდნავ მქროლი ნიავი, რომელსაც სიმაღლის მატებასთან ერთად ძალაც ემატებოდა, სასიამოვნოდ ეალერსებოდათ სახეზე. მამადავითზე მყუდროება იყო გამეფებული. ქართველ მამულიშვილთა განსასვენებელს საღამოს ბინდი ეფარებოდა. მზე ჩავიდა. ცაზე ცეცხლწაკიდებული ღრუბლის ქულა ეკიდა ობლად. თითქოს გაქცევა უნდოდა, მაგრამ მზისგან მოჯადოებული და მის სხივებში გახვეული, ერთ ადგილზე გაჩერებულიყო. მზის სხივებს თანდათანობით ძალა ეკარგებოდა და ღრუბლის ქულაც წყვდიადში ინთქმებოდა. ამასობაში ნამგალა მთვარეც ამოცურდა ცის კაბადონზე. მეგობრები ამასობაში ფუნიკულიორის პლატოზე იყვნენ ასული და მაღლიდან დასცქეროდნენ თბილის ქალაქს.
  _ თენგიზ, ძმაო, რამდენჯერაც არ უნდა გადახედოს ადამიანმა ჩვენს ქალაქს, ყოველთვის რაღაც ახალს აღმოაჩენს მასში. თითქოსდა დაულეველი განძი აქვს ჩაბუდებული გულში და ყოველთვის ახლად ეჩვენება თვალს. ზღაპარია ჩვენი თბილისი. შეხედე ვარსკვლავების ციმციმს და შემდეგ ჩვენს ქალაქს გადახედე. იქ, მაღლა, უსასრულობაა, წყვდიადია. აქ კი ციმციმა ელნათურების გარდა, რომლებიც არანაკლებ ლამაზები არიან ვარსკვლავებზე, ხალხის გულებია. ახლა ქალაქის ყველა ქუჩაში ერთი ამბავია, ფუსფუსია, მოძრაობაა. და, რა ქარგია იმის შეგრძნება, რომ შენ ამ ხალხს ეკუთვნი, მისი შვილი ხარ და ვალი გაქვს მის წინაშე შენი აღზრდისთვის. ერთხანს მეგობრები უსითყვოდ იდგნენ და სტკბებოდნენ მშვენიერი ქალაქის ცქერით. ელნათურები კარგა ხანია ანთებულიყვნენ და მზის ამოსვლამდე მორიგეობდნენ. მტკვარი, ბრდღვიალა ნათურებით გაჩირაღდნებული, ზანტად მიემართებოდა, თითქოს ენანებოდა ქალაქის დატოვება. რუსთაველის პროსპექტი ერთ ცოცხალ ზოლად გაჭიმულიყო, რომელსაც გვირგვინივით ამშვენებდა მთავრობის დიდებული შენობა.
  _ მართლაც და, რა უნდა იყოს ადამიანი, რომ ყველაფერი არ მოიმოქმედოს თავისი ხალხისთვის, ასე ლამაზი სამშობლოსთვის. შთაგონების წყარო ხარ, ჩემო ქვეყანავ, ჩემო საქართველოვ _ ამოსთქვა სეხნიამ და მეგობარს მხარზე ხელი დაადო _ ჩვენ ახლა უფრო მეტი ძალა და ენერგია გვმართებს ჩვენი მიზნების განსახორციელებლად. დღეიდან ჩვენს წინაშე ცხოვრების ფართო ჰორიზონტი გადაიშალა. და, მე მინდა ეს წყნარი ღამე იყოს მოწამე ჩვენს გულში დატრიალებული ქარიშხლისა, რაც ასე ნაზ ფერებში გამოიხატა. ხალხისთვის, სამშობლოსთვის სამსახური, ეს სიცოცხლეა, სავსე ათასი გზის ბრძოლებითა და გმირობებით სავსე. მე მჯერა, რომ ჩვენ ახალი დროის შვილები ვართ. ეს დრო კი ბედნიერებას არც ჩვენ და არც ქართველ ხალხს თავისით არაფერს მოგვიტანს, ბედი თავისით არ მოგვიკაკუნებს კარებზე. ჩვენ ჩვენი მოქმედებით უნდა ვაიძულოთ იგი განეწყოს ჩვენდა სასიკეთოდ, ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ. და ჩვენ უნდა შევძლოთ ეს. მეგობრები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ.
  _ თენგიზ, მეგობარო, მომეცი ხელი. ერთად ვიაროთ ცხოვრების გზაზე. დავგმოთ მხოლოდ სიცოცხლე სიცოცხლისთვის. დაე ყველამ ვიცხოვროთ, ვიცხოვროთ ისე, რომ უკან დარჩენილი წლების არ გვრცხვენოდეს, რომ ვინ სულ ახალახალ სიხარულს და ბედნიერებას ვხედავდეთ, ვგრძნობდეთ და თვითონ ვიყოთ ამ ბედნიერების შინაარსის გამომხატველნი.
  პარკის სიღრმიდან მუსიკის ხმები ისმოდა. საცეკვაოს უკრავდნენ. ისმოდა ახალგაზრდების სიცილ-კისკისი და ჟრიამული. მეგობრებმა ერთხელ კიდევ გადახედეს ღამის ქალაქს და შეუერთდნენ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც პარკის სიღრმისკენ მიემართებოდნენ.


თენგიზ ზურაშვილი



 
   
 
Этот сайт был создан бесплатно с помощью homepage-konstruktor.ru. Хотите тоже свой сайт?
Зарегистрироваться бесплатно