შენ, მეგობარო, ჩემო კალამო
შენ, მეგობარო, ჩემო კალამო,
გავწიოთ ჩვენ წინ, ეკლიან გზაზე.
იქნებ დამადო გულზე მალამო
და ამამღერო ჩემს გულის თქმაზე.
კალამი, მასზედ ვინ არა მღერის,
კალმის გარეშე რა პოეტი ხარ?!
შენი არ ვიცი, შენ არ უმღერი,
მე კი იმისი მეგობარი ვარ.
უკალმოდ ვერა არ მისწავლია.
უმისოდ რითმაც არ მიწერია,
ის არის გულს რომ შვებას ანიჭებს
და გულის ნადებს ცეცხლებრ აკვესებს.
ჩემთან იყავი შენ, მეგობარო,
შენ ჩემი გულის თანაზიარო.
მოგონება
დაე, ვიყო მე ფიქრების მატიანე,
დაე, ვიყო ოცნებათა მხვნელ-მთესველი,
ჭაბუკის, მეგობრობის მოზიარეს,
მქონდეს გული სიხარულით დაუღლელი.
იდუმალ ხმას, შთაგონებას ვერ ავცდები,
მეგობრობის სადიდებელს შევსვავ თასით,
დავითვრები, დავიღლები ძველ განცდებში
და საზღაურს გადავიხდი თუნდაც ამით.
როს ვარკვლავნი ცაზე მკრთალად ციმციმებდნენ
და როს მთვარე ქურდულ სხივებს გვფენდა მაშინ,
როცა გულში სიჭაბუკის ცეცხლი გვენთო,
აღმაფრენის დრონი იყო ჩვენთვის მაშინ.
კარგი იყო რაც წავიდა, რაც დავტოვეთ,
და რაც ჩვენში იწვევს უტკბეს მოგონებას,
მაგრამ გული არ აპირებს, რაც დავტოვეთ,
მისგან წასვლას, სამუდამოდ განშორებას.
ჩვენი სკოლის მეგობრობის მოგონება,
ჩვენს ადგილზე ხის ხმლიანთა შერკინება.
საღამოთი ნაცნობ სკამზე შემოკრება.
ტკბილ ბაასში დაღამება და ოცნება.
ვერვინ იტყვის, ბევრი ვერვინ დაიკვეხებს.
მეგობრობა თუნდაც სწამდეთ ჩვენზე მეტად,
რომ მათ მიერ ნაფიქრი და ნააზრევი,
შეედაროს ჩვენსას, თუნდაც ერთით მეტად.
ეხ, სად გამიქერ ბავშვობის წლებო
ეხ, სად გამიქერ ბავშვობის წლებო,
ტკბილო ოცნებავ, დედის ალერსო,
საით წახვედით მოგონებებო,
გული დარდებით რატომ ამევსო?
განა არ სჯობდა ვყოფილიყავ სულ მუდამ ბავშვი,
თანატოლებთან მეთამაშა, მათთან მერბინა,
ჩემს მეგობრებთან განუყრელი ვყოფილიყავი
და ხის ხმლიანებს მთა და ბარი შემოგვერბინა?
განა არ სჯობდა? რატომ მოხდა ყოველივე ეს,
თქვენ გაღმით დარჩით, მე კი აქეთ გამოღმა ვდგავარ,
არ იფიქროთ კი, თითქოსდა მე ასედაც მსურდეს,
"ეხ, მეგობარნო, მოგონებავ..." _ გავიძახივარ.
განა არ გახსოვთ, ჩვენი სკამი ბაღში ეულად,
უჩვენოდ თითქოს მარტოობას რომ განიცდიდა?
რამდენჯერ ჩვენ იქ მეგობარნო, წასულთ ოცნებად,
ვერ გაგვიგია ღამე უკვე ფერს რომ იცვლიდა.
ცა, ვარსკვლავები, ნაზი მთვარე, ჩვენი ოცნება
რას გვისახავდა, სინამდვილე კი ეს რა მოხდა.
რას ვიფიქრებდით, თუმცა ბედია და ის იქნება
რაც ბედით მოგვდგამს, მას ვერ შეცვლი, რაც მოხდა, მოხდა.
დაკარგულ ძმას
დღეში ათჯერ ხმადაღლილი
გავიძახი _ ალო, ალო!!
სად ხარ, ხმას რატომ არ იღებ
დაკარგულო ჩემო ძმაო.
სამსახურში დაგეძებდი
მისხალ, მისხალ რუდუნებით,
ქვეყანა მთლად შევაჯერე
შენზე კარგი ნაუბრებით.
სახლში არ ხარ, კარში არ ხარ,
სად ხარ, რას იქმ, რა ზენითა,
ცნობა მაინც მოგვაწოდე
ვის ------- ხარ, ვის ---------- .
ამა ლექსს რომ გადიკითხავ
დაჯექ წერად ბარათისა,
შიგ ჩაწერე სად და როდის
ნახვა შენი ეგებისა.
ახალგაზრდული
ახალგაზრდულ მგზნებარებამ
მომცა გული, მომცა ძალა,
მწვერვალების დაპყრობისას
მე არ ვიცი რა არს დაღლა.
წინ მივდივარ, მივაბიჯებ,
როგორც ერთი და ათასი,
ბედნიერი ქვეყნის შვილმა
შევსვი ბროლის სავსე თასი.
გაზაფხულდა, გამობრწყინდა
მზე ჩაუქი, მზე დიადი,
გაგვითენდა გაზაფხულის
მერამდენე განთიადი.
ახალგაზრდობავ
ახალი მრწამსი, ახალი ნება
ახალი გაქანება _
აი რა გვინდა ჩვენ.
ძველზე ჩაჭიდება, ძველის განდიდება
მისით დადინჯება _
აი, რა გინდათ თქვენ.
მაგრამ ჯერ არ ყოფილა,
ჯერ არსად არა თქმულა,
ძველ ჰიმნს ეზეიმოს,
გაემარჯვოს შენზე _
ახალგაზრდობავ _
მჩქეფარე ტალღა ხარ,
უფრო კი ჩანჩქერი,
მოვარდნილი მთიდან,
ქარაფებში ჩამუხლული,
ფრთხილი ნადირივით,
აზრის გაქანებით
ესწრაფი უსასრულოს,
სივრცეებს აუღებელს.
და შენ მათ აიღებ
ახალგაზრდობავ _
ძლევის დროშა გაშალე
ამხანაგს მოუხმე,
ძველმა დრო გალია,
ახალი ცხოვრება, ახალი დიდება
შენ შეჰქმენ,
ეს შენი ვალია.
ძმებო, მისმინეთ
ახალგაზრდებო! ზეასწიეთ,
დანისლული წამწამთა ჩერო,
გამოიხედეთ,
ნუ გრცხვენიათ ნაღვლიან თვალთა.
გულისტკივილი,
სამდურავი ჩვენს ცხოვრებაზე,
უტოპიაა,
პესიმიზმი, ალთა და ბალთა.
გამოიხედეთ,
ჰა, შეხედეთ რა რიგად ბრწყინავს,
მზე დიდებული,
სიცოცხლეზე შეყვარებული,
რა რიგ აშუქებს
არემარეს ნაზი მთოვარე,
თვითონ მიჯნური
მიჯნურთათვის სული და გული.
ახალგაზრდობავ,
გულით რკინავ, აზრით მახვილო,
ნათელ ცხოვრების
ბედნიერო შთამომავლობავ,
სიცოცხლის ძენო,
სიცოცხლისთვის აზრად ქცეულნო,
ახალგაზრდობავ,
სიჭაბუკევ, ჩვენო დიდებავ.
გენიის ზღვარი
ჩვენს ფართო გზას ვერ გადაკვეთავს,
ვერ შეაჩერებს
ახალგაზრდულ ამგზნებარებას,
სიცოცხლემ გვშობა,
მისი სიბრძნე წინ მიგვიძღვება
ვერა ვერ დასძლევს,
ჩვენს ჭაბუკურ აბობოქრებას.
ძმებო მისმინეთ!
მე ხარხარა სიტყვებს არ ვეძებ,
ჩემი სიტყვები,
ჩემი გულის მონაწურია,
გვეყო იქ ყოფნა,
სადაც გული აღარ ჩერდება,
თავისუფლებას,
კეთილ სიტყვას მონატრულია.
გესმით ძახილი?
ჩვენი ტურფა სამშობლო გვიხმობს,
ჩვენი კეკლუცი
საქართველოს ძახილი გვესმის,
გვეძახის დედა,
გვეძახიან მთები და წყლები,
სატრფო მოგვიხმობს
მისი გულის ძახილიც გვესმის
მაშ რაღად ვიყოთ
ჩვენ უგნურთა გამომსახველნი,
იმას რატომ ვიქმთ
რაც არაა სანდო, კეთილი?
ნუ დავივიწყებთ
სამშობლოა უმრწმესი ნება
და სამშობლოსთვის,
სამშობლოსთვის ვართ გაჩენილნი.
სიჭაბუკე
დღეს სიჭაბუკე სილამაზის საწინდარია,
დღეს სიჭაბუკე ტკბილ ზრახვათა სამკაულია,
ჩვენს ცხოვრებაში უკვდავების ლაღი აზრია,
ჩვენი ცხოვრება სიჭაბუკის თაიგულია.
გაქრა, წავიდა და დავტოვეთ სამარადჟამოდ,
ძველი დრო, როცა არა გვქონდა გული მზიანი,
დღეს მთელ მსოფლიოს თან სდგომია და გზას უჩვენებს,
თვით გზად მავალი, ჭეშმარიტი ადამიანი.
პატიოსნება, სიჭაბუკის ეს ნეტარება,
მისი ღირსება, მისი ღელვა, მისი განცდანი,
კაცობრიობის შუქურაა, აზრი სპეტაკი,
მისი მედროშე: ჭეშმარიტი ადამიანი.
ძირს ბოროტება
როცა ხალხები იყვნენ ისევ პირველყოფილნი,
როცა მათ აზრში სულ არ იყო ადამიანი,
მათ არ ესმოდათ მისი მრწამსი და მომავალი,
ისინი იყვნენ ცხოველების თანაზიარნი.
მაგრამ მათ შორის წარმოიშვა გადაჯგუფება,
ისინი ჩახვდნენ და შეიცნეს ადამიანი.
აქედან არის დასაწყისიც ორი მდინარის,
ორი მრწამსისა: ბოროტის და პატიოსანის.
დღემდის მოგვყვება ბოროტება, კაცთმოძულება,
აზრის ნაწილში მასაცა აქვს თვისი ადგილი,
მაგრამ დღეს უკვე მკვეთრად ისმის მართალი სიტყვა _
ძირს ბოროტება, ძირს იმისი ქადილ, მადილი.
აუშვეს, აფრა
ცას რომ ვარსკვლავი მოსწყდება
კაეშნით რად ვივსები?
რად მეფიქრება თითქოს
მისებრ მეც დავიმსები?
ია, ლურჯ კაბა ია,
ასე მალე რომ ჭკნება,
რად მეფიქრება თითქოს
მისებრ ეს გულიც კვდება?
კუპრი ფიქრების ზღვაში,
ჩაძირული ვარ სულ მთლად,
სადღა ვიპოვო შვება,
ვინღა დამედოს მე მტლად?
ნუთუ დამტოვა ყველამ?
ნუთუ ოცნება გაჰქრა
და დავრჩი მარტოდ, ობლად?
ხედავთ?.. აუშვეს აფრა!
მე და "მე"
წუთისოფლის
რა გზას გავყვე,
რა გზას დავადგეო,
ცხოვრების ჩარხს
საით ავყვე,
მაგრძნობინე "მე"-ო.
რას მიწოდებს,
რას მავალებს,
მე სამშობლოს "მე"-ო,
წინ გამიძეხ
გზა მიჩვენე
ერთადერთო "მე"-ო.
იქნებ ყველამ მიმატოვა,
მარტოდ დავრჩი "მე"-ო,
იქნებ განწირულს
ვემსგავსე,
ან თვითონ ვარ "მე"-ო.
მაშ რას ველი,
რაღა დამრჩა
გულსაკლავად "მე"-ო,
იქნებ სჯობდეს,
რომ შევჩერდე...,
მაგრძნობინე "მე"-ო.
ერთი რამ მინდა
ერთი რამ მინდა
და რაც მე მინდა,
ის მარტო ჩემგან
არ არს ვლენილი.
ის ადრეც ითქვა
მე ვიმეორებ:
მინდა სიცოცხლე
აზრ შერჩენილი.
მინდა სიცოცხლე
და ნეტარება,
ცხოვრება მძლავრი
შემართებისა.
მინდა დატკბობა
და სიხარული
ტკბილ გრძნობათა
და სიყვარულისა.
და შენც ძვირფასო,
შენც ხომ გსურს ასე,
სიცოცხლის აზრით
ნეტარი ტკბობა,
მაშ მოდი ჩემთან,
ცხოვრების გზაზე,
ერთად ვიაროთ
აზრმა და გრძნობამ.
აიგოს კოშკი
აიგოს ქოშკი ცამდის, მაღალი,
ცხოვრების ბაღში გადასახედად,
ნათლის სვეტებად ჰქონდეს მზეები,
ათასფერიან შუქთა სახედად.
შუქების ზღვაში, ელვათ ბრდღვიალში,
თვით უკვდავება იყოს სახული
და ელვარ ფერთა ღმერთად და მწყემსად
ადამიანი გამოსახული.
ნათელი აზრის იყოს დიდება,
პატიოსნება ფასობდეს ფასად,
ფარისევლებმა ვეღარ შეიძლონ
ხმარება მისი მხოლოდღა ფარად.
პატიოსნება _ სიტყვა მკვეთრია
და ბრძნულის აზრის გამომხატველი,
მაგრამ დღეს სიბრძნე მხოლოდ მტვერია
და მტვერიც არის მისი სახელი.
ბედი
ოხ, უკვდავება ჩამისახე გულში ფარული,
რომ იყოს ჩემი, რომ არ გახდეს ის სხვისი წილი,
რომ სამუდამოდ, სამუდამოდ მქონდეს მხნე გული,
რომ არ მომეზღოს დამცინავი ჩუმი სიცილი.
ბედი: მე ვუცქერ ბედის ვარსკვლავს,როგორც გაშლილ ვარდს,
თუ არ მოწყვიტე მარტო ცქერით რომ ვერ დატკბები.
მიხვალ, დაყნოსავ, მობრუნდები სუნი წაგივა
და გაუმიზნავ მისვლა-მოსვლით სულ მთლად დაშვრები.
ასევე არის ბედზე კაცის უტყვი ოცნება,
და სიტყვა "ბედი"-ც მეჭორეთა არის წუხილი,
თუ კაცად ვარგხარ არ იკადრებ ახსენო "ბედი",
მას თვითონ განსჯის შენ სიტყვათა აზრის ქუხილი.
აღსარება
ნუ მომიძულებ,
ზეციურო
მაგიის ძალავ,
ჩემს გულს, მკვდარ ნაგულს
სამუდამოდ
ნუ გამიწირავ.
სიცოცხლისაკენ
ხელმეორედ ნუ მოაბრუნებ
და სამუდამოდ,
სამუდამოდ
შენ დაგიფიცავ.
არ მწამხარ, მაგრამ
შენა ჰყოფილხარ
გაჭირვებულის მესაიდუმლე,
ახლაც შენა გთხოვ
და შეისმინე,
ცოცხლად ნუ მომკლავ,
გემუდარები,
და საუკუნოდ
შენად მიგულე.
მისმინე, თორემ
ბევრს არ გეხვევი
ისედაც მუქთავ
ფეხზე მკიდიხარ.
მე დავიქუხებ,
ვიცი მოვკვდები.
მაგრამ ერთია,
აღარ მინდიხარ.
წა, წაეთრიეთ
ეგ აზრები ჩვენ არ გვჭირდება
სულით ღარიბნო,
უგნურების გამომსახველნო,
ვიწრო ცხოვრების
ურცხვ კერპებად გადაქცეულნო,
თქვენთვის რა არის
ბედნიერი კაცის სახელი,
თუ არა იყოს
ანგარ კაცის გამომსახველი.
მითხარით ერთი,
იქნებ ვინმემ გაბედოს და სთქვას...
მაგრამ რას იტყვით
თქვენ სათქმელი ვისთან ან რა გაქვთ,
მანკიერების
დედადა ხართ გადაქცეულნი,
უმეცრებისკენ
მიმავალნი, არრად ქცეულნი.
მითხარით ერთი,
იქნებ ვინმემ გაბედოს და სთქვას:
"ბედნიერება
მე მეკუთვნის, ის მხოლოდ მე მაქვს".
მე მას ვეტყოდი:
ეგ სიტყვები არ არის წრფელი
მასში თავს იჩენს
ბოროტება, მგესლავი გველი.
წარსულს ჩაბარდეს
უმეცარნო თქვენი დიდება,
წა, წაეთრიეთ,
ეგ აზრები ჩვენ არ გვჭირდება.
ზოგიერთ შემომქმედს
შემომქმედო! შენი სიტყვის
ფასი ვიცი, შემიგნია,
მაგრამ ერთი რამ მაკვირვებს,
ნეტავ რისგან აგიგია.
ნეტავ რისგან გამოსჭედე
სიტყვა წრფელი, დენთით სავსე,
მასის გულს რით მიაღწიე,
სიყვარულით რომ აღავსე?
მსურს ვიცოდე, მსურს შევიცნო,
მსურს შევიცნო აზრთა წყება,
როგორ მოდის ეგ სიტყვები,
შენი გულის აღმაფრენა?
ნეტავ რამ გქმნა, ან რამ შეგქმნა,
ხალხის გულის მეგობარი,
სიტყვა ლაღი, ენა მჭევრი,
მისდამი თანაზიარი?
ცალი მხრიდან თუ უდგები
სამღერებს და თვით სიმღერას,
მაშინ მართლაც ვერ შესძლებდი
მისთვის გრძნობით არ გემღერა.
მაგრამ შენ თუ ჩაგიხედავს,
ნამუსახდილ კაცის გულში?
თუ გსმენია მისგან სიტყვა
მოსახვედრი სულში, გულში?
ნუთუ არა? ისინი ხომ
ყველგან გვხვდება სოფლად, ქალაქს,
ისინი ხომ ყველგან გვხვდება,
გეუბნებიან ძმურად სალამს?
მაშ რად სდუმხარ, რად არ ამხელ
ხალხის სულის ინჟინერო,
ნაძირალებს, გადმონაშთებს,
თუ გსურს მხოლოდ რომ იმღერო?
ეს სიტყვები ჩემი გულის
დანაწრეტი წვეთებია.
მე პოეტად თავს არ შევრაცხ
აზრს თუ გადამმეტებია.
მეგობარო, ამ სიტყვების დამწერალი
მარტო გულის სათნო ქებას როდი ჰყვება,
მირჩევნია ვიყო ლეშთა მომღერალი,
კოსტუმთა და მათ პატრონთა ტკბილ სიმღერას
ერთი რამ მსურდა!
ერთი რამ მსურდა ამ ქვეყანაზე
და ერთი ხოტბა გულში მაქვს მარად,
როდის აღმოვთქვავ წრფელი სინაზით,
ო, როდის იყოს ცხოვრება მყარად.
როდის ვიხილო მზე საოცნებო.
ოქროსფერ სხივთა გამომშუქარი,
როდის, ო, როდის მეც ვიზეიმო,
მაღლა ავწიო ხელი მუქარით,
გავაცამტვერო, გავანადგურო,
როგორც ბომბები ფლეთენ მიდამოს,
რომ იმ დროიდან ფარისეველმა
პატიოსნების ძალა იწამოს.
რომ აზრი იყოს ცეცხლად ნაფრქვევი
და სული შვების მომნიჭებელი,
რომ სიყვარული და მეგობრობა
იყოს ყველაზე მეტად მეტყველი.
დღეის ცხოვრება ეს არის ბრძოლა
დღეის ცხოვრება ეს არის ბრძოლა,
ბრძოლა მით უფრო გასაკვირველი,
რომ უბრძოლველად და უშრომელად
ცხოვრება გახდა შეუძლებელი.
და რომ შენ გერქვას ადამიანი,
და რომ გიწოდონ კაცის სახელი,
შრომის ფერხულში უნდა ჩაება,
რომ თვითონ იყო გამომსახველი:
სახის _ ნამდვილი ადამიანის,
უხინჯოდ თქმული კაცის სახელის.
და დაფასებაც გექნება მაშინ,
განმარტოებულს არ ემსგავსები.
ცხოვრებაც შენთვის იქნება ქარგი,
მის სიტკბოებას დაეწაფები.
მამაო, ჩვენო!
მამაო, ჩვენო! კაცის გული ბოღმას მოუცავს,
სიკეთის ძირი სხივად მოსჩანს მის ქმედებაში,
ბოროტის ჩრდილში, ჩრდილად ქცეულს შველა სჭირდება
ჰა, სასოებით გევედრებით გვეცი ნუგეში.
სიკეთისა და ბოროტების ზღვარზე სიარულს
დასაბამიდან მიეჩვია ადამიანი,
დღეს აღარ ძალგვიძს თვითქმნადობით ვიქცეთ ისეთად,
რასაცა ჰქვია ჭეშმარიტი ადამიანი.
ქმნილი სიკეთე ხშირად გვეზღვის ვით ბოროტება,
თითქოს წადილი ჩვენი იყოს სწორედ ამგვარი,
ბოროტის წილ კი, ხან სიკეთე გამობრწყინდება,
ღმერთო, გვითხარი, ეს რად ხდება, ასე რად არი?
ღმერთო, მაღალო! თუ სიკეთე და ბოროტება
სისხლ-ხორცეულად მატერიის არის თვისება,
თუ სიკეთის გზა ბოროტების სავანეს ერთვის,
ბოროტება კი თუ სიკეთედ წარმოჩინდება,
მაშინ რაღა ჰქნას ადამის ძემ სულის ხსნისათვის,
რა გზას დაადგეს _ ბოროტისას თუ სიკეთისას?
ხვედრი ერთია: უნდა იშვას, რათა ის მოკვდეს
და უნდა მოკვდეს, რათა იგი ხელახლა იშვას??!
საოცარია! დასაბამით ძებნა სულისა...
ნუთუ ესაა ჩვენი ყოფის ანი და ბანი?
როგორ და რა გზით მოვიპოვოთ ჩვენ სული ღვთისა,
გაორებულნი როგორ გავხდეთ ადამიანი?
მამაო, ჩვენო! რად არ ძალგვიძს თვალი ვადევნოთ,
კეთილი თესლის ამ საოცარ ფერისცვალებას?
ნუთუ ხვედრია სიცოცხლისა _ სიტკბო, სიმწარე?
როდის მოეღოს ბოლო კაცის ტანჯვა-წამებას?
ადამიანი
ადამიანი! რა მაღალი გრძნობის ფარდაა,
ფარდა, რომელსაც არ აჩნია არსად ნაკერი,
ბედნიერების, სიჩაუქის აღმაფრენაა,
მარადი გრძნობით, უკვდავებით უხვად ნაფერი.
ადამიანი _ განცდა არის უნეტარესი,
ადამიანი _ სიტურფეა და სილამაზე,
სიყვარულია, მის გრძნობათა გამომხატველი,
ჭეშმარიტება არის მისი უტყვი სინაზე.
ჭეშმარიტი ადამიანი
ჩემს თავთან დავრჩი
და მსურს რომ ვთქვა გულს მოსალბუნე.
იქნება ღელვამ
გამიაროს, დამიცხრეს გული.
ნიავი ფეთქავს,
დაცქრიალებს ტკბილ მოლამუნე,
მაგრამ ჩემს გულში
ვერ ვიპოვე გრძნობა ფარული.
მეგონა გაჰქრა
და დამტოვა მან სამუდამოდ
და ფიქრთა ჩემთა
დასდგომიათ წუხილის დღენი,
მაგრამ ოცნება
ქარაშოტად, გულ საბაღნაროდ,
მუდამ ბობოქრობს
და აღმივსებს სულს უტყვი ლხენით.
როგორ გავჩერდე
და ოცნებას არ გავყვე სხარტად,
როგორ არ გავყვე
მე ცხოვრების ბედნიერ სრბოლას,
მე ის ვიწამე,
მიმაჩნია მე იგი ხატად
და ჩემშივე ვგრძნობ
ბედნიერთა გულების ჩქროლას.
მე თქვენთანა ვარ
და მარადის ვიქნები თქვენი,
მე მხიბლავს ჩვენი
ტკბილ ცხოვრების დღენი მზიანი,
მე მიყვარს ხალხი
და ცხოვრება სიკეთის მჩენი
და მის მედროშედ
ჭეშმარიტი ადამიანი.
მისმინე ძმაო
მისმინე ძმაო, პლანეტის მკვიდრო:
შენ სიხარულით გიფეთქავს გული,
შენს ძარღვებში სცემს ანკარა წყაროდ
მჩქროლავი სისხლი და სიყვარული.
მე მესმის შენი, მე მესმის სხვისიც.
შენ, შენ და სხვათა მოციქული ხარ.
მე შენს თვალებში ვპოვე ის ცეცხლი
რითაც ასეთი მშვენიერი ხარ.
მე შენ გიცქერი, თუნდ ხალხს ვუცქერდე
ეს სულ ერთია, მისი შვილი ხარ,
კაცობრიობა ხალხია ერთი
და შენ იმისი ღვიძლი შვილი ხარ.
აღმაფრენა
ადამიანთა გენიის აზრმა
გადააბიჯა ყოველგვარ ზღუდეს,
ვარსკვლავეთისკენ იკვლევენ გზებსა,
აფრენილები მშობლიურ ბუდეს.
ღიმილმა სახე გადაგვინათა,
ცეცხლებრ აენთო ჩვენი გულები,
ცაში უბრალო ადამიანებს
გაუტანიათ უხვად ხნულები.
გაგარინის და ტიტოვის სახელთ,
მსოფლიო ერთხმად კვლავ იმეორებს,
როცა კოსმოსში გმირული ფრენა,
მათ მეგობრებმა გაიმეორეს.
ნიკოლაევის და პოპოვიჩის
ჰქუხს სახელები კიდით-კიდემდე,
მთის არწივისა და შევარდენის
გსურს მარადიულ ქებას ისმენდე.
არც ლეგენდაა და არც არაკი
არც ბერძნებისგან ნათქვამი მითი,
ეს სილამაზის არის ზღაპარი
და რეალობა, განთქმული მითი.
კოსმოსში სრბოლა ელვისებური
ადამიანთა გაქანებაა,
მასში არაა ძალა ღვთიური,
ნათელი აზრის აღმაფრენაა.
* * *
გაშლილა სამშობლოს
მთები და ველები,
გრიალებს ქარხანა,
გაჰყვირის საყვირი.
მსოფლიოს მოუხმობს,
მსოფლიოს აცნობებს,
კოსმოსში გაფრენას
საბჭოთა კავშირი.
კოსმოსში გმირნი გაფრინდნენ
განთიადს სხივი მოსტაცეს
ელვის უსწრაფეს რაშებით,
კოსმოსში გმირნი გაფრინდნენ,
საბჭოთა თანამგზავრებით.
უვალი გზები გაკვალეს,
სიცოცხლე გაალამაზეს,
შემომქმედ მეცნიერებმა
ფრთები ყოველ მხრივ გაშალეს.
კოსმონავტ გმირთა დიდება
კიდით-კიდემდე გაისმის,
ვარდის ფურცლებზე იბნევა
შუქი ბრწყინვალე აისის.
ციურ ძმებს ჩვენი სალამი,
სამშობლოს ერთგულ ვაჟკაცებს,
მათ გრძნობა მეგობრობისა
ელვის ჩირაღდნად ანათებს.
ზოგიერთ შემომქმედს
ჭეშმარიტება უკვდავებაა,
მასშტაბით იყოს მცირე თუ დიდი.
სიმართლის გზაა მუდამ დიდება
თუ შენ ამ გზაზე სიკეთეს თრთვლიდი.
განვლო მთა ბარი და იყო სადაც,
ჭეშმარიტება გულს თუ გაქვს მარად,
და სიმართლის გზა გაუმრუდავი,
გწამდეს, გჯეროდეს, ხარ მყარზე მყარად.
ნათქვამი, თითქოს როცა ხარ სახლში
ნიჭის ვარჯიში უკეთესია,
მხოლოდ და მხოლოდ არის ცდუნება
და მოიშორო უმჯობესია.
თუ გაქვს ხალასი ნიჭი და ძალა,
გასწი საითაც მოგიწევს წასვლა,
ყველგან იცხოვრე, შეიცან ყველა,
თუ გსურს დიდების კვარცხლბეკზე ასვლა.
გახსოვდეს იგი, "დროის დაკარგვას"
კაცი უნიჭო არ ეკარება,
თორემ ხალასი და შემომქმედი
ნიჭი, ტალანტი არ იკარგება.
ჩემს ოცნებას ფრთები ესხმის
სიო დაქრის, ნაზი სიო,
ჩემს ოცნებას ფრთები ესხმის,
სიოს ფრთებით მონავარდის,
ცად გაფრენის ხმები მესმის.
ცას ასწვდება და ვარსკვლავებს
ჩემი სალმით გაახარებს,
მთელ სამყაროს შემოიფრენს
და გამიხსნის ყველგან კარებს.
დაცქრიალებს ნაზი სიო,
ხეთა ტოტებს ნელად არხევს,
შემომირბენს ფანჯარაში,
თმებს მიწევს და გრძნობით მავსებს.
სალაღობო
ღვინო დამისხით, დავლიოთ ძმებო,
თქვენც გადღეგრძელოთ, მეც ვიდღეგრძელო,
ტურფა ქალწულებს მივუზღოთ მადლი,
იებს და ვარდებს ვუძღვნათ სალამი.
ღვინო დავლიოთ ვაქოთ ქალები,
შევსვათ პირთამდე სავსე თასები.
თქვენ მშვენიერნო გენაცვალებით,
შენ შავო ღვინოვ გეთაყვანები.
რიჟა გოგოებს მე ვუცქერ კარგად,
თეთრს ვენაცვალე ავად და კარგად
შავო შავტუხავ, შავქოჩრიანო,
შენი ჭირიმე ტკბილო ხმიანო.
დაუკარ და მოგვალხინე, სიტყვა გვითხარი,
სიყვარულზე აამღერე ეგ შენი ქნარი.
გული დაწვა და დადაგა ლამაზმა გოგომ,
შემაყვარა ბიჭო თავი, და მერე როგორ.
მისთვის ვლოთობ, მისი ჭირი მე შემეყაროს,
როდის იქნეს ეს კუდრაჭა, რომ შემეყაროს.
* * *
იყო ღამე საშინელი
ქარი ქროდა ძლიერ,
ტყეში მგელი გაჰყმუოდა
თუ სტკიოდა მშიერს.
იქნებ თოვლში ჩაანამქრა
ყინვის მარწუხებმა,
სამუდამოდ დაიტოვეს,
ვერ უშველეს ძმებმა.
რა გულიანად გამეცინება
ხომ უნდა მოკვდეს ადამიანი,
მისი ბინა ხომ მიწაა ცივი,
მაშ რაღადა ვართ ჩვენ დარდიანნი,
როდესაც დაჰკრავს სიკვდილის სხივი?!
როდესაც გული შესწყვიტავს ფეთქვას,
ძარღვებში სისხლი გაგვეყინება,
ნეტავ მაცოცხლა მხოლოდ ერთ წამით,
რა გულიანად გამეცინება.
ჯარისკაცული
როცა კარგო შენ ტკბილ ძილით გძინავს
და ოცნება სიზმრად გესახება,
"პადიომზე" მე გიჟივით ვდგები,
ხან ჩექმა და ხან რა მეკარგება.
დილით როცა მზე შეხედავს სარკმელს
და შენს საწოლს დაადგება მცველად,
ავტომატით და ზურგჩანთით მხრებზე,
თავ-ქუდ გლეჯით მე დავრბივარ ველად.
შუბის ტარზე აიწვერა მზე და
სიხარულის შუქი ჩადგა გულში,
სირბილისგან ქანცგალეულს კარგო,
ძალა სულმთლად დამელია მუხლში.
ეს არ კმარა და შენ როცა კოხტად
მოპრანჭული ინსტიტუტში მიხვალ,
ორზე მდგომი, ოთხზე თუ მთლად ხოხვით,
დაძახილზე _ მივბობღავ თუ მივალ?
საახალწლო
მერიქიფევ! ხელადები
კახურ ღვინით იყოს სავსე,
დაასხი, ნუ გვეკრძალები,
ლიტრიანი ყანწი ავსე.
თამადა! სადღეგრძელო თქვი,
უღვინოდ ყელი გვიშრება,
დღეგრძელობა სურს ახალ წელს,
ახალ ველს ჩვენგან დიდება.
ალავერდი შენთანა ვარ,
ნუ შემარცხვენ გამოცალე,
დალიე, დავლევ, დავლიოთ,
ჩვენს ახალ წელს ვენაცვალე.
კვლავად შევავსოთ ჭიქები,
ჩვენს ტურფა მხარეს დიდება,
ახალ წელს ლხენითა ხვდება,
ორივეს ერთად – დიდება!
მოდით დავცალოთ ჭიქები,
სავსენი კახურ ღვინითა,
დავჭექოთ ძმური სიმღერა
სიცოცხლის სიხარულითა.
ახალ წელს
შენ გამარჯვება, ახალო წელო,
სულ გამარჯვების გზებით გეაროს,
და სიყვარული ნეტარი, ტკბილი,
ვარდის ფურცლებად გადმოგეღვაროს.
* * *
ოქროსფერად, ათინათად გადმოშლილა,
მზე ღრუბელთგან გადმომსკდარი, გადმომქრალი,
დედამიწა, ვარდისფერად შეღებილა,
თავს აწონებს ცას, კეკლუცი პატარძალი.
* * *
ვარსკვლავების მაყრიონი მთვარის მიღმა
და ღრუბელთა ფთილა – ფთილა ნაგლეჯები,
მშვიდობის და მეგობრობის გრძნობას ვიცავთ,
ჩვენ არასდროს, ჩვენ არასდროს დავბერდებით.
ქალი, ჩვენი დედა მშობელი
ვუძღვნი დედას,
ეკატერინე ზურაშვილს
ძველ თქმულებაში ქალი იყო მუდამ ბეჩავი,
რას იფიქრებდა თუ ასეთად ამაღლდებოდა,
ოხ, წარმოდგენა, გრძნობა მისცა ახლა ნეტავი
და ის სულ მალე ვარსკვლავებსაც დაიმონებდა.
გაფრინდებოდა, მზის სამყაროს გასცილდებოდა,
ვარსკვლავებს შორის მყუდრო ალაგს, ბინას ჰპოვებდა,
დაამტკიცებდა თუ რას ნიშნავს ქალის გენია,
ქვეყანა სცნობდა თუ ბეჩავ ქალს რა შესძლებია.
ქალის გენია, იდეალი და მისწრაფება,
საზღვარს სცილდება, საუკუნემ ფრთები გაშალა,
ჩქარ მდინარებას უფრო ძლიერ ნაკადად გაჰყვა,
ცრუ წარმოდგენა ქალის ნიჭზე სულ მთლად წაშალა.
ქალი დღეს არის მეგობრობის მცველი ძლიერი,
ქალი დღეს არის გაბედული, სიტყვით ძლიერი,
თავისუფლების შუქურაა მანათობელი,
თავისუფლების, მშვიდობის და ძმობის მთესველი.
აი ვინ არის ქალი დღეს და რა იყო წინათ,
აი ვინ არის ქალი შვილის დამბადებელი,
აი ვინ არის ქალი დღეს და რა იყო წინათ,
აი ვინ არის ქალი, ჩვენი დედა, მშობელი.
მსოფლიო ფორუმის მონაწილე ქალებს
მზემ განთიადი სხივებად ჰფანტა,
დილა ბულბულთა სტვენით აივსო,
მერცხალმა სარკმლით შემომჭიკჭიკა,
ქალთა ფორუმის დღე, დღეს არისო.
გულმა ვარდებთან გაიბაღნარა,
სიცოცხლის ეშხი ჩადგა თვალებში,
მიიღეთ ჩემგან სურვილთა ტალღა,
აღელვებული ნაცნობ მხარეში.
მიიღეთ ჩემგან აზრი და რწმენა,
ჩემი სიცოცხლის სუნთქვა ყოველი,
მსოფლიოს ქალთა ფორუმისაგან,
მშვიდობის ურყევ დაცვას მოველი.
შორს გაიფანტოს კვამლის ღრუბელი,
დედის კალთაში ჩვილს სძინავს წყნარად,
ომის მქადაგებთ სამარე ბნელი,
ჩვენ ცხოვრება გვსურს სიამის დარად.
ჩვენი ხმა თქვენსას ასდევნებია,
მიიღეთ ჩვენგან _ "სალამი თქვენდა"
დილა ვარდებად გაგვთენებია,
სალამი დავ და ძვირფასო დედავ.
პაპას
ვუძღვნი პაპას,
გიორგი ნანობაშვილს
ეჰეი, პაჭანას ბიჭო...
ქვევრში დადუღდა მაჭარი,
დალიე სანამ ტკბილია,
სანამ არ არის მაგარი,
რა დროს ვენახში წასვლაა,
ნეტავ რას მიეჩქარები,
დაჯექი ფეჩის პირზედა,
მოჰყევი ძველი ზღაპრები.
სად ვინ იბრძოდა, ან როდის
შეება დევებს მხედარი,
შენი პალკ-პალკამოვიჩი
როგორ იბრძოდა მედგარი.
შუბლი გახსენი, ცა ნატრობს,
გამოდარების დრო არი.
ჭმუნვა გაჰყარე, ნუ ცხარობ,
ჯერეთ სიცოცხლის დრო არი.
რა უდგრომელი რამა ხარ,
პაპაშავ გაუტეხელო,
ოჯახის მტკიცე ბურჯი ხარ,
შენ სახელ შეურცხვენელო.
მიდი, დაჰკარი, აანთე,
ჯერ ცეცხლი კიდევ გშთენია.
მომავალს თვალი უსწორე,
ის ჩვენია და ჩვენია.
ჩვენს მამა-პაპათ
ისტორიულად, მრავალი წელი,
რკინის ბორკილი როცა ტყდებოდა,
ჭეშმარიტების, გზა სიმართლისა,
ისახებოდა, იჭედებოდა.
ჩვენი მამანი, ჩვენი პაპანი,
იქ, ბრძოლის ველზე ბევრნი დაეცნენ,
სამშობლოსათვის თავდადებულნი,
მტერს მედგრად დახვდნენ და არ გაექცნენ.
და, ჰა, ამაგი მათი დაფასდა,
ბევრი მომსწრეა ამ განთიადის.
მათმა შვილებმა რას მიაღწიეს
ფრენით ადიან ისინი ცამდის.
პირველ კლასელი
სექტემბრის მზიანი დილა,
რა ღელვით მიცემდა გული,
სკოლაში მივყავდი დედას,
ბედნიერი ვიყავ სრული.
დღეს პირველად შევაღებდი,
სანატრელი სკოლის კარებს,
პირველ კლასში შევიდოდი.
და ვეტყოდი სალამს ბავშვებს.
ამისრულდა ეს ოცნება,
მოსწავლე ვარ პირველ კლასის,
დედაენაც შევისწავლე,
კარგად ვიცი დათვლა ასის.
არითმეტიკას კარგად ვსწავლობ,
განა რამე შემეშლება?
ხუთოსანი მოსწავლე ვარ,
ვერავინ ვერ შემედრება.
ამხანაგებს ვეხმარები,
მარტო ჩემთვის არა ვცდილობ,
მსურს რომ მთელი ჩვენი კლასი,
სულ პირველი, სულ წინ იყოს.
სექტემბრის დილა
როგორც მდინარე გაზაფხულის პირს,
რომ დაიმღერებს სიცოცხლით სავსე
და ზვირთთაცემით, გიჟმაჟი რბოლით
მთებსა და ველებს ხმაურით ავსებს.
ისე ჩემს გულსაც უნდა სიმღერა,
სიცოცხლე, სუნთქვა და სიხარული,
დაე, მოზღვავდეს აპრილის ღელვა,
მისთვის მზადა მაქვს სული და გული.
დაე მოზღვავდეს, მოქანდეს, მოსკდეს,
ზვირთების სარტყელს შუა მოვექცე,
მაინც სექტემბრის იმ ნანატრ დილას,
მისთვის აროდეს არ გამოვექცე.
ეს დღე არასდროს დამავიწყდება,
დილა ნათელი, დილა მზიანი,
გავხდი სტუდენტი უნივერსტეტის,
გული მაისობს, მაისიანი.
შორს კვლავ ოცნების თვალით ვიცქერი,
და აზრებს ვეძებ ყოველ ღადარში,
სიცოცხლე სიტკბოდ გადამქცევია,
მეცნიერების ამ ზღვა ტაძარში.