სიღნაღი,
სიყვარულის ქალაქი
შავთვალა ქალო შენს ცქერას
უნდა ვალიო დღენი?
შემოდგომაა, გამომყე,
ხომ დავამთავრეთ რთველი?
წამო, წაგიყვან, ჩემს გულში
შენ ჰპოვებ მყუდრო ბინას,
როცა კი მოგენატრება
სტუმრად წაგიყვან შინა.
მთის ძირას ვიცი ობოლი,
ობლად ნაზარდი ვარდი,
არ ვწყვეტავ, შენთვის ვინახავ
რაც გულში ჩამივარდი.
უფრო შორს წავალ, უფრო შორს,
მოვივლი არე მარეს,
მოგიტან წითელ ყაყაჩოს,
ოღონდ კი შემიყვარე.
თუმც შემიყვარეს რად ვამბობ,
ვიცი გიყვარვარ ძლიერ,
გაბედე, ნუღარ ყოყმანობ
და ნუღარ იცვლი იერს.
წამო, გამომყე შავთვალავ
ერთად ვატაროთ დღენი,
წამომყე, ან მოგიტაცებ,
შეკაზმული მყავს ცხენი.
ცეცხლის გამჩენო შენ უკვდავებავ
ცეცხლის გამჩენო შენ უკვდავებავ,
თვითონ ტანჯულო გულის მკურვნელო,
ულამაზესო, მშვენიერებავ,
გარს იები და ვარდები გევლოს.
თვითონ ვარდი ხარ გაუფურჩქვნელი,
კოკობი ვარდი, თვალს რომ იტაცებს,
სიყვარულისთვის დაბადებული,
ჭაბუკის გულს რომ სინაზით ავსებს.
წამწამთა ჩრდილი ხეთა ჩრდილია,
წარბები შენი ნორჩი ყლორტები
მაყვალი შენი თვალთა ჩრდილია,
თმა ფერით კიდევ დანამატები.
ტანი ალვაა, სახე მზისფერი,
ბაგენი მარწყვნი მაისის თვისა,
ვით გასძლოს გულმა, რომ არ გიმღეროს,
ლექსი არ გიძღვნას, თვის გულის თქმისა.
მე შენს სიყვარულს ჩემო ძვირფასო
სულ მუდამ გულთან ერთად ვატარებ,
ჩემი ცხოვრების ბედით კიბეზე
შენ ამო სუნთქვად გამოგატარებ.
მე, ჩემო კარგო, ჩემო ძვირფასო,
ტრფობის ალერსში რომ ვიწვი მარტო,
მე, შენს სიყვარულს მონატრებული,
შენს სიახლოვეს, შენს ტრფობას ვნატრობ
მე დავკარგე ყველა,
მე დავკარგე ის,
ამის შემდეგ განა
ოცნებაც კი ღირს?
მაგრამ ვიცი ვპოვებ,
ვიცი ვპოვებ მას
და არასდროს, ვფიცავ,
შევიყვარებ სხვას.
შენც ნუ წახვალ შორს,
ჩემთან მოდი მალე,
რა ხანია გელი,
მოდი, გენაცვალე.
არ მიყვარდი, არ ვიცოდი
მე ღალატის ფასი,
შემიყვარდი, გამოვცალე,
შხამით სავსე თასი.
ლამაზო გოგო, გაგიცანი ჩემს უნებურად,
იყო ქეიფი, მოლხენა და დროის ტარება,
ჩემს წინ იჯექი, შენ იყავი იმ დღის დედოფლად,
ჩემთვის უცნობი და ჩემს მიმართ მიუკარება.
ეს ის დღე იყო ჩემს გულში რომ ცეცხლი აინთო,
ეს ის დღე იყო როს ამურის ისარი მომხვდა,
როს სიყვარულის ტკბილ ნექტარმა სრულად ამანთო
და შენი სახის სილამაზემ მომაჯადოვა.
მას შემდეგ ტკბილი მოგონება მუდამ თან მდევდა,
მდინარის აღმა მდინარებას ვფიქრობდი მუდამ,
ვფიქრობდი ჩემი ჰყოფილიყავ, მე ასე მსურდა,
მაგრამ სურვილის აღსრულება არ ხდება მუდამ.
არ ხდება ვიცი, მაგრამ მე შენ ყველგან გეძებდი,
ვერ ვისვენებდი, შენი სახე მელანდებოდა
და ნაღვლიანსა, რომანტიკულ მწუხარებაში,
სიზმრად ნახული სინამდვილედ მესახებოდა.
მთვარევ, შენა ხარ ჩემი გულის მესაიდუმლე,
გემუდარები მაპოვნინო ჩემი გოგონა,
გზა გამინათე სიბნელეში და ძმად მიგულე,
თუ ყარიბ მგოსნად ვიქცეოდი, სულ არ მეგონა.
და, ბოლოს შეგხვდი, შენ მადლობა ღამის მნათობო,
მე იგი ვპოვე, ვპოვე ვარდი გაუფურჩქვნელი,
მან სიყვარულის კოკობ-ვარდმა, გული გამითბო,
და ყვავილნარში მომაფრქვია მისი სურნელი.
მე შენ გიხილე ახალ წლის დღეს, გოგონა ჩემო,
რა კარგი იყავ ტრფობის ეშხით გარემოცული,
მაშინ გავიგეთ სიყვარულის სიტკბო და გემო,
მაშინ შევიგრძნეთ ერთად ყოფნის ზღვა სიხარული.
ამ დღეს გაიღო შენი გულის კარები ჩემთვის
ტრფობის ალერსში გაეხვიე პატარა გოგო,
"მიყვარხარ" გითხარ და პასუხიც მოგთხოვე ჩემთვის,
ცრემლმორეულსა გამოხედვა გშვენოდა როგორ.
ეგ წამწამები ბავშვივით რომ აფახულებდი,
თითქოს გავდაო დილის ნამით დაცვარულ ბალახს,
გაბუტულ ბაგეთ სიყვარულის ედვათ ბეჭედი,
მხატვარი ვიყო, მოვძებნიდი უთუოდ ყალამს.
ბოლოს გაბედე, შემომხედე, შემომანათე,
შენც სიყვარულის ალი გწვავდა ჩაუქრობელი,
თვალებში სხივი ჩაიდგი და ცეცხლებრ აენთო,
"მეც მიყვარხარ"-ომ მომაშორა მწარე ნაღველი.
გაფრინდება, როგორც ველის პეპელა
გაფრინდება, როგორც ველის პეპელა,
სიყვარული, ვით ოცნება წარმტაცი,
ნახვამდისო, გეტყვის თეთრი ენძელა,
ნახვამდისო, გეტყვის ვარდი აღმტაცი.
უკანასკნელ კოკობს მოწყვეტ ბაღში და,
თვითონ გაშლი, რადგან სიცხემ დაჩაგრა,
მას ბუნებამ მიანიჭა სიცოცხლე,
მაგრამ მხოლოდ დაბადება აკმარა.
ბედის ვარსკვლავი კაშკაშებს
მარტოდენ, გულმდუღარისად,
ვისაც ვეტრფოდი, დავკარგე,
თუ ვპოვო ნეტავ გაისად?
საით წავიდე, სად ვძებნო,
ვინ მიმასწავლის იმის კვალს?
იქნება სულ მიმატოვა?
მაინც მოვიხდი, მე ჩემს ვალს.
შენს სურათს დავცქერ, შთაგონების შუქით გამთბარი,
მისგან გადმოკრთის სულიერი რწმენა და შვება,
შენს სურათს დავცქერ, კიდევ დავცქერ, კიდევ და კიდევ,
და მეგობრული სიყვარულის ცეცხლი მედება.
ერთობ ნაზი ხარ, რომ შეგამკო ფოლადის სიტყვით.
შენ უფრო ია-ვარდისაკენ გადაიხრები,
შენ სიყვარულის ანდამატად დაბადებულხარ,
შემ შრომა გიყვარს, მძლავრ პათოსით მიტომ ვივსები.
როგორც პეპელა, მოფარფატე, ნაზად მხეველი,
ყვავილებს ნაზად დაჰფანცქალებს, ამბორით ავსებს,
როგორც ბულბული, სიყვარულის სიმღერის მთქმელი
ისე გაბრწყინდი, გულს ნეტარი სხივებით ავსებ.
ალბად გინახავს ვარსკვლავთაგან მთვარის გამიჯვნა
და სიყვარულის ჯადოსნური ამღელვარება,
ალბად გინახავს პირწმინდაზე ლაქათ დამჩნევა
და მიწიერთან, მის ასულთან მის მიჯნურება.
მისი ალერსი, ხეთ ტოტთაგან ისრად ნასროლი,
მიჯნურის სახეს ქურდულად რომ ეთამაშება,
სწორედ შენ გკუთვნის, თუმც სიფიცხემ თუ მომიარა,
მის გულს, მღელვარე, ჩემი გულიც გაეჯიბრება.
სიცოცხლის ვარდო, სიტკბოების ნაზო ფერიავ,
ედემის ბაღში ამოსულო ვარდის კოკობო,
ტკბილო ასულო, სიყვარულის ზეშთაგონებავ,
იავ და ვარდო, მარგალიტო, პატარა გოგო.
გინდა ცაში ვარსკვლავები იმონო,
გინდა გული ზღვის ღელვას შეუერთო,
ვერა მაინც, ვერა-ვერ დაგემონო,
და ვერ გავძლო მე უმისოდ, უერთოდ.
რაც გინდა ჰქნა, თუნდ გადიქცე ხატებად
და მძინარეს გულს ხატად დამესვენო,
ვერა მაინც, ვერა-ვერ შეგიყვარებ,
მე შენობას მიჯობს საფლავს ვესვენო.
მიყვარს სხვა და მისთვის ვიწვი და ვდნები
შენს ხელში კი სამუდამოდ დავდნები.
"ქალიშვილო, შეჩერდით,
საათის რომელია?"
მე საათი გკითხე და,
თქვენ მეუბნებით: მზია!
"კარგით, მოდი ვიცნობდეთ,
მე ზურაბს მეძახიან,
მაგრამ მაინც მითხარით,
საათის რომელია"?
"მე აყვე ახლოს ვცხოვრობ,
აგერ იქ რომ ბაღია
მთელ თბილისის ბაღებზე
დიდია და კარგია.
მე სულ იქ დავსეირნობ,
ახლაც იქით მივდივარ,
წამო გავისეირნოთ,
სახლში რატომ მიდიხარ?"
"იცით, მაგვიანდება,
მე სახლში მომელიან
შენ მარტო ისეირნე,
კარგად იყავი, მზია."
"ოი, დედიკოს ბიჭო
მე შენ ძალით წაგიყვან
შინ დედა გელოდება?
სახლშიც მალე მიგიყვან."
ბაღი მეტად ლამაზად
და ფაქიზად მორთულა
მზია ზურაბთან ერთად
სჩანს ბაღში შემოსულა,
სწრაფად სკამი მოძებნა,
ლაღად დაჯდა მცინარი
და მუხლებზე დაისვა
ბიჭი სახე მჭმუნვარი.
ზურაბი ცეცხლისაგან
წითელ-ყვითელ ღვიოდა,
მზიას მკაცრ ალერსისგან
ცოტა უკლდა ტიროდა.
მეგობრის სურათს მაჩვენებს
ვუცქერ: მეგობრის სურათს მაჩვენებს,
ლიტველი ბიჭი მღიმარი სახით
და თანაც დასძენს "ჩემი გოგოო",
სახეს მარიდებს რიდით და კრძალვით.
დაჯდა და წერად გაკრიფა ხელი,
მიჯნური მიჯნურს უწერდა წერილს,
ვაჟი აქ, გოგო ალბათ იქ წერდა,
ვინც მოუთმენლად მის პასუხს ელის
ვარდმა სთქვა: გული ბოროტი
არცა მაქვს, არცა მქონია,
მაგრამ დაისსა აისის
თავი ტოლად ნუ ჰგონია.
დაისის მწუხრი ნაშუქი,
ობლად რომ მოჩანს ცაზედა,
სულაც ვერ მათბობს, გულს მიკლავს,
მისი დანახვა აქედან.
რადგან დაისის დადგომას
მოსდევს ცდუნება ძილისა,
ვერცა ვინ მხედავს, ვერც ვხედავ.
ბრალია სულ დაისისა.
შენ მიყვარხარ, მე მხოლოდ შენ,
ჩემო ტკბილო ელო.
ვინატრებდი ცხოვრებაში
შენთან ერთად მევლო.
რომ სიყვარულს ფრთები ესხას,
გული გულთან ღელდეს,
არ ვიცოდი ვინ მიყვარდა,
არ გიცნობდი დღემდე.
გნახე და გულს მომეფონა
სიყვარულით ვიწვი,
შენ პირველო ტრფობის კერავ,
რომ მიყვარხარ იცი?
გული მომე, ეს გული ხომ
შენია და შენი,
ერთად ვიყოთ, ერთად ვლიოთ
მეგობრობის დღენი.
მზე ჩადიოდა, ვარდები
სიყვარულს მეფიცებოდნენ,
იანი მორცხვად მზირალნი
ტრფობის ალერსში ბნდებოდნენ.
ვეღარ ვუძლებდი მათ ცქერას
მე მათი ეშხის მხილველი
და უნებურად შევიგრძენ
მიჯნურის გრძნობა პირველი.
ვარდი სიწითლით მხიბლავდა
და ია ლურჯი მარმაშით,
მზე კი ჩავიდა და ცაზე
ვიხილე ვარსკვლავთ თამაში.
* * *
ზარი მზარავს,
ნისლი მნამავს,
გულს წადილი მერთვის.
რომ შეგეტრფო,
რომ შეგერთო
გული ფეთქავს შენთვის.
* * *
მე შენზე არ მომწყინდება
სიმღერა ათასფერადი,
სიყვარულს სევდად გავიხდი,
გული მექნება მღერადი.
თუნდ სამარემდის თან გამყვეს
სევდა სიკვდილის მშობელი,
მე მაინც შენ მეყვარები,
შენზედ ვიქნები მლოცველი.
მიყვარს მე – ლამარა
ცეცხლისფერი ელვა ცას რომ გაეკლაკნება,
შენი ნათელი სახე ჩემს თვალებს ელანდება.
დღეს შორსა ხარ ჩემგან, ვერა გხედავ თვალით,
მსურს კი იყო ჩემთან, მსურს შეგხედო წამით.
მზის სხივები სარკმელს მოადგება წამით,
სიხარულით სევდა მავიწყდება ამ დღით.
მოვიგონებ მაშინ იმ სანატრელ დღეებს.
შენთან ახლოს ყოფნის იმ სანუკვარ დღეებს.
მოკაშკაშე მზეც კი გულს შუაზე მიპობს.
პაწაწინა გოგო გულს როდის გამიპობს.
რომ ჩავხედო შიგა, წავიკითხო მასში,
რა სწერია შიგა, რა სწერია მასში.
ნეტავ ჩემზე ფიქრობს, ვაგონდები ნეტავ?
ეს ვიცოდე მასთან გავჩნდებოდი ეხლავ.
სიყვარულის ვარდი სურნელებით მათრობს.
მას თუ ჩემი ლექსი ოდნავ მაინც ათრობს?
მაშინ დავწერ მასზედ საოცნებო ლექსებს
დავწერ და მივუძღვნი, სიყვარულის ლექსებს.
მაშ ამღერდი გულო, სევდის ფიქრი კმარა,
დღეს შევიგრძენ, მივხვდი, მიყვარს მე ლამარა.
ლამაზო, შავგვრემანო,
თვალჟუჟუნა გოგონა,
შენი თვალთა ნაშუქი
ელვა იყო მეგონა.
შენი სახე ეფრფინვის
თვალთა ისრების სრბოლას,
ანათრთოლი გულმკერდი,
კეკლუცი ტანის ჩქროლას.
შენი ნაზი "მიყვარხარ"
და "მუდამ მეყვარები"
აროს დამავიწყდება
სულ გულთან მეყოლები.
ალიონზე თარით ხელში
ბაღში ვვლიდი მალულად.
იებს, ვარდებს, ყაყაჩოებს,
თავს ვუხრიდი ფარულად.
ზამბახებმა ეს შენიშნეს
ჩუმად მიწყეს თვალთვალი,
თან ერთმანეთსა უბნობდნენ,
"აქ არისო რა ხანი."
ალიონზე თარით ხელში
ვამღერებდი სიმღერებს,
ზამბახები ნაზად თრთოდნენ,
"ჩუმად, კიდევ იმღერებს."
* * *
ვარდო, მთის ძირას ნაზარდო,
იავ, ნაფურჩქნო ტყეშია,
ჩემო ლამაზო გოგონა,
შენ გენაცვალე ყელშია.
* * *
ტრფობავ, სიყვარულო, ლუიზა,
სიცოცხლის წყურვილო, ლუიზა,
ბაგე-ვარდ ფურცელა, ლუიზა,
ცქრიალა მერცხალო, ლუიზა
პაწაწა გოგონა, ლუიზა
ამბორი მაჩუქე, ლუიზა
გეტრფი და მიყვარხარ, ლუიზა
სიყვარულის ბაღი შევქმენ
და შიგ დაგასახლე,
პირ-მცინარე ქალიშვილო,
შენ კი გენაცვალე.
ულამაზეს ბაღსაც შევქმნი,
შენთან ერთად ედემს,
ჩემს გულშიაც დაგასახლებ,
რომ სიცოცხლე სჩქეფდეს
როცა ღამდება და ვარსკვლავნი ბრწყინავენ ცაზედ,
როგორც ეული მე ბაღებში დავეხეტები.
მთვარის ჩრდილს ვეძებ, ფიქრი მიპყრობს ჩემს კაეშანზედ,
მსურს განქარვება, დავიწყება მწუხარ ფიქრების.
ფიქრთ ლაბირინთში როს ვიყავი გადავარდნილი,
როგორც თილისმამ, შემაჩერა მძლეთამძლე ძალამ,
მიმოვიხედე, ვით ფერია ზღაპარში თქმული,
აღთქმული სახე, მთრთოლვარ ბაგით მიძღვნიდა სალამს.
ერთი ფიქრიდან გამორკვევა ვერ მოვასწარი
რომ ნათელ შუქმა ხელმეორედ ხელში ჩამიგდო,
თვალთ დამიბნელდა, ის კი ჩემსკენ გამოემართა,
მომესალმა და თვისი ხელი ხელში ჩამიდო.
რა ტანი გაქვს, ოჰ რა ტანი
რა ტანი გაქვს, ოჰ რა ტანი,
რა ნარნარი ტანი,
სიყვარულის ანგელოზო,
ნანი, ჩემო ნანი.
რა გიხილე განვიცადე
პირველ ტრფობა ნანი,
შენი ტანის სინატიფემ
დამავიწყა თავი.
რა ტანი გაქვს, ოჰ რა ტანი,
რა წარმტაცი მკერდი.
სიყვარულის დედოფალო,
შემომხედე ერთი.
წამწამების ტყეს ნუ დახრი
ზღვის ყურება მწადის,
ბაგე გითრთის და გულ-მკერდი
ადი, ჩადის, ადის.
თითქოს ტანი გექოჩრება,
თავი უკან მიგდის,
თვალებს ნაბავ ტურფა ნანი,
ფერი მოგდის მიგდის.
მე ხომ შენთვის სიყვარული მინდოდა,
მე ხომ შენთვის მსურდა მეთქვა მიყვარხარ,
მაგრამ გულმა ჯერეთ გამოუცდელმა,
ვერ გითხრა რომ ვინც მე მინდა ისა ხარ.
მაკავებდა რაღაც გრძნობა ფარული,
მეგობრობის სხივით გაბრწყინებული,
მიყვარდი კი, მაგრამ ვერ გიბედავდი,
თუმც კი შენგან ვიყავ დამონებული.
მაგრამ მითხარ, ბოლოს რატომ გამწირე,
გრძნობის ფარდა ხელში შემომატოვე,
სიყვარულო, მითხარ რად ამატირე?
ნუთუ, კარგო, სამუდამოდ დამტოვე?
მოდი ძვირფასო,
რატომა ხარ დაღონებული?
ეგ წამწამები
მომხიბლავნი რას დაუნამავს?
ნუთუ ტიროდი?
და ეგ ნორჩი, მჩქეფარე გული
მწუხრს განიცდიდა
და წამწამნიც ცრემლმა დანამა?
მოდი აქ, ჩემთან,
შეგიმშრალო ეგ ზღვა თვალები,
რომ აღარასდროს
აღარ იყო ნამტირალევი,
მოდი აქ, ჩემთან,
მოდი ჩემთან, თუ გსურს ალერსი
მოდი აქ, გოგო,
ნუღარა ხარ სევდანარევი.
გამოიქეცი!
ჩქარა, ჩქარა, სირბილით ლალი.
დაწყნარდი ახლა,
აი ასე. ნუ ხარ მტირალი.
ვსტკბებოდი შენით როცა გიცქერდი,
მაგრამ სიტყვებით რა გამოვხატო,
მე შენს თვალებში ზღვა კი არ ვპოვე...
მაგრამ სულ ვფიქრობ, როგორ დავხატო...
როგორ ვთქვა, როგორ, ის რაც იქ ვნახე,
რამაც მე სულის მომცა მშვენება,
ან ის როგორ ვთქვა რომ შენი სახე,
არის ალერსი, ტკბობა და შვება?
მსურს მოგეგონო და სალამი მოგიძღვნა ახლა,
როცა გავშორდით, ვეღარ ვხვდებით ყოველ ცისმარე,
გრძნობა შლას იწყებს, მწუხარებამ მომიცვა სულ მთლად
და გევედრები სიყვარულის ტანჯვა მაკმარე.
მომწერე: რომ ვარ სიყვარულის მტერი ვერაგი,
რომ მე გადავწვი წმინდა ტრფობით ნაშენი ბაღი,
რომ ჩემი სახით არ გყოლია არვინ ქომაგი
და მარტო რჩენილს ბევრჯერ ცრემლი გდენია ღამით.
სიყვარულს მზე ალამაზებს,
თუ სიყვარული მას?
ორივ ხომ მზედ დაგვისახავს,
მზე ხომ სიყვარულს გავს?
მზე ხომ მაღლიდან დაგვნათის
და ნეტარ სხივებს გვფენს,
სიყვარული კი სხივებთან,
თვით უკვდავებას გვძენს.
მზე ლამაზია, შუქ მნათი,
ვუცქერთ, გვიღიმის, კრთის,
სიყვარული კი სიამის,
ტკბილ ჟრუანტელსა გვგვრის.
ჩვენ მზე გვიყვარს და მის სხივებს
ბევრჯერ გავუხსნით გულს,
მაგრამ სიყვარულს ჩვენ ვეტრფით
და ვანაცვალებთ სულს.
* * *
სიყვარული – ნაზი ია
და ენძელა გაზაფხულის,
სიყვარული – ვარდის სუნთქვა.
სიყვარული – სუნთქვა გულის.
* * *
შენი სახელი არ მაგონდება,
მე მხოლოდ შენი სუნთქვა ვიცანი...
თუ გახსოვს იმ წელს ყვავილით ხელში,
მოვედი შენთან და გაგიცანი.
* * *
ო. რა ტკბილია სიყვარულის გრძნობის გამხელა.
და, მით უმეტეს, როცა იცი უყვარხარ ვინმეს,
გრძნობით აიღებს შენგან ღელვით დაწერილ წერილს,
მთრთოლვარე ხელით გახსნის მას და
შენს გულს მოისმენს.
სიყვარული გაგვითბობს გულებს
ბედნიერებავ, რატომა ხარ დროების მკვიდრი,
ერთხანს ბრწყინვალე, მეორე ხანს ტანჯვით აღსავსე?
კაცს ჩააგონებ ის იყოო მხოლოდ ზღაპარი,
რაც მისთვის არის სიყვარულის ფიალა სავსე.
მადლობა! ბედმა გამომრიყა ზღვისა ნაპირზე,
ტალღა ტალღაზე მეჯახება, ჩათრევას ცდილობს,
სურს ჩამიტანოს, სრულად ჩამნთქას, მიმიკრას ფსკერზე
და ბრაზიანი ჩემს ნეშტზედაც აღარა ფიქრობს.
მაგრამ მე მჯერა, რომ ამოვა მზე დიდებული,
და სიყვარული ჩვენს გულებსი დაისადგურებს,
მაშინ ეგ ტანჯვა განშორებით გამოწვეული,
უმალ გაქრება, სიყვარული გაგვითბობს გულებს.
მათრობელა ღვინით სავსე თასით ხელში
ალავერდი შენთანა ვარ ჩემო კარგო,
როგორ მინდა შენი ტრფობით ვიწვოდე და
იმედი მაქვს შენს მკერდში რომ თავი ჩავრგო.
მოახლოვდა გაზაფხულის ცისკარი და
ალიონზე ჩიტუნების ხმები ისმის,
რაოდენი სიხარულის განცდა ჩნდება,
იმედათ რომ შენი ტკბილი ხმაც გაისმის.
მარი, მარი, ჟღურტულებენ ჩიტუნები,
აკიაფდა ცაზე მზის კამკამა თვალი,
რუდუნებით გიმღერს მტკვარი ტკბილ სიმღერებს,
იმედოვნე, დაგწვავს სიყვარულის ალი.
ვარსკვლავთ ციმციმი და ბნელი ღამე
ცის მყუდროება ძირს ჩამოსულა,
არსაიდან ხმა, მხოლოდ სიჩუმე,
ღამის მნათობიც არ ამოსულა.
სიჩუმე ირგვლივ, მხოლოდ სიჩუმემ
დაისადგურა ქალაქის თავზე,
თითქოს გამწყდარა ყველა სულდგმული,
სიჩუმე მეფობს მთაწმინდის მთაზეც.
მტკვარიც ნანასებრ აღარ მომღერის,
მასაც თუ აკრთობს ეს მყუდროება
და სიჩუმეში კრთომით მდინარის,
მხოლოდ ჩურჩული შემოგესმება.
მთვარე აცურდა ცისფერ გუმბათზე,
შუქმფინარ სახით მიწას აშუქებს
და შეყვარებულთ ქურდულ მზერისთვის,
ვით ტყვედ ჩავარდნილთ კოცნით აბრუებს.
მთვარის ჩრდილში უნაზესი ვარდი ვპოვე,
მან წამართვა გული, გრძნობა და გონება,
შევტრფოდი და შემიყვარდა, სიტრფო ვპოვე,
გულმა გული იპოვა და დაემონა.
შენ მიყვარხარ ჩემო კარგო, ჩემო ნაზო,
ამ დღეიდან შენ ჩემს გულში ჰპოვე ბინა,
ო, ნეტავი ხეთა ჩრდილი, მწვანე მდელო,
იყოს ჩვენი სავანე და მყუდრო ბინა.
შენს ლამაზ ტანს, კოპწიას და მონარნარეს,
მაღალ ყელს და ცად აზიდულ წარბ-წამწამებს,
მაყვალ თვალებს და უნორჩეს ქორფა ბაგეთ,
გრძნობით ვუცქერ, ჰკვნესის გული, შემიყვარებს?
მაია
მაისის დილა გათენდა,
მზემ სხივნი გამოაბრწყინა,
რა კარგი ხარ თქო, გოგონი,
ვუთხარ და მან კი იწყინა.
ანკარა წყაროს მიგიგავს,
გოგოვ ეგ შენი თვალები,
სიცოცხლის ეშხით სავსე ხარ,
გეტრფი და გეთაყვანები.
იმედის თვალით შევცქერი
ე, მაგ დანისლულ წამწამებს,
იქნება ჩემზე ფიქრი და,
ჩემზე წუხილი გაწვალებს.
ამოსკდა გრძნობა ცხოველი,
ლამის გამისკდეს გულია,
თქვი რამე, გადამარჩინე,
თორემ დავლიე სულია.
სიყვარულზედ
მსურდა მენახე შენ ვარდებზე უფრო ლამაზი,
უფრო ლამაზი სიყვარულის გამომხატველად,
მსურდა მენახე შენ უვარდოდ და უყვავილოდ,
შენ სიყვარულის, უკვდავების გამომსახველად.
განა მოჰპარე შენ ყვავილებს სიწითლე მათი,
ეგ შენი სუნთქვა განა ვარდთა ამოსუნთქვაა?
ეგ არ იფიქრო, თვითონ ვარდი გიფარავს ხოლმე
და თუ ის ცოცხლობს, ეგეც ისევ შენით სულთქმაა.