თენგიზ ზურაშვილის ლექსები და მოგონებები
  ლექსები
 







სიღნაღი,
სიყვარულის ქალაქი










სამშობლო მხარეს


ჩემი სამშობლოს ბუნების შვილი,
მის მთებს და ველებს ვუმღერი მუდამ,
ვითარც სატრფოზე შეყვარებულსა,
ჩემს გულს იმისი შექება უნდა.

ან როგორ გავძლო, რომ არ ვუმღერო
ჩემს საქართველოს აღორძინებას,
ჩემო თბილისო, ტურფა ქალაქო,
შენს გაშენებას და შენს დიდებას.

გიჟი არაგვის შემოძახებას,
ტკბილად მკვნესარე, მწყემსის სალამურს,
ყანებში ჰოოპუნას ძახებას
და მოჩუხჩუხე წმინდა ნაკადულს.

კავკასიონის უღელტეხილებს,
ნაპრალის თავზე ჯიხვების რქენას,
ცამდის აზიდულ პირქუშ მწვერვალებს,
თუ გაზაფხულზე მდინარეთ ცქერას.

კახეთში ღვინის ქვევრებს და მარნებს,
ქართლის უტკბილეს თურაშაულებს,
შირაქის ველზე ბიბინა ყანებს,
თუ მწვანე ჩაის ხასხასა ბუჩქებს.

ჭიათურაში შავი ოქროს მთებს,
ტყვარჩლის ქვანახშირს, მის ულევ მადნებს,
რუსთავის ფოლადს, მეფოლადეებს,
მათ შრომისათვის თავდადებულებს.

და, საქართველოვ შენი ბუნებით,
ზურმუხტის თვალო, ოქროს ბადახშში,
შენი საქმით და შენი დიდებით,
მთელ მსოფლიოში ცნობილი გახდი.

შენში აღზრდილან ბუმბერაზები,
ქართველთ ღირსება – შოთა რუსთველი,
ილია, ვაჟა, გრიგოლ, აკაკი
და ჩვენი საბა, ბრძენი ქართველი.






ძმებო, მისმინეთ

ახალგაზრდებო! ზეასწიეთ,
დანისლული წამწამთა ჩერო,
გამოიხედეთ,
ნუ გრცხვენიათ ნაღვლიან თვალთა.
გულისტკივილი,
სამდურავი ჩვენს ცხოვრებაზე,
უტოპიაა,
პესიმიზმი, ალთა და ბალთა.
გამოიხედეთ,
ჰა, შეხედეთ რა რიგად ბრწყინავს,
მზე დიდებული,
სიცოცხლეზე შეყვარებული,
რა რიგ აშუქებს
არემარეს ნაზი მთოვარე,
თვითონ მიჯნური
მიჯნურთათვის სული და გული.
ახალგაზრდობავ,
გულით რკინავ, აზრით მახვილო,
ნათელ ცხოვრების
ბედნიერო შთამომავლობავ,
სიცოცხლის ძენო,
სიცოცხლისთვის აზრად ქცეულნო,
ახალგაზრდობავ,
სიჭაბუკევ, ჩვენო დიდებავ.
გენიის ზღვარი
ჩვენს ფართო გზას ვერ გადაკვეთავს,
ვერ შეაჩერებს
ახალგაზრდულ ამგზნებარებას,
სიცოცხლემ გვშობა,
მისი სიბრძნე წინ მიგვიძღვება
ვერა ვერ დასძლევს,
ჩვენს ჭაბუკურ აბობოქრებას.
ძმებო მისმინეთ!
მე ხარხარა სიტყვებს არ ვეძებ,
ჩემი სიტყვები,
ჩემი გულის მონაწურია,
გვეყო იქ ყოფნა,
სადაც გული აღარ ჩერდება,
თავისუფლებას,
კეთილ სიტყვას მონატრულია.
გესმით ძახილი?
ჩვენი ტურფა სამშობლო გვიხმობს,
ჩვენი კეკლუცი
საქართველოს ძახილი გვესმის,
გვეძახის დედა,
გვეძახიან მთები და წყლები,
სატრფო მოგვიხმობს
მისი გულის ძახილიც გვესმის
მაშ რაღად ვიყოთ
ჩვენ უგნურთა გამომსახველნი,
იმას რატომ ვიქმთ
რაც არაა სანდო, კეთილი?
ნუ დავივიწყებთ
სამშობლოა უმრწმესი ნება
და სამშობლოსთვის,
სამშობლოსთვის ვართ გაჩენილნი.





ნათელი მომავალი

საქართველოს დღე ნათელი მოდის და
ცისკიდური ვარსკვლავებით ივსება,
საქართველოს იდეალი იმარჯვებს,
ვარსკვლავები, ვარსკვლავები მუქდება,

"ეს თაობა ბედნიერად იცხოვრებს".
ამას ამბობს ჩვენი ბრძენი ხალხია
სულ ცოტა დრო, სულ ცოტა დრო გვჭირდება,
უკვე მოჩანს წინ სამოთხის კარია.

წინ გვესახვის მომავალი დიდების,
ბედნიერი და ლამაზი ცხოვრება,
ხალხის სიბრძნე მომავალშიც გვისარდლებს,
მისი სიბრძნე მის საქმეში ვლინდება.

ჩვენ გვინდა, რომ სილამაზეს ვუმღეროთ,
უიმისოდ ჩვენი გული მკვდარია,
ხალხთა შორის მეგობრობას ვუმღეროთ,
სიკვდილი მას, ვინც მშვიდობის მტერია.





ჩემს მეგობარს
ვუძღვნი ლერი ჯოხარიძეს

გულში ცეცხლის ბუღი მედგას,
მტერი მყავდეს გარსმომდგარი,
თავს გავწირავ, თავს გასწირავს,
მეგობრისთვის მეგობარი.

მეგობარი _ და ეს სიტყვა
ისმის როგორც დიდი ძალა,
მასზედ ქება ბევრი ითქვა,
ბევრს სიცოცხლე გამოსძალა,

და მეც მსურს რომ ქება გიძღვნა,
ქება გიძღვნა კარგზე კარგო,
თვით ეს გულიც კი მოგიძღვნა,
ჩემო ტკბილო მეგობარო.

შენი აზრი, ხასიათი,
მისანდობი, წრფელი გული,
სიტყვის ფასი ასჯერ-ათი,
უნაკლული, მართლად თქმული.

რა სიტყვები დაგიწერო,
რა გამოსთქვამს გულში ნადებს,
ლექსთა წყობით რა გიმღერო,
როცა გული თვით ღაღადებს.






                        მამაო, ჩვენო!

მამაო, ჩვენო! კაცის გული ბოღმას მოუცავს,
სიკეთის ძირი სხივად მოსჩანს მის ქმედებაში,
ბოროტის ჩრდილში, ჩრდილად ქცეულს შველა სჭირდება
ჰა, სასოებით გევედრებით გვეცი ნუგეში.

სიკეთისა და ბოროტების ზღვარზე სიარულს
დასაბამიდან მიეჩვია ადამიანი,
დღეს აღარ ძალგვიძს თვითქმნადობით ვიქცეთ ისეთად,
რასაცა ჰქვია ჭეშმარიტი ადამიანი.

ქმნილი სიკეთე ხშირად გვეზღვის ვით ბოროტება,
თითქოს წადილი ჩვენი იყოს სწორედ ამგვარი,
ბოროტის წილ კი, ხან სიკეთე გამობრწყინდება,
ღმერთო, გვითხარი, ეს რად ხდება, ასე რად არი?

ღმერთო, მაღალო! თუ სიკეთე და ბოროტება
სისხლ-ხორცეულად მატერიის არის თვისება,
თუ სიკეთის გზა ბოროტების სავანეს ერთვის,
ბოროტება კი თუ სიკეთედ წარმოჩინდება,

მაშინ რაღა ჰქნას ადამის ძემ სულის ხსნისათვის,
რა გზას დაადგეს _ ბოროტისას თუ სიკეთისას?
ხვედრი ერთია: უნდა იშვას, რათა ის მოკვდეს
და უნდა მოკვდეს, რათა იგი ხელახლა იშვას??!

საოცარია! დასაბამით ძებნა სულისა...
ნუთუ ესაა ჩვენი ყოფის ანი და ბანი?
როგორ და რა გზით მოვიპოვოთ ჩვენ სული ღვთისა,
გაორებულნი როგორ გავხდეთ ადამიანი?

მამაო, ჩვენო! რად არ ძალგვიძს თვალი ვადევნოთ,
კეთილი თესლის ამ საოცარ ფერისცვალებას?
ნუთუ ხვედრია სიცოცხლისა _ სიტკბო, სიმწარე?
როდის მოეღოს ბოლო კაცის ტანჯვა-წამებას?







თბილისი

მზემ ვარდისფერი შუქი მოჰფინა,
ჩემს დედაქალაქს, მშვენიერ თბილისს,
სხივთა ელვარე ფრთები გაფინა
და დღე დაიწყო ლამაზი დილის.

გაზაფხულია, თვეა მაისის
და მოციგლიგე სიო მიბერავს,
მწვანე სამოსი, ბუნება ჰყვავის,
მტკვარი ბუტბუტით, ნელად მოღელავს.

სახენათელი და ბედნიერი,
თბილისი ახალ დიდების გზაზე,
შარავანდედის შუქით მოსილი,
სიმღერებს ამბობს მშვენიერ ხმაზე.
                   *   *   *
ამოიწვერა მზე სხივოსანი,
მთაწმინდას შუქი მიმოაფინა,
ოქროს ვარაყი გარს შემოავლო,
მყუდრო სავანე გამოაჩინა.




მე გომბორის მთებს გადავცქერი

მე გომბორის მთებს გადავცქერი, გომბორზე მდგარი,
და ერთმანეთში ჩაგრეხილი მთები მხიბლავენ,
აქ ამოვსულვარ რომ ვიხილო დილის ზღაპარი,
ვნახო მნათობი მობრდღვიალე, დილა ბრწყინვალე.

გომბორის მთიდან შორით მოჩანს კავკასიონი,
ალაზნის ველი, საოცრება ჯერ არ ნახული,
ედემის ბაღად აღსაქმელი მშვენიერება
და სიყვარულით, სიყვარულით მევსება გული.




 

      როცა გულში ჩიტუნა ჭყივის

ოხ, რა კარგია ბედნიერი გულის ძახილი,
რა კარგი არის სიჭაბუკე და სიყვარული,
ოხ, რა კარგია როცა გულში ჩიტუნა ჭყივის,
რა კარგი არის როცა გიმღერს სული და გული.

მე აღმაფრენის და სიცოცხლის წყურვილი მახრჩობს,
მინდა ვარსკვლავთა უსიერ ტყეს მეც გავერიო,
მინდა, ო, მინდა სიყვარულმა ფრთები შემასხას,
მინდა ამ ქვეყნად ბედნიერთა რიცხვში ვერიო.




ხის ქვეშ ვიდექით

ხის ქვეშ ვიდექით,
წვიმის თქერი თავს დაგვდიოდა,
ვერ აკავებდნენ
ხის ფოთლები თავდახრილები,
ვიდექით ასე,
დიდხანს, დიდხანს, მზე ჩადიოდა
და წვიმის ღრუბელს
შენთებოდა ცეცხლის ალები.
ქარი არ ქროდა
და ღრუბელიც იდგა ერთ ადგილს,
კუპრივით შავი,
თან პატარა, თანაც მრისხანე,
როგორ მოვიდა
გვირგვინად რომ გადიქცა ამ დღის
და აღარც წასვლას
აპირებდა თურმე იმ ღამეს.
მზე ჩადიოდა,
სხივები კი შენთოდა ღრუბელს.
მცირე ხანიც და,
დღის ნათელი მიეცა სულ ბნელს.
წვიმა კი სცემდა,
წვიმა გვცემდა ჩახუტებულებს,
მაგრამ ჩვენ ვგრძნობდით
მხოლოდ ორ გულს-შეყვარებულებს,
და მთლად სველები.
კვლავ ვიდექით ერთად იმ ხის ქვეშ.






 ატირებულან


ღამეა მშვიდი და ვარსკვლავები
ცაზე ჭაღებად დაკიდებულან,
დედამიწაზე კი ორი გული
ორივე ერთად ატირებულან.

აღარც ბულბულის გაისმის სტვენა,
აღარც ვარდების სურნელი იგრძვნის,
მთლად მყუდროება გარემოცულა
და ნიავიც კი აღარსად იძვრის.

მთიდან მომსკდარი მდინარეებიც
თითქმის ყველანი დადუმებულან,
და ორი გული, ტანჯულნი მწარედ,
ორივე ერთად ატირებულან.

მყუდროებაში იდუმალება,
თითქოს ორივეს ერთად ანიშნებს
გიღალატაო "იმან შენა" და
"მან კი შენაო" თანაც აშინებს.

და ორმა გულმა ვეღარ გაუძლო,
ვეღარ გაუძლო ატირებულან,
ზღვაში ტალღები გაჩერდნენ, დადრკნენ.
დადრკნენ და თითქოს გაყუჩებულან.

იდუმალება რაღაც სატანად
წარმოსახული ამ წყნარ ღამეში,
ორი მიჯნურის გულს ღალატობდა
და მათ აბამდა თავის ბადეში.

სატანა იგი გამარჯვებული,
აქეთ და იქით დაჰქროდა ცაში,
თვით ბოროტება და მძულვარება
შეიგრძნობოდა იმის ტკბილ ხმაში.

გარე სიბნელით გარემოცული,
ამ სიბნელეში ჰპოვებდა ბინას
და არ ელოდა გათენებამდე
შეაწუხებდა თუ ვინმე იმას.

მაგრამ მნათობი, ღამის გუშაგი,
თავს წამოადგა მრისხანე სახით,
გზები მოუჭრა შუქთა ბღუჯებით
და შიგ გაგუდა მისივე მახით.

ღამის გუშაგმა, თვითონ მიჯნურმა,
მიჯნურთა გულებს მიუალერსა,
ცრემლი მოსწმინდა, შეყვარებულებს
შუქი ჩაუდგათ, მისმა ალერსმა.

და ბულბულებმაც იწყეს გალობა,
მთიდან მდინარეთ იწყეს დგრიალი,
ტალღამ, ტალღაზე იწყო ჯახება,
ხეთა ფოთლებმაც მორთეს შრიალი.

მიჯნურთა გულებს დაუდგათ ლხენა,
მათ ბაგეებზე აკვდათ ღიმილი,
ამბორი, ხვევნა, ტკბილი სიმღერა
და გულთა უტყვი, ჩუმი სიცილი.






სიჩუმე!

ვარსკვლავთ ციმციმი და ბნელი ღამე
ცის მყუდროება ძირს ჩამოსულა,
არსაიდან ხმა, მხოლოდ სიჩუმე,
ღამის მნათობიც არ ამოსულა.

სიჩუმე ირგვლივ, მხოლოდ სიჩუმემ
დაისადგურა ქალაქის თავზე,
თითქოს გამწყდარა ყველა სულდგმული,
სიჩუმე მეფობს მთაწმინდის მთაზეც.

მტკვარიც ნანასებრ აღარ მომღერის,
მასაც თუ აკრთობს ეს მყუდროება
და სიჩუმეში კრთომით მდინარის,
მხოლოდ ჩურჩული შემოგესმება.

მთვარე აცურდა ცისფერ გუმბათზე,
შუქმფინარ სახით მიწას აშუქებს
და შეყვარებულთ ქურდულ მზერისთვის,
ვით ტყვედ ჩავარდნილთ კოცნით აბრუებს.





 იქ სიცოცხლეა

რას ვეტრფი ქვეყნად, უმეცრების სასუფეველში
ერთი ყნოსვისთვის ვარდს ვერ ნახავ რომ მოგენატროს,
გული ისეთად წარმოსდგება... ვით ძაღლის ლეში,
რომ ვერარიგად ვერ მიუძღვნი გულისა სატრფოს.

დღე ერთია და ღამე ათასი და სიცოცხლეც
ამ ერთ დღეშია ვით ობოლი გამოკეტილი,
ბნელი ღამენი მის სავანეს გარს მოსჯარიან
ბორკილ დადებულს საწუთრო აქვს მობეზრებული.

ასეთ ყოფაში, ასეთ კვდომას და მოსვენებას,
იქნებ სჯობია, რომ გადავწვდეთ ბნელეთის ძალებს
და თუ ვერ შევძლებთ მათ დაჩაგვრას, მათ დამარცხებას,
ვაჟკაცად კვდომა ჩვენ გაგვიღებს სამოთხის კარებს.

მაშ დასცხეთ, ჩქარა, დე ნათელ შუბლებს
ლაქა წითელი, სისხლის კვალი ზედ დაემჩნიოს:
ოღონდ მახილა მტკიცე ხელში ელვარე ხმალი
და მერე თუნდაც გულს სიკვდილის კვალი ემჩნიოს.

მაშ წინ გავწიოთ! იქ შუქია, სინათლის სხივი,
ვარსკვლავთ ციმციმი, მზის ნათება, მთვარის ღიმილი,
იქ იადონი, ტკბილ ჰანგებით დაგვიტკბობს სმენას,
იქ სიცოცხლეა, სიჭაბუკე, აზრთა ჭიდილი.







გაზაფხულია

კვირტმა გაშალა ნაზი ფურცლები,
გარს სურნელება მიმოაფრქვია,
ბუნება ათას ფერად აყვავდა,
გაზაფხულია, გაზაფხულია.

ბულბული ვარდზე ანამღერები
თვისი გალობით ატკბობს მიდამოს
და მგზნებარებით ტკბილი მგოსანი,
გრძნობის უნაზეს სიმსაც კი ამობს.

სიცოცხლე სიტკბოდ გადაქცეულა,
უძლევი ხელის მძლავრი თრიალით,
თერგს სწორუპოვარს მიმსგავსებია,
ცხოვრება თავის ჩარხის ტრიალით.

მომავლის შუქი მზისებრ კაშკაშებს,
სხივით ნანთები ჩირაღდანია,
უბრწყინვალესი, სპეტაკი აზრის,
გაზაფხულია, გაზაფხულია.

გაზაფხულია დიადი ფიქრის,
ზეაღმაფრენი სილამაზისა,
უკვდავი გრძნობის, მარად ცოცხალის,
აზრის ნათელი სიყვარულისა.




ადამიანი


ადამიანი! რა მაღალი გრძნობის ფარდაა,
ფარდა, რომელსაც არ აჩნია არსად ნაკერი,
ბედნიერების, სიჩაუქის აღმაფრენაა,
მარადი გრძნობით, უკვდავებით უხვად ნაფერი.

ადამიანი _ განცდა არის უნეტარესი,
ადამიანი _ სიტურფეა და სილამაზე,
სიყვარულია, მის გრძნობათა გამომხატველი,
ჭეშმარიტება არის მისი უტყვი სინაზე.
































 
   
 
Этот сайт был создан бесплатно с помощью homepage-konstruktor.ru. Хотите тоже свой сайт?
Зарегистрироваться бесплатно