სიღნაღი,
სიყვარულის ქალაქი
იქ სიცოცხლეა
რას ვეტრფი ქვეყნად, უმეცრების სასუფეველში
ერთი ყნოსვისთვის ვარდს ვერ ნახავ რომ მოგენატროს,
გული ისეთად წარმოსდგება... ვით ძაღლის ლეში,
რომ ვერარიგად ვერ მიუძღვნი გულისა სატრფოს.
დღე ერთია და ღამე ათასი და სიცოცხლეც
ამ ერთ დღეშია ვით ობოლი გამოკეტილი,
ბნელი ღამენი მის სავანეს გარს მოსჯარიან
ბორკილ დადებულს საწუთრო აქვს მობეზრებული.
ასეთ ყოფაში, ასეთ კვდომას და მოსვენებას,
იქნებ სჯობია, რომ გადავწვდეთ ბნელეთის ძალებს
და თუ ვერ შევძლებთ მათ დაჩაგვრას, მათ დამარცხებას,
ვაჟკაცად კვდომა ჩვენ გაგვიღებს სამოთხის კარებს.
მაშ დასცხეთ, ჩქარა, დე ნათელ შუბლებს
ლაქა წითელი, სისხლის კვალი ზედ დაემჩნიოს:
ოღონდ მახილა მტკიცე ხელში ელვარე ხმალი
და მერე თუნდაც გულს სიკვდილის კვალი ემჩნიოს.
მაშ წინ გავწიოთ! იქ შუქია, სინათლის სხივი,
ვარსკვლავთ ციმციმი, მზის ნათება, მთვარის ღიმილი,
იქ იადონი, ტკბილ ჰანგებით დაგვიტკბობს სმენას,
იქ სიცოცხლეა, სიჭაბუკე, აზრთა ჭიდილი.
გაფრინდა, სიცოცხლე გაფრინდა
გაფრინდა, სიცოცხლე გაფრინდა,
გაფრინდნენ ნანატრი ფიქრები,
ოცნება ზეცაში ავიდა,
ოცნების მორევში ვიმქრები.
ცხოვრების ბედითი ტრიალი,
ხალხის გულს განგებად ედება,
მათ ყოფის ამ ორომტრიალში,
ცხოვრება ათკეცად ძნელდება.
აზრის და სიცოცხლის დიდება,
განცდათა გულლაღი სიმღერა.
ვაგლახ, რა გულსადად გვიხდება,
სად არის სიცოცხლის დიდება?!
აფეთქებულან მშვენიერი გაზაფხულები,
მზე ლაჟვარდებში ოქროს სირმით მიიკვლევს გზასა,
გაზაფხულია, გაზაფხულის ბედნიერებით,
ქვეყნად ყოველი სულიერი დაიმჩნევს კვალსა.
გაზაფხულია, სულში ჩადგა შვების სიამე
ნაზ სიმფონიად მოეფინა გულს მისი ღელვა,
ზეცას ქუხილის ნაპერწკალი გამოეტაცა,
შუქმომფინარად გადმოენთო მიწაზე ელვა.
გაზაფხულდა, მზემ სხივები გვაფრქვია,
ხეთა ტოტნი, ყვავილთ ფარდამ დაფარა.
გაზაფხულდა, გულს ნათელი ეფინა,
ძარღვში სისხლი აჩუხჩუხდა ანკარა.
გადამწვანდა მთა და ბარი ხატულა,
ზამთრის ქურქი, ნაბდის ქუდს მსგავსებია,
შარშანდელი ნაზამთრალი ალვები,
ჭაბუკური გზნებით იქოჩრებიან.
გაზაფხულდა და სიცოცხლე მომწყურდა,
მასზე მეტად ვინემ ქურქში გახვეულს,
გაზაფხულდა, სიყვარულმაც იფეთქა,
ბევრჯერ ნახავთ ჭაბუკს ნაბიჯ არეულს.
კოკობ ვარდი თითქოს შენაფაკლები,
მაისის თვეს გაზაფხულს რომ ეწვევა,
მისი ღელვა, მისი სუნთქვა ყოველი,
გაზაფხულის სიკეკლუცეს ელევა.
რა ლამაზია ეს გაზაფხული
და რა ლამაზი მისი ბუნება,
ირგვლივ მიდამო გაცოცხლებული,
დამათრობლად სცემს ვარდს სურნელება.
მერცხლის ჟღურტული გვესმის ცისკარზე,
მახარობელს რომ ვეძახით ჩვენში,
ქუდმაკრატელა შემჯდარა ბანზე,
ბინას იკეთებს საქართველოში.
მთაწმინდას მწვანე ხავერდი ჰფარავს,
მამადავითიც ფართოდ ხსნის კარებს,
მტკვარი დუდუნით ტალღებს მიარღვევს,
ეს გაზაფხული მასაც ახარებს.
მაისის თვეა, ვარდის და იის,
ველს ყაყაჩოთა სიწითლე ფარავს,
ლხენა დამდგარა ზღვა სიხარულის,
ბუნება ლამაზ ხალიჩას ქარგავს.
კვირტმა გაშალა ნაზი ფურცლები,
გარს სურნელება მიმოაფრქვია,
ბუნება ათას ფერად აყვავდა,
გაზაფხულია, გაზაფხულია.
ბულბული ვარდზე ანამღერები
თვისი გალობით ატკბობს მიდამოს
და მგზნებარებით ტკბილი მგოსანი,
გრძნობის უნაზეს სიმსაც კი ამობს.
სიცოცხლე სიტკბოდ გადაქცეულა,
უძლევი ხელის მძლავრი თრიალით,
თერგს სწორუპოვარს მიმსგავსებია,
ცხოვრება თავის ჩარხის ტრიალით.
მომავლის შუქი მზისებრ კაშკაშებს,
სხივით ნანთები ჩირაღდანია,
უბრწყინვალესი, სპეტაკი აზრის,
გაზაფხულია, გაზაფხულია.
გაზაფხულია დიადი ფიქრის,
ზეაღმაფრენი სილამაზისა,
უკვდავი გრძნობის, მარად ცოცხალის,
აზრის ნათელი სიყვარულისა.
აყვავდნენ ნუშნი,
გაზაფხულმა გამოიხედა.
ნაზ ყვავილებში
ტკბილ ღიმილით გვითხრა სალამი,
ეშხიან ხმაზე
სიყვარულის ხმები გაისმა
და აფრიალდა
ბედნიერთა ტრფობის ალამი.
გაზაფხულია,
გაზაფხულის სურნელი გვათრობს.
გაზაფხულია,
მისი ეშხი, სიცოცხლე გვატკბობს.