სიღნაღი,
სიყვარულის ქალაქი
ბულბულებმა მე სიმღერით მითხრეს
ბულბულებმა მე სიმღერით მითხრეს,
შენს გულშიც რომ გაზაფხული დადგა,
მე იათა ტკბილ სურნელში ვიგრძენ,
სიყვარულის ეშხი თავს რომ გვადგა.
განა მარტოდ, განა მარტოდ ვივლი,
ვარდთა ფურცლებს განა მარტოდ ვყნოსავ,
შენთან ერთად, მხოლოდ შენთან ვივლი
და სიმღერით მხოლოდ შენ შეგმოსავ.
მე სიყვარულს მხოლოდ შენთვის ვუმღერ
მხოლოდ შენთვის მიძგერს წრფელი გული,
უშენობას ვერ ავიტან კარგო,
შენთან ვპოვე სიტკბო, სიხარული.
ფერად-ფერად ყვავილებში
მე შევნიშნე შენი სახე
და იმ დღიდან შენ ჩემს გულში
სიყვარულის დადგი მახე.
მოდი ჩემთან ვიგრძნო შვება,
იცი რარიგ მიქუხს გული?
მე მგონია, რომ შევიგრძენ,
დღეს პირველი სიყვარული.
დღე და ღამე შენზე ფიქრით
აღარა მაქვს მოსვენება,
როდის შეგხვდე, როდის შევძლო,
შენი გულში ჩაკონება.
მოდი, მოდი ნუ დამტოვებ,
მიყვარხარ თქო, მითხარ მალე,
გული მომე გულისათვის,
სიყვარული, გენაცვალე.
რაც დრო გადის სიყვარული
კიდევ უფრო მემატება,
შენ კი ჩემთვის ვეღარ იცლი,
დრო ჩემთვის არ გემეტება.
მოდი ჩემთან და ის მითხარ,
ჩვენ როდემდის ვიყოთ ასე,
ნუთუ ბოლოს ვერ ვიპოვით,
ჩვენ გულების სიკასკასეს?
რად მემალვი, რად გამირბი?
სიყვარულის დამეც დანა,
ახლა კი სულ მიმატოვე,
ტრფობა უნდა ასე განა?
ერთხელ მაინც შემხვდი სადმე
და ამასთან მითხარ:`არა!
თუ გძულვარ და არ გიყვარვარ,
მითხარ ეს და ტანჯვაც კმარა.
დაე, მარტო დავიფერფლო,
იმედისაც მონატრული.
რაკი შენგან ვერ მივიღე
ტკბილი გრძნობა _ სიყვარული.
ოხ, რა კარგია ბედნიერი გულის ძახილი,
რა კარგი არის სიჭაბუკე და სიყვარული,
ოხ, რა კარგია როცა გულში ჩიტუნა ჭყივის,
რა კარგი არის როცა გიმღერს სული და გული.
მე აღმაფრენის და სიცოცხლის წყურვილი მახრჩობს,
მინდა ვარსკვლავთა უსიერ ტყეს მეც გავერიო,
მინდა, ო, მინდა სიყვარულმა ფრთები შემასხას,
მინდა ამ ქვეყნად ბედნიერთა რიცხვში ვერიო.
მე ოცნებაში გხატავ შენ,
როგორც უებრო ყვავილს.
ია-ვარდების დედოფლად,
მათ საგალობლად გაშლილს,
შენი ლამაზი თვალები,
მწველი და მოკამკამე,
ორი ბრწყინვალე ვარსკვლავი
და უნაპირო ღამე.
ბულბულის უტკბეს ჰანგებში,
მე გამოვარჩევ შენსას,
რადგან მიყვარხარ მხოლოდ შენ,
რადგან სჯობიხარ ყველას.
მე დიდხანს მსურდა
მეთქვა შენთვის რაც გულში მქონდა,
ორი წელი რომ
მარტოდ-მარტო დავატარებდი,
მაგრამ არ მწამდა,
არ მჯეროდა, ვერ ვიწამებდი,
თუ ასე გრძნობით,
ასე რიგად შეგიყვარებდი.
გოგონა, იცი?
მე მიყვარხარ, როგორც სურნელი,
როგორც ფერია,
გულს ტკბილად რომ ესალბუნება.
მაგრამ იცი რა?
მე ვარ მხოლოდ უბრალო ბიჭი
და შენ ასეთი,
შენ ასეთი მოგესურვება?
მე შენს სიყვარულს ვერ დავივიწყებ,
შენა ხარ ჩემი ღამის ლამპარი,
შენა ხარ ჩემი სულის საუნჯე,
შენა ხარ ჩემთვის ტკბილი ზღაპარი.
შენ სულ ჩემთან ხარ, ჩემი ალერსით
და ჩემი ტრფობით გარემოცული,
ჩემი ალვა ხარ, ჩემი სულის თქმა,
ჩემი ოცნება და სიხარული.
მე მყავს პატარა გოგონა
სახელად ჰქვია ლალი,
სიტურფისათვის გაჩენილს
ედება ცეცხლის ალი.
როდესაც ვუცქერ, უშრეტელს
ვგრძნობ სიყვარულის ძალას,
სახე მღიმარი მიცქერის
და თავს ჩემს მკერდში მალავს
ლალი, პატარა ოცნება
და პაწაწინა გული,
ბუმბერაზ ძალას მოიცავს
სიყვარულის ხედ რგული.
მე იგი მიყვარს ვით ვარდი
და ვარდზე უფრო მეტად,
მე იგი მიყვარს ოცნებად,
მასზედ ლექსს მიტომ ვბედავ.
როდესაც ჩემთან გოგმანობს,
კრთის და ალერსით მატკბობს,
მე მისი ეშხის მხილველსა,
მისი ღიმილიც მათბობს.
ო, ლალი, ჩემო ცისკარო,
ჩემო მაისის დილავ,
ბაგეზე გიკრთის ღიმილი,
იძინე ტკბილად, ტკბილად.
შენ გინახავს გაფურჩქნული
გაპენტილი ვარდი?
ან თუ იცი რა ხანია
გულს რომ ჩამივარდი?
თუ გინახავს სიყვარულით
გულდამწვარი ბიჭი,
თუ გსმენია, თუ გსმენია,
შენს ტრფობით რომ ვიწვი?
მოდი, მოდი, ხმა გამეცი,
ხმა გამეცი კარგო,
იქნებ გულს სიკეთე მფინო,
იქნებ რამე მარგო.
ო, სიყვარულს, ო, სიყვარულს,
შენთვის ვკლავ და ვბადებ,
სიზმარეულ ტკბილ განცდებში
გულს მალამოს მადებ.
გაზაფხულის ხავერდოვან
ველ-მინდვრებში, მთებში,
ვიარები, ვიძირები,
მე შენზედ ფიქრებში.
წითელ-წითელ ყაყაჩოებს
ცრემლ მდინარი ვუცქერ
არ კი ვიცი ჩემს საუნჯეს
გული ვისთვის უძგერს.
არ მინახავს რა ხანია,
თუმც ოცნებით ვხედავ.
მე ის მიყვარს, მას არ ვიცი,
ლექსს კი მაინც ვბედავ.
ბევრჯერ სიზმრად დანახული
ცხადად თვალწინ მედგა,
რა არ ვცადე მაგრამ დღემდის,
შეხვედრა ვერ შედგა.
ნუ მეტყვი, ნუ! ვატყობ თვალებს,
ღაწვთ სიწითლე შეპარულსა,
ტკბილ განცდათა ამოღელვას,
უკვდავებას, სიყვარულსა.
ნუ მეტყვი, ნუ! მაინც ვხედავ
რა რიგ გიძგერს ნორჩი გული,
გაუფურჩქვნელ ვარდთა კოკრებს
შეუგრძვნიათ სიყვარული.
ნუ მეტყვი, ნუ! სიყვარული
ჩემს გულს ცეცხლად მოეფინა,
იწვის, მაგრამ შენ თვალებმა
მამცნეს ხო და მომელხინა.
ნუ მეტყვი, ნუ! ვგრძნობ და ვხედავ.
რა სიამით გვიძგერს გული,
უკვდავებად დაიბადა
ჩვენი წმინდა სიყვარული.
ამღერდა გული, აჟღერდა ჩანგი,
ოცნების ფრთებით ვარსკვლავებს ვწვდები,
სიჭაბუკით და სიცოცხლით სავსე,
ყველგან მე ერთის სახესა ვხვდები.
ვხვდები და ვუსმენ, ვხვდები და ვუსმენ,
ბულბულთ გალობას, ჩანჩქერთა ცემას,
ტყეში ფოთოლთა საამო ჩურჩულს,
შეყვარებულთა კოცნას და ხვევნას.
დავდივარ მარტოდ! მარტოდ კი არა,
მთელი ქვეყანა ჩემად ქცეულა,
ერთი გოგონას ტკბილი ღიმილი
მთელ ჩემს სიცოცხლედ გადაქცეულა.
და როცა დილით ვუცქერ განთიადს,
ვუცქერ ცისკარზე დღის დაბადებას,
იმ ერთის სახე სხივებთან ერთად
გულზე ნათელს მფენს, მეალერსება.
ვინ სთქვა სიყვარულს არ აქვსო გული,
არისო თითქოს მალული გრძნობა?
მე სიყვარულში დიახაც ვპოვე
ბედნიერება და მეგობრობა.
შენს სურათს დავცქერ,
ან ვით გავძლო, რომ არ ვუცქირო,
როცა მის გარდა
არღარა მაქვს მოსაგონებლად.
შენი თვალები
თითქოს კვლავაც მაფრქვევენ შუქსა,
და ბაგენი კი
კვლავ მიწვევენ დასატკბობელად.
ხის ქვეშ ვიდექით,
წვიმის თქერი თავს დაგვდიოდა,
ვერ აკავებდნენ
ხის ფოთლები თავდახრილები,
ვიდექით ასე,
დიდხანს, დიდხანს, მზე ჩადიოდა
და წვიმის ღრუბელს
შენთებოდა ცეცხლის ალები.
ქარი არ ქროდა
და ღრუბელიც იდგა ერთ ადგილს,
კუპრივით შავი,
თან პატარა, თანაც მრისხანე,
როგორ მოვიდა
გვირგვინად რომ გადიქცა ამ დღის
და აღარც წასვლას
აპირებდა თურმე იმ ღამეს.
მზე ჩადიოდა,
სხივები კი შენთოდა ღრუბელს.
მცირე ხანიც და,
დღის ნათელი მიეცა სულ ბნელს.
წვიმა კი სცემდა,
წვიმა გვცემდა ჩახუტებულებს,
მაგრამ ჩვენ ვგრძნობდით
მხოლოდ ორ გულს-შეყვარებულებს,
და მთლად სველები.
კვლავ ვიდექით ერთად იმ ხის ქვეშ.
მე სიყვარულზე გიმღერი
ჩემო შავთვალა,
მე და შენი მეგობრობა
რამ გადაშალა.
სიყვარულზე ერთად ვმღერით
გულიც ერთი გვაყვს.
შენ ჩემი ხარ და მე შენი
ერთი გრძნობა გვწვავს.
ის დრო სჯობდა რაც წავიდა
ნუთუ დამტოვე,
გული კვნესის, ვეღარ გხედავ
რად მიმატოვე.
შორით ჭვრეტა, შორით ბნედა.
ვერ ვიარსებებ,
საყვარელი ახლოს მინდა
და შენ დაგეძებ.
სიყვარულზე მინდა მღერა
იცით თქვენა? იცით ყველამ?
ჯერ არ მესმის მისი ძგერა,
მაგრამ მე მას, ვხედავ, ვხედავ.
ვხედავ ფარჩის სამოსელში,
მოგოგმანობს როგორც მწყერი.
მეც ვუცქერ და თითქოს ჩემში
გრძნობას ბადებს მშვენიერი.
მოველოდე დიდხანს, დიდხანს
მე სიცოცხლე რაღად მიღირს,
ან სიკვდილში რაღას ვხედავ?
სულ ყველანი მიიმალნენ,
მათ ხსენებას ვეღარ ვბედავ.
მიიმალნენ და წავიდნენ,
მე დამტოვეს მარტოდ, ობლად,
რაღად ვიყო, თავს რას ვაქნევ,
ნუთუ მხოლოდ ცრემლთ საღვრელად?
თუ ცით სხივი მომიფრინდა
და აღმინთო გულში ცეცხლი,
თუ რომ ვინმემ გაიმეტოს
სამიჯნურო გრძნობა მწველი.
მოველოდე დიდხანს, დიდხანს,
მის სახეს და მწყაზარ თვალებს,
ბულბულის ხმას მოველოდე
და ნაზ გრძნობას, ეშხით სავსეს.
გამოვიარე შენს ფანჯარასთან
გამოვიარე შენს ფანჯარასთან,
ვარდები იყო აფეთქებული,
შტო გადავწიე და შენ გიხილე,
საწოლზე, ტკბილად მიძინებული,
დიდხანს ვუცქირე შენს ტურფა სახეს,
წამწამთ ხეივანს, წარბების ტყეებს,
მშვენიერებით აღსავსე ბაგეთ
და პერანგის ქვეშ მარმაროს ბურთებს.
შტოს ხელი ვუშვი, თვალს მიეფარე,
სიყვარულისგან ვიდექი მთვრალი.
დიდხანს ვიყავი ასე მდუმარედ
და ჩუმი ცეცხლის მდაგავდა ალი.
ისევ ავწიე შტო საბედისწრო
და ჩემს თვალთ ისევ დაუდექ თვალწინ,
უფრო მცხუნვარე და ეშხით სავსე,
ვინემდის ადრე, ვინემდის აწინ.
ძალა არ მეყო, არ მოვსულიყავ
და ფანჯარიდან საწოლთან გავჩნდი,
ვიხილე ბორცვნი შიშვლად მზირალნი
თვალებით, გრძნობით შენს მკერდს დავაკვდი.
მხოლოდ ერთხელ კი გაკოცე ნელად
და იმ ფანჯრიდან გამოვიპარე.
ეს იცოდე კი ჩემო გოგონა,
რომ ჩემი გული შენ მოიპარე.
იმ დღიდან მისი ფანჯრის მოწამე
მე ყოველ დილით მასთან ვჩნდებოდი,
მენახა იქნებ ვინც მე ვიწამე,
მენახა იქნებ ვისთვისც ვდნებოდი.
და ის კი ასე შეუბრალებლად
უკანა კარით მეპარებოდა,
სასწავლებელში მივაკითხავდი,
ამხანაგებში მემალებოდა.
და ბოლოს მაინც გამოვიჭირე,
ვიღაცა ბიჭთან მისეირნობდა,
მივედი ახლოს, ვუთხარ სალამი,
მომესალმა და თანაც სცხვენოდა.
გამაცნო _ ჩემი ბიძაშვილიო,
გულს სიხარულის ტალღა მომაწვა,
მისი თვალები მე ასე ახლოს
ასე ბრწყინვალე ჯერ არ მენახა.
ერთად შევედით ბაღის სიღრმეში,
ლია ჩვენს შუა მოაბიჯებდა
რაღაცნაირი ტკბილი ღიმილი
მთელი საღამო აცისკროვნებდა.
ერთად დავსხედით და ლია ისევ
ჩვენს შუა წითელ ყაყაჩოდ ენთო.
ვფიქრობდი _ ნეტავ, ნეტავ ვიცოდე,
ლიას იმ წუთში გულში რა ედო.
მერე გავიგე, მას ვყვარებივარ,
შევხვდი, დავკოცნე ჩემი გულ-ლია,
ახლა მითხარით აქ დამნაშავე
ხომ მხოლოდ მისი ბიძაშვილია?
წვიმდა, მიწას ნიაღვრები
პირს უხოკდა უღარავდა,
მე კი შენსა მომლოდინეს,
თავს მწუხარედ დამაღამდა.
ხის ქვეშ ვიდექ, წვიმის თქერში,
შენი სახე მესახოდა,
სიყვარულის ეშხით მთვრალი,
გული შენსკენ მოილტვოდა.
სად წახვედი, რად არ მოხველ,
ნუთუ წვიმამ შეგაშინა?..
ნუთუ შავმა სარეცელმა?
მეც ასევე, მეც მაშინა.
მაგრამ არა, ჩვენთან სიკვდილს,
არ აქვს ხელი, არ აქვს ნება,
ყოველ მთვარიან ღამეში
კვლავ შევხვდებით ნება-ნება.
ჩვენს სიყვარულს ვერვინ მოსპობს,
სამუდამო გვქონდეს ტრფობა,
უკვდავებად გადაგვექცეს,
ჩვენი ტკბილი მეგობრობა.
მოდი, მოდი, მოგელი
მთვარე დაჰკაშკაშებდა
ნაცნობ ადგილთ მდუმარედ,
ხის ტოტთაგან იღვროდა
სხივნი შუქ მომფინარე.
აგერ სკამი, იქ სადაც
სიყვარული იბადა,
მის წინ ვარდი, ეულად
იმ წელს რომ დაიბადა.
ზედ ბულბული მჯდარიყო,
სიყვარულზე გალობდა,
ნეტარების მომგვრელი
ცელქი სიო დახტოდა.
მომაგონდა განცდანი,
მოშვილდული წარბები,
ზღვისებრ ღრმა და უძირო,
ცისკროვანი თვალები.
მომაგონდა ამბორი,
სიყვარულის ზღაპარი,
შენი ნაზი მიყვარხარ,
ხმა ტკბილი და ნარნარი.
შენზე ადრე მოვედი
ადგილის სანახავად,
ახლა კი შენ მოგელი,
ჩემს გულის გასახარად.
სიყვარული გულწრფელი
ჩვენი ტრფობის ხიდია,
ცისკარი და დაისი,
ჩვენი გაზაფხულია.
მოდი, მოდი მოგელი,
ბულბულს სმენა მოვტაცე,
შენი ფეხის ხმა მესმა,
მოდი შენ გენაცვალე.
ვუცქერ ადგილთ და ვხედავ
გარემო შეიცვალა,
ბულბულის ხმა მიწყდა და
ვარდი შენად იცვალა.
ეგ შენი თვალები არ არის უძირო,
არც მიყვარს ზღვასავით უძირო თვალები,
ზევით რომ კამკამებს, ფსკრამდე კი ვინ იცის,
რა არის, ვინ არის, რა ცეცხლის ალები.
მე მიყვარს თვალები კამკამა წყალივით.
და მიყვარს თვალები დილის მზესავით,
სადაც არ არის ღელვა და სიმღვრიე
და ყველაფერი მოჩანს დღესავით.
ვზივარ და ვფიქრობ მე მხოლოდ შენზე
და შენის გარდა სხვა მინდა არა,
ბოლო მოეღოს ამდენ წამებას,
ამდენი ფიქრი და ღელვა კმარა.
ახლა მოდი და შევხვდეთ ერთმანეთს,
ნუთუ სულ მუდამ ვიქნებით ასე,
ნუთუ არასდროს არ გამცემ ხმას და
განმარტოებით იქნები მასე?
დაფიქრდი აბა, რა დავაშავეთ,
რატომ განშორდნენ ჩვენი გულები?
მაგრამ მე მჯერა ერთად არიან
და იქნებიან ჩვენი სულები.
ჩემს გულში შენ ხარ კვლავ ისეთივე,
როგორც ამ წლების მიღმა იყავი
და უფრო მეტიც, მე მახალისებს,
წლების უკან რომ ერთად ვიყავით.
რა კარგი იყო ის დრო და დღენი
როცა ერთურთის ხილვით ვტკბებოდით,
რა კარგი იყო, ოჰ ტკბილო დღენო,
როცა ჩვენ გრძნობის ცეცხლში ვდნებოდით.
მე ხომ არ მითქვამს შენთვის მიყვარხარ
და არც შენ გითქვამს მსგავსი რაიმე,
მაგრამ ვინც მე მსურს შენ ხომ ისა ხარ,
ეს გულმა მითხრა, შენმა გაიგე?
გაიგე? გესმის? მე შენ მიყვარდი
და სიტყვა იყო მხოლოდ ზედმეტი.
და ნუთუ მიტომ მე დავისაჯე
და თვით გამოვდექ გრძნობაში მეტი?
მაგრამ ეგ გული ახლა რას ფიქრობს,
რას გეუბნება ეგ უტყვი სიბრძნე,
ნუთუ არ ესმის მას ჩემი გულის,
ნუთუ ამ გულის ვერა რა იგრძნე.
გამიგე ახლა, მე კვლავ მიყვარხარ,
ჩემი ვარდი და ია შენა ხარ,
ვინც მე მიყვარდა სწორედ ისა ხარ,
და ვინც მე მიყვარს ის და ისა ხარ.
....თუ რომლის ბაღში ჰკრიფო ვარდები
ოხ, სიყვარულო, ენით უთქმელო,
რამდენი ტანჯვის მოზიარე ხარ,
უშენოდ ყველა სიცოცხლეს კარგავს.
უშენოდ არრას მშვენება არ აქვს.
თუ სადმე თქმულა ან გაგონილა
მწუხრის გარეშე სიყვარულ იყოს
და ცვარ ნაპკური ყვავილივითა
მზის მწველ სხივებს ქვეშ გაფურჩქნულიყოს?
ოხ, სიყვარულო, ჯერ განუცდელო,
მაგრამ მდიდარო გრძნობით და სულით,
სად ხარ, სად მოგყვე, სად გპოვო მითხარ,
სად ფეთქავს შენი კეთილი გული?
მე შენ მაძებარს წყურვილი მახრჩობს,
სურვილი მკლავს და მაინც შენ გელი.
ნეტავ თუ გიყვარს ასეთი ნაზი
და ზეაღმტაცი გრძნობიერება?
თუ იტყვი: არის ვიღაცა ბეცი,
სიყვარულს მიღმა რომ ვერას ხედავს?
ეხ, ჩემო თავო, კარგია როცა
რომანტიკაში გადავარდები,
მაგრამ ის არ ჯობს დაფიქრდე კარგად,
თუ რომლის ბაღში ჰკრიფო ვარდები?
ღამეა მშვიდი და ვარსკვლავები
ცაზე ჭაღებად დაკიდებულან,
დედამიწაზე კი ორი გული
ორივე ერთად ატირებულან.
აღარც ბულბულის გაისმის სტვენა,
აღარც ვარდების სურნელი იგრძვნის,
მთლად მყუდროება გარემოცულა
და ნიავიც კი აღარსად იძვრის.
მთიდან მომსკდარი მდინარეებიც
თითქმის ყველანი დადუმებულან,
და ორი გული, ტანჯულნი მწარედ,
ორივე ერთად ატირებულან.
მყუდროებაში იდუმალება,
თითქოს ორივეს ერთად ანიშნებს
გიღალატაო "იმან შენა" და
"მან კი შენაო" თანაც აშინებს.
და ორმა გულმა ვეღარ გაუძლო,
ვეღარ გაუძლო ატირებულან,
ზღვაში ტალღები გაჩერდნენ, დადრკნენ.
დადრკნენ და თითქოს გაყუჩებულან.
იდუმალება რაღაც სატანად
წარმოსახული ამ წყნარ ღამეში,
ორი მიჯნურის გულს ღალატობდა
და მათ აბამდა თავის ბადეში.
სატანა იგი გამარჯვებული,
აქეთ და იქით დაჰქროდა ცაში,
თვით ბოროტება და მძულვარება
შეიგრძნობოდა იმის ტკბილ ხმაში.
გარე სიბნელით გარემოცული,
ამ სიბნელეში ჰპოვებდა ბინას
და არ ელოდა გათენებამდე
შეაწუხებდა თუ ვინმე იმას.
მაგრამ მნათობი, ღამის გუშაგი,
თავს წამოადგა მრისხანე სახით,
გზები მოუჭრა შუქთა ბღუჯებით
და შიგ გაგუდა მისივე მახით.
ღამის გუშაგმა, თვითონ მიჯნურმა,
მიჯნურთა გულებს მიუალერსა,
ცრემლი მოსწმინდა, შეყვარებულებს
შუქი ჩაუდგათ, მისმა ალერსმა.
და ბულბულებმაც იწყეს გალობა,
მთიდან მდინარეთ იწყეს დგრიალი,
ტალღამ, ტალღაზე იწყო ჯახება,
ხეთა ფოთლებმაც მორთეს შრიალი.
მიჯნურთა გულებს დაუდგათ ლხენა,
მათ ბაგეებზე აკვდათ ღიმილი,
ამბორი, ხვევნა, ტკბილი სიმღერა
და გულთა უტყვი, ჩუმი სიცილი.
მე სიყვარული სულ არ ვიცოდი
მე სიყვარული სულ არ ვიცოდი
და არც მეგონა თუ არსებობდა,
იდუმალ ხმათა ამო განცდაში
მე ის სიზმრად თუ მესახებოდა.
მესახებოდა, როგორც ზღაპარი
ჩარჩება ხსოვნას მოხუცის თქმული,
და მეც მძინარეს განცდაში მხვევდა
ზმანება იყო, თუ სიყვარული.
გავიღვიძებდი, გამიქრებოდა,
თითქოს თილისმით ვიყავ შეკრული,
გამომყვებოდა საამო გრძნობა,
თვით ნეტარებით გამოხატული.
მე სიყვარული სულ არ ვიცოდი
და არც მეგონა თუ არსებობდა,
მხოლოდ სიზმარში თუ ვიხილავდი.
ცხადად კი გული მეფერფლებოდა.
ვეძებდი დიდხანს, დიდხანს ვეძებდი
სიზმრის დასასრულს ან გაგრძელებას,
და მხოლოდ ღამე, მხოლოდ სიზმარში.
მე ვეძლეოდი ტკბილ ნეტარებას.
და ერთხელ დილით, მშვენიერ დილით,
როცა ვარსკვლავნი ჩაბჟუტდნენ ცაზე,
მე ვპოვე ვარდი ცვარ დანაპკური,
მე ის შევიცან ბულბულის ხმაზე.
იებში იჯდა, წითელ კაბიანს
შვენოდა ლურჯთა შეფოფინება,
მე მიველ ახლოს სხვა ვარდით ხელში,
მან კი აღება არც კი ინება.
იას გადავწვდი რომ მომეწყვიტა,
იქნება ია გამოერთმია,
მაგრამ გამიწყრა და ბულბულის ხმით,
მითხრა "იები, ხედავ ჩემია."
მე სიყვარული სულ არ ვიცოდი
მაგრამ ძვირფასო შენ შემიყვარდი
ახლა მივდივარ შორეულ მთისკენ,
რომ მოგიტანო ობოლი ვარდი.
მე სიყვარული სულ არ ვიცოდი
მე სიყვარული სულ არ ვიცოდი
და არც მეგონა თუ არსებობდა,
იდუმალ ხმათა ამო განცდაში
მე ის სიზმრად თუ მესახებოდა.
მესახებოდა, როგორც ზღაპარი
ჩარჩება ხსოვნას მოხუცის თქმული,
და მეც მძინარეს განცდაში მხვევდა
ზმანება იყო, თუ სიყვარული.
გავიღვიძებდი, გამიქრებოდა,
თითქოს თილისმით ვიყავ შეკრული,
გამომყვებოდა საამო გრძნობა,
თვით ნეტარებით გამოხატული.
მე სიყვარული სულ არ ვიცოდი
და არც მეგონა თუ არსებობდა,
მხოლოდ სიზმარში თუ ვიხილავდი.
ცხადად კი გული მეფერფლებოდა.
ვეძებდი დიდხანს, დიდხანს ვეძებდი
სიზმრის დასასრულს ან გაგრძელებას,
და მხოლოდ ღამე, მხოლოდ სიზმარში.
მე ვეძლეოდი ტკბილ ნეტარებას.
და ერთხელ დილით, მშვენიერ დილით,
როცა ვარსკვლავნი ჩაბჟუტდნენ ცაზე,
მე ვპოვე ვარდი ცვარ დანაპკური,
მე ის შევიცან ბულბულის ხმაზე.
იებში იჯდა, წითელ კაბიანს
შვენოდა ლურჯთა შეფოფინება,
მე მიველ ახლოს სხვა ვარდით ხელში,
მან კი აღება არც კი ინება.
იას გადავწვდი რომ მომეწყვიტა,
იქნება ია გამოერთმია,
მაგრამ გამიწყრა და ბულბულის ხმით,
მითხრა "იები, ხედავ ჩემია."
მე სიყვარული სულ არ ვიცოდი
მაგრამ ძვირფასო შენ შემიყვარდი
ახლა მივდივარ შორეულ მთისკენ,
რომ მოგიტანო ობოლი ვარდი.
ვარსკვლავები კიაფობდნენ,
მთვარე თითქოს ბორგავდა,
მიჯნურს თვალს ვერ უსწორებდა,
მას ღრუბელი მოსავდა.
ვაჟკაცურად მიაპობდა
ღრუბლის ქუფთა ნაგლეჯებს,
ალმაცერად იხედვოდა,
თითქოს ვინმეს ახელებს.
გამოვიდა, ირგვლივ შუქის
მზვერავები დაგზავნა.
ბოლოს ჰპოვა... ვაჟმა ქალის
ბაგეები დაგმანა.
მთვარე სულ მთლად გადირია,
კანს ლაქები დააჩნდა,
იდროვა და... ვნებიანად
ქალს ტუჩებზე დააკვდა.
შეგხვდი კარგო, იმ ლამაზ დღეს,
ვარდი გეპყრა ხელში,
ლურჯ კაბიანს გამშვენებდა
ყვავილები თმებში.
ხარობდი და ილაღებდი
პაწაწინა გოგო,
გაუფურჩქვნელ ვარდის კოკობს
ღიმი გშვენდა როგორ.
კარგი იყავ და ლამაზი,
ტურფა მშვენიერი,
განცდა იყავ და ოცნება,
მშვიდი, გონიერი.
სიყვარული, როგორც ვარდის
გადაშლილი ფურცლები,
შენსკენ მიწევს საოცნებო,
შენსკენ მოვეშურები.
მე სიყვარულს ჯერ გაუმხელს
შენს თვალებში ვკითხულობ,
მაგ წამწამთა უსიერ ტყეს
და შენს თვალებს ვფიცულობ
არ მყვარებია აროდეს არვინ
არ მყვარებია აროდეს არვინ,
პირველ შენ იყავ ჩემი სტუმარი,
შენ შთამინერგე გულში სიამე
და სიყვარულის გამიღე კარი.
შენ სიყვარულის პირველო სხივო,
ჩემს გულში ლამპრად გაშუქებულო
ჩემი ოცნების ლამაზო ჩიტო,
ჩემო ოცნებავ და სიხარულო.
დედოფალი ხარ, შენ გენაცვალე
მეც დავიბადე ისე როგორც სხვა,
ჩემს მშობლებს ჩემი ჰქონდათ იმედი,
მშობლის თანხმობით ჯუმბერ დამერქვა.
შენც სიყვარულით ალბად მიცქერდი.
ვამბობ მიცქერდი, მაგრამ განა შენ,
იმ დროს იქ იყავ დაბადებისას?
არა ყოფილხარ, თუმც ნაზი გრძნობა
ძაფებს აბამდა ტკბილ ოცნებისას.
იქნებ ვიცოდით რომ სიყვარული
ბოლოს ორივეს დაგვატყვევებდა
და უებარი, საამო ტკბილი
ბაგეს ბაგეზე დააწებებდა.
როცა ვიზრდებით, წლები მატულობს
და სიბრძნეც აზრში რომ გვემატება,
ბავშვობის ხანის უკან დარჩენა,
გვანაღვლიანებს, არ გვემეტება.
და შემდეგ როცა ჩვენ გვესტუმრება,
გრძნობა პირველი სიყვარულისა,
ლამაზი ქალის მოალერსება
ახდენა არის ტკბილ ოცნებისა.
და, ამ დროს ვამბობთ, რომ არის ბედი,
რომელიც ზენარს გადუწყვეტია
და მომხიბლავი ლამაზი გედი,
ჩვენდა მეგობრად გაუმეტია.
ვიტყვით და ვამბობთ, იქნებ ვიცოდით
ეს კიდევ ადრე, პატარობისას,
თუმც ბუნდოვანად, მაინც იმედით,
დაბადებიდან ვიდრე ყრმობისას.
რომ არის სადმე წმინდა ასული
ვინც დაატყვევებს ახალგაზრდულ გულს
გაჩუქებს გრძნობას, სიყვარულს, სულთქმას,
და შეუძლებელს გახდის შეძლებულს.
მეც ვოცნებობდი და თან ველოდი
შენს გამოჩენას ჩემო გოგონა,
მწამდა, მჯეროდა ბოლოს გპოვებდი,
გპოვე, ქვეყანა ჩემი მეგონა.
შენი ლამაზი სახის ნაკვთები
ჩემო სულისთქმავ ჩემად გავხადე
და სიყვარულით ნაშენ ბაღების,
დედოფალი ხარ შენ გენაცვალე.