ნავიგაცია |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
სიღნაღი,
სიყვარულის ქალაქი
სულთა ღაღადი
ანუ, ვინ არის დამნაშავე
გაგრძელება
მილიციაში მიყვანის შემდეგ, იმ დღით, ლერისთვის აღარავის
მიუკითხავს. ეგ იყო მხოლოდ, რომ საღამოთი დედამ საჭმელი
მოუტანა. საჭმელი მილიციონერმა შეუტანა. ქეთევანი
იძულებული იყო შვილის უნახავად გამობრუნებულიყო.
გამომძიებელთა ჯგუფი ამოღებული ოცდახუთკაციანი სიის
შესწავლას შეუდგა. მათ განსაკუთრებულად აინტერესებდათ
ექვსეულის დანარჩენი ოთხი წევრი. ოთხიდან არც ერთი არ იმყოფებოდა ქალაქში. მათი მშობლები გააფრთხილეს სასწრაფოდ
დაებრუნებინათ ისინი სახლებში. მათვე დაადგინეს პროკლამაციების დამწერი ორი გოგონას ვინაობაც. ესენი იყვნენ გიული ოქრუაშვილი და ნუნუ ნიკვაშვილი, რომლებიც თენგიზთან, კოწოსთან და გაიოზთან ერთად, ერთ კლასში სწავლობდნენ.
მათთან გასაუბრება იმავე დღეს მოხერხდა. ისინი სიღნაღში
იმყოფებოდნენ. საუბარი გიულის სახლში შედგა. ნუნუ და დედამისი გიულიმ თავისთან ამოიყვანა.
გამომძიებლის კითხვაზე, თუ ვინ დააძალა მათ პროკლამაციების
დაწერა, გიულიმ უპასუხა:
_ ჩვენთვის არავის არაფერი არ დაუძალებია. ჩვენ ამ ორგანიზაციის
წევრები ვართ და საკუთარი ნებით გავაკეთეთ ყველაფერი.
გიულიმ და ნუნუმ უკვე იცოდნენ ლერის დაკავების ამბავი,
ისინი ახლო მეზობლები იყვნენ, ამიტომ მათთვის მოულოდნელი
არ ყოფილა ქალაქელი სტუმრების მოსვლა და თავს ომახიანად
გრძნობდნენ.
_ რამდენი ხანია რაც ამ ორგანიზაციაში იმყოფებით?
_ თითქმის დღიდან დაარსებისა. კონკრეტულად კი მას შემდეგ,
რაც სტალინის დაგმობა დაიწყო, როცა "საგ"-ი ჩამოყალიბდა
და საჭირო გახდა პროკლამაციების დაწერა. – უპასუხა ნუნუმ
და ოდნავ შეწითლდა სახეზე.
_ მეთხუთმეტე წელში მყოფი გოგონები თვითდაჯერებულად
გამოიყურებოდნენ. მშობლები სიამაყის გრძნობით შესცქეროდნენ
მათ. განსაკუთრებით შემართული იყო გიული. მას
ხუმრობით მოუსვენარი სულის ადამიანს ეძახდნენ ამხანაგები.
გიულიმ არც აცია, არც აცხელა და გამომძიებლებს ომახიანად
მიმართა:
_ რატომ დააკავეთ ლერი. რა დავაშავეთ ასეთი? განა თქვენ
არ გიყვართ სტალინი? გულში გეყვარება თუ ხმამაღლა იტყვი
რა მნიშვნელობა აქვს? ერთი ეხლა გაცოცხლდებოდეს და ვნახოთ
მერე!
ნუნუ სახელოზე ქაჩავდა მეგობარს, რითაც აგრძნობინებდა,
რომ თუ ჩუმად არ ვიქნებით, ამ ღამეს მილიციის საკანში
მოგვიწევს ღამის გათევაო.
მოსული სტუმრები ღიმილნარევი სახით შესცქეროდნენ გო-
გონებს, მათ ატკრციალებულ სახეებს. თითქოს მიუხვდნენო
ნუნუს, ერთ-ერთმა მათგანმა დაყვავებით მიმართა:
_ ილაპარაკოს, ილაპარაკოს. ამოთქვას რაც გულში აქვს.
სტალინის მიმართ არც ჩვენ ვართ გულგრილები, მაგრამ
ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს.
ერთხანს კიდევ ისაუბრეს. შემდეგ სტუმრები დაემშვიდობნენ
მასპინძლებს და დაეშვნენ დაღმართზე. გზაში ერთ-ერთმა
მათგანმა ჩაილაპარაკა:
_ ტყუილად არ უძახიან ქიზიყელებს უბატონო მხარის შვილებს.
ის ღამე ლერი ჯოხარიძემ მილიციაში გაატარა. ბევრს ფიქრობდა
მომხდარის შესახებ. სიმართლის თქმას ვერსად წაუვიდოდა.
ყველაფერი გარკვეული იყო. აფიქრებდა მხოლოდ ის,
თუ რატომ მილიციაში მოყვანისთანავე არ დაკითხეს. "ალბათ,
ყველას ერთად შეგროვება უნდათ, რომ ერთმანეთს დაგვაპირისპირონ." მან იცოდა, რომ ომარი მილიციაში იყო, მაგრამ
მასთან დაკავშირების არანაირი საშუალება არ არსებობდა.
"ომარმა სათქმელი თქვა. რატომ არ გაანთავისუფლეს, ნუთუ
პასუხისგებაში მიგვცემენ? არაა გამორიცხული, რომ ასეც
მოხდეს. თუ თბილისში ახალგაზრდები არ დაინდეს და დახოცეს,
ჩვენ რა მამა-აბრამის ბატკნები ვართ?" გვიან, გვიან, მაგრამ
ძილმა თავისი მოითხოვა და ხმელ საწოლზე ჩაეძინა.
დილის ათი საათისთვის დედის მიერ მოტანილი საუზმე შეუტანეს.
ლერი თან საუზმობდა და თან ფანჯარაში იყურებოდა.
უცებ წამოხტა და ფანჯარას ეცა. მან დაინახა, თუ როგორ
შემოიყვანეს მილიციის შენობაში თენგიზი. უნდოდა გასძრახებოდა, მაგრამ გადაიფიქრა, საქმე არ გავაფუჭოო. საუზმის თავი აღარ ჰქონდა. მწარე ფიქრებმა წაიღო: "ნუთუ ყველას სათი-
თაოდ აიყვანენ?" მან იცოდა, რომ გაიოზი, ჯემალი და კოწო
სიღნაღში არ იმყოფებოდნენ. "მაგრამ რა დაუშლით, ალბათ მა-
თაც ჩამოიყვანენ." ამ ფიქრებში იყო ლერი, კარები რომ გააღეს
და უთხრეს გამომძიებელთან გამოგვყევიო. ახალგაზრდა დაზაფრული გაყვა მილიციონერს.
ნაცვლად გამომძიებლისა რაიკომის შენობაში წაიყვანეს,
რომელიც მილიციიდან ორ ნაბიჯზეა. იმ დროს რაიკომის მდივანი
ზაქარია ბიძინაშვილი იყო. მის კაბინეტში გარდა რაიკომის
მდივნისა რამდენიმე უცხო პირიც იყო. ერთ-ერთი მათგანი
"სუკ"-ის უფროსი ინაური იყო.
ინაურმა ლერის გამოჰკითხა გვარი, სახელი, მამის სახელი,
ოჯახური მდგომარეობა, დაბადების წელი და როდესაც გაიგო,
რომ ლერი სწორედ იმ დღეს, 10 აგვისტოს იყო დაბადებული
დიდის ამბით მიულოცა.
_ ახალგაზრდავ ერთი გვითხარით, რას ნიშნავს "საგ"-ი და
საიდან მოდის ეს დასახელება.
ინაურმა ხელი რომ ჩამოართვა და დაბადების დღე მიულოცა,
ამან ლერიზე დადებითად იმოქმედა. იგი ერთიანად გან-
თავისუფლდა დაძაბულობისგან, რომელსაც აქნობამდის შებორკილი ჰყავდა. იქ მყოფებთან თავი შინაურულად იგრძნო
და თამამად უპასუხა:
_ "საგ"-ი, ეს არის "სიღნაღის ახალგაზრდა გვარდია", შექმნილი
გაიდარის "თემური და მისი რაზმის" მიხედვით. მაგრამ
შექმნილმა სიტუაციამ, რომელიც სტალინის სახელთანაა დაკავშირებული, მას ფადეევის "ახალგაზრდა გვარდიის" მებრძოლი სულისკვეთება შესძინა.
ინაური ერთგვარი გაკვირვებით აცქერდებოდა ახალგაზრდას,
შემდეგ კი დაყვავებით დასძინა:
_ შე მამაძაღლო, სტალინი ჩვენც კი გვიყვარს, მაგრამ ასეთ
რამეებს როდი ვაკეთებთ.
ინაური მხიარულ ხასიათზე იყო. რისიც ეშინოდა ის არ მოხდა.
სიღნაღში მიმდინარე მოვლენები ბავშვების მოქმედებასთან
იყო დაკავშირებული. მან ამის შესახებ ხრუშჩოვსაც უპატაკა,
რომელმაც ურჩია, ბავშვები გაეშვათ და არანაირი სასჯელი არ გამოეტანათ მათთვის.
ლერის რაღაც უნდოდა ეთქვა, მაგრამ ინაურმა აღარ დააცალა.
მილიციონერს უბრძანა დაკავებული მილიციაში გამომძიებელთან
გადაეყვანა.
ლერი ისევ დაძაბულობამ შეიპყრო. მას ვერ აეხსნა ის გარემოება
თუ რატომ არიან ადამიანები გაორებულები. "თუ ინაურს
სტალინი უყვარს, მაშასადამე ჩვენიანი ყოფილა. თუ ასეა, რატომ
არიან ჩვენს საწინააღმდეგოდ შემართულნი? რას დამარბენინებენ
აღმა-დაღმა მილიციონერის თანხლებით?" სანამ ლერი თავისივე კითხვებზე პასუხებს მოიფიქრებდა, ის უკვე გამომძიებლის კაბინეტში სკამზე იყო ჩამომჯდარი. ფიქრებიდან ის გამომძიებლის მკაცრმა ტონმა გამოიყვანა. აღარსად იყო ინაურის ლმობიერება. მის წინ უშიშროების მოხელე იჯდა, რომელსაც უნდა გადაეწყვითა მისი და მისი მეგობრების ბედი. რამდენადმე მასზე იყო დამოკიდებული თუ როგორ დამთავრდებოდა ყველაფერი. ლერი ოფიციალურად ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი იყო და, ბუნებრივია, მეტი პასუხისმგებლობა ეკისრებოდა. მას ან უნდა უარეყო ბევრი რამ, ანდა ყველაფერი ეღიარებინა. მისი ფიქრით ყველაფერი ნათელი იყო და უაზრობა იქნებოდა ეთქვა, რომ რაც გაკეთდა არ გაგვიკეთებიაო. რამეთუ ფაქტები სახეზე იყო. ეგეც არ
იყოს - "რატომ არ უნდა ვთქვათ ყოველივე ის რაც გავაკეთეთ?
თუ მალულად ვაკეთებდით, ღიად თქმაზე უარი, სხვა რომ არაფერი, უკადრისობა იქნება."
ლერიმ თხრობა დაამთავრა. გამომძიებელმა წერტილი დასვა
და კითხვით მიმართა ლერის:
_ ყველაფერი დამთავრდა, თქვენ სასჯელს არ მიიღებთ, მაგრამ
გვაინტერესებს რას ფიქრობთ ყოველივეს შესახებ, როგორ
წარმართავთ თქვენს საქმიანობას შემდგომში?
_ აბა რა ვიცი?! ვინც გიყვარდა აღარ უნდა გიყვარდესო. მე
ახლა დაცლილი ვარ. ისიც არ ვიცი ვინც კიდევ მიყვარს უნდა
მიყვარდეს თუ არა. კარგი იქნებოდა თუ დაგვისახელებდით ვინ
უნდა გადავიყვაროთ, რომ ისევ ასეთ დღეში არ აღმოვჩნდეთ.
_ ერთგვარი ირონიით უპასუხა ლერიმ.
გამომძიებელმა არ შეიმჩნია, რომ ახალგაზრდის ირონია მისი მისამართით იყო ნათქვამი. ვითომ აქ არაფერიაო, ოქმზე
ხელი მოაწერინა, მილიციონერს გამოუძახა და უბრძანა ლერი
სახლში გაეშვა. მილიციის შესასვლელთან საკმაოდ ბევრ ხალხს მოეყარა თავი. ომარი გამოეშვათ. მას კი სიღნაღში ის ის იყო ჩამოსული მეგობრები გაიოზი, ჯემალი და კოწო ენახა და სხვა ამხანაგებთან ერთად მილიციის კართან იდგნენ. ლერის და თენგიზის გამოჩენას ელოდნენ. ლერის გამოჩენამ ისინი გაახარა. თენგიზის შესახებ კი აცნობეს, რომ მას დღეს არ გამოუშვებდნენ.
ლერი დაინტერესდა კოწოს, ჯემალის და გაიოზის მიმართ
რა ღონისძიებები გაატარეს "სუკ"-ის მუშაკებმა. აღმოჩნდა,
რომ ისინი სახლებში დაკითხეს, მას შემდეგ რაც იძულების
წესით დააბრუნეს ისინი დასასვენებელი ადგილებიდან.
მეგობრები გვიან ღამემდე შერჩნენ ბულვარს, თავიანთ საყვარელ
სკამზე მჯდომნი. გაიხსენეს მრავალი რამ, რაც მათ
ერთმანეთთან აკავშირებდათ. გვიან დაიშალნენ იმ იმედით,
რომ ხვალ თენგიზიც მათთან ერთად იქნებოდა.
თენგიზის ამბავი კი შემდეგნაირად წარიმართა.
სოფელ ვაქირში, ბებიასთან სტუმრად მყოფი თენგიზი სახლში
გვიან დაბრუნდა,მისი და, დოდო, გაკვეთილებს ამზადებდა. დედა,
შვილის მოლოდინში საქმიანობდა. სასიხარულო ამბავი უნდოდა
ეთქვა შვილისთვის. მეორე დღისთვის დედა-შვილს საბჭოში
იბარებდნენ. ქალბატონი ეკატერინე ფიქრობდა, რომ საბჭოში
ბინის თაობაზე იბარებდნენ. საქმე ის იყო, რომ მათი ბინა, რომელიც სიღნაღში, ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარეობდა, მეწყერული მოვლენების შედეგად დაინგრა და საბჭომ დროებით
თავშესაფრად გამოუყო ერთოთახიანი ბინა მეორე საSუალო
სკოლის მიმდებარედ. დღე-დღეზე ელოდებოდნენ ბინის მიღებას
და ქალბატონ ეკატერინეს სწორედ ეს აფიქრებდა, რომ
საქმე ბინას ეხებოდა. შვილს შემოსვლისთანავე მიახარა:
_ ხვალ საბჭოში გვიბარებენ. ალბათ ბინა უნდა მოგვცენ.
_ კარგია, დედა, თორემ ამ სივიწროვეში ყოფნა უკვე აუტანელი
ხდება.
დედა-შვილმა დაიძინეს იმედიანი დილის მოლოდინით გახარებულებმა.
მზიანი დილა გათენდა. მზე გადმოსკდა კავკასიონის მთებიდან.
ჯერ გომბორის მთებს მიუალერსა, შემდგომ კი ალაზნის
ველს დახედა და ერთიანად ააბრდღვიალა. მზის ათინათები
ჩაიღვარა სიღნაღის ქუჩებში. ქალაქი ნელი-ნელ იღვიძებდა.
სიამის მომგვრელი ნელი სიო ქროდა.
თენგიზი ადრიანად ადგა. ერთი სული ჰქონდა სამუშაო საა-
თები დაწყებულიყო. სულ საათს შეჰყურებდა. ცხრა საათისთვის
თენგიზი და დედამისი საბჭოს შენობაში მივიდნენ. მდივანმა
ქალმა ისინი თავმჯდომარის კაბინეტში შეიპატიჟა. კაბინეტში
თავმჯდომარის გარდა სამი უცხო პირი იყო. საბჭოს თავმჯდომარემ თენგიზის დედას სთხოვა არ შეწუხებულიყო
ლოდინით, რადგან კიდევ ელოდნენ ერთ თანამდებობის პირს.
_ ქალბატონო, თქვენ წაბრძანდით. თენგიზი დარჩეს და როცა
მოვა, ვისაც ველოდებით, შეგატყობინებთ.
თენგიზის დედამ დატოვა კაბინეტი.
თენგიზს ცუდად ენიშნა შექმნილი მდგომარეობა. უცხო პირები
ხმას არ იღებდნენ. ისინი სიღნაღელები არ იყვნენ.
ყმაწვილის გულში ერთგვარი კრთომა გაჩნდა. "მგონი მე ვარ
აქ მთავარი მოქმედი პირი და არა ბინა" - გაიფიქრა და სახეზე
სიწითლემ გადაუარა. ამასობაში კაბინეტის კარი გაიღო და
ზღურბლზე ადგილობრივი მილიციის ერთ-ერთი თანამშრომელი
გამოჩნდა. ეს იყო ვალოდია ყაჯრიშვილი. მას რიგითი მილიციონერი შემოყვა, ვინმე ჩახჩახოი.
თენგიზისთვის ყველაფერი ცხადი შეიქმნა. მისი საბჭოში დაბარება მისი სამეგობრო წრის საქმიანობასთან იყო დაკავშირებული.
"როგორც ეტყობა გახსნეს საქმე. მოგვაგნეს. ნეტავ როგორ?
ვინ გაგვცა?"
უცებ თენგიზი ყაყაჩოსავით გაწითლდა. ახლაღა გაახსენდა,
რომ უბის ჯიბეში პროკლამაციები ეწყო. საჭირო იყო მათგან
სასწრაფოდ განთავისუფლება. ყველაფრიდან ჩანდა რომ მას
გაჩხრეკდნენ.
თენგიზმა საბჭოს თავმჯდომარეს, რომელსაც შორიდან იცნობდა,
ანიშნა რომ საჭირო ოთახში გასვლა უნდოდა. მან არ დააყოვნა და ჩახჩახოის ანიშნა გარეთ გაეცილებინა. უცხო პირები ამ დროს ერთმანეთში რაღაცაზე საუბრობდნენ. ბატონი ვალოდიაც მათთან ერთად იყო. ჩახჩახოიმ, რომელიც ძველი უბნიდან თენგიზის მეზობელი იყო, ახალგაზრდა გარეთ გაიყვანა. არ გადაიფიქრონო, თენგიზი სირბილით გაეშურა საპირფარეშოსკენ, რომელიც იქვე ეზოს კუთხეში იდგა. სწრაფად შეირბინა. პროკლამაციები დახია და შიგ ჩაყარა. მილიციონერი და თენგიზი უხმოდ დაბრუნდნენ კაბინეტში. ერთერთმა უცხო პირმა შესვლისთანავე მოითხოვა ახალგაზრდის გაჩხრეკა. ჩხრეკას ერთი უცხო პირი და ჩახჩახოი აწარმოებდნენ. თენგიზი ღიმილნარევი სახით იდგა მათ წინაშე. მალულად გახედა საბჭოს თავმჯდომარეს, რომელსაც ერთგვარი
კმაყოფილება ეტყობოდა სახეზე. თენგიზი მიხვდა, რომ ის მის
მხარეზე იყო. შეადგინეს ჩხრეკის ოქმი, ხელი მოაწერინეს და
ჩახჩახოის უბრძანეს ახალგაზრდა მილიციაში გადაეყვანა. დილის
ათი საათისთვის თენგიზი დააპატიმრეს. ეგაა მხოლოდ,
რომ მოათავსეს არა საპატიმრო საკანში, არამედ რომელიღაც
ძველმანების საწყობში, სადაც კატა კუდს ვერ მოიქნევდა.
იდგა 1956 წლის 10 აგვისტო.
დაახლოებით შუადღისთვის საწყობის კარი გაიღო და მორიგე
მილიციონერმა თენგიზს უთხრა, რომ მაღლა სართულზე
გამომძიებელთან გაჰყოლოდა. თენგიზი ყოველ წუთს ელოდა
გამომძიებელთან შეხვედრას. და, აი, ეს წუთიც დადგა. იგი
პირისპირ აღმოჩნდა ადამიანთან, რომლის მიმართ დანახვისთანავე უარყოფითად განეწყო. გამომძიებელი ცივად შეხვდა. დაჯექიო, ისეთი ტონით უთხრა, თენგიზის ნება რომ ყოფილიყო იქაურობას სირბილით გაეცლებოდა. იგივე ტონი გამეორდა როცა მან მილიციონერს უთხრა დაეტოვებინა კაბინეტი. ამან ოდნავ დაამშვიდა ახალგაზრდა, რამეთუ ეს ადამიანი საერთოდ იყო გულქვა და არა კონკრეტულად მის მიმართ.
გამომძიებელმა ანკეტის შევსება დაიწყო.
_"გვარი, სახელი, მამის სახელი, დაბადების წელი"_ კვლავ
ისეთ ტონში წარმოითქვა, რომ მასთან საუბარი მეტად გაძნელდებოდა.
თენგიზმა დასმულ კითხვებს პასუხი გასცა. იგი კრიჭაშეკრული
იჯდა, ერთიანად დაძაბული.
_ აღიარებთ თუ არა თქვენს დანაშაულს სამშობლოს წი-
ნაშე? თქვენმა მეგობრებმა უკვე აღიარეს.
_ მე არ ვიცი ვინ რა აღიარა, მაგრამ ვიცი ის, რომ საღიარებელი
არც მე და არც ჩემს მეგობრებს არაფერი გვაქვს. – ომახიანად
უპასუხა თენგიზმა.
_ მაშ თქვენ დანაშაული არ ჩაგიდენიათ?
_ ბატონო, თქვენ რა გაინტერესებთ რა როგორ მოხდა, თუ
ის, რომ ეს არის თუ არა დანაშაული?
_ თქვენ უნდა აღიაროთ, რომ დანაშაული ჩაიდინეთ.
_ მე კი მეგონა, რომ თავიდან ბოლომდის მოგიყვებოდით
ჩემი და ჩემი მეგობრების საქმიანობის შესახებ. თქვენ კი მე დანაშაულის აღიარებას მაძალებთ. იცოდეთ, რომ არც მე და არც
ჩემს მეგობრებს არანაირი დანაშაული არ ჩაგვიდენია. ჩვენ
ჩვენი სულის კარნახით ვმოქმედებდით.
_ თუ დანაშაულს არ აღიარებ საკანში დაბრუნდები.
_ კი, ბატონო.
თენგიზმა ვერაფრით ვერ ახსნა გამომძიებლის ასეთი გულცივობა,
როგორც მის, ასევე საქმის მიმართ. გამოძახებული იქნა მილიციონერი და თენგიზი ისევ დააბრუნეს
თავის საწყობში, თუმცა გამომძიებელი საპატიმრო
საკნით დაემუქრა.
დადგა 1956 წლის 11 აგვისტო.
თენგიზი თავის საწყობში ცხენის უნაგირებზე იყო წამოწოლილი
და ჭერს შესცქეროდა. უცებ მაღლიდან ლაპარაკის ხმა
მოესმა. ვიღაც უცხო ადამიანი ლაპარაკობდა. შემდეგ მეორემ
დაილაპარაკა და მის ხმაში ლერი შეიცნო. სასწრაფოდ წამოდგა.
თუ რამ იყო საწყობში ერთი-ერთმანეთზე დააწყო და ჭერს
მისწვდა, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო ყური მიადო ჭერს
და სულგანაბული უსმენდა. მოსაუბრენი წყნარად ლაპარაკობდნენ.
იგრძნობოდა, რომ მათ შორის სრული ურთიერთგაგება
სუფევდა. ლერის სიტყვებიდან იგრძნობოდა, რომ საქმე ფაქტიურად დასრულებული იყო და მხოლოდღა ფორმალური მხარე იყო დარჩენილი, რომ საქმე დაეხურათ. უცებ კარები შემოაღეს და თენგიზს ძახილი დაუწყეს, რადგან ვერ დაინახეს.
თენგიზი ძლივს იკავებდა წონასწორობას, რადგან ამ უცაბედ
დაძახილზე მქვეთრი მოძრაობა გააკეთა. მილიციონერი დაეხმარა
ძირს ჩამოსვლაში. თან სიცილს ძლივს იკავებდა. მას ვერ
წარმოედგინა, თუ რა საქმიანობით იყო ახალგაზრდა ჭერში
დაკავებული. არც თენგიზს დაუდვია დიდი თავპატიჟი და მილიციონერს პირდაპირ მხრებზე გადმოახტა.
_ თუ ისევ იმ გამომძიებელთან მიგყევარ სჯობია სულ არ
წამოვიდე. დამანებეთ თავი.
_ არა, არა, ის უკვე წავიდა თბილისში. სხვა კაცია_თენგიზი გაყვა, თუმცა სხვა გზაც არ ჰქონდა.
კაბინეტში შესვლისთანავე უცხო მამაკაცი თბილად მიესალმა.
უთხრა, რომ მაგიდასთან დამჯდარიყო და ესაუზმა. დილით
დედამისს საჭმელი მოეტანა. თენგიზმა იუარა, არ მშიაო,
მაგრამ გამომძიებელმა დაიჟინა თუ არ შეჭამ, ჩვენს შორის
საუბარი არ შედგებაო. იმდენი სითბო და სიყვარული იგრძნობოდა
მის სიტყვებში, რომ დიდი თავპატიჟი აღარ დაუდვია. გამომძიებელმა დატოვა კაბინეტი და დაუბარა, რომ ოც წუთში დაბრუნდებოდა. საუზმე სწრაფად მოათავა და გამომძიებლის მოლოდინში ჟურნალის თვალიერება დაიწყო.
კარები გაიღო და გამომძიებელთან ერთად უშველებელმა
შავმა ნაგაზმა შემოაბიჯა. რატომღაც თენგიზის გვერდით გა-
ჩერდა და ძაღლის კვალობაზე წყლიანი თვალებით შეხედა. მის
გამოხედვაშიც რაღაც სითბო და სიყვარული იგრძნობოდა.
თავზე ხელი გადაუსვა, მიეფერა. ძაღლმა კიდევ უფრო გაინაზა
თავი და მის მუხლზე ჩამოდო თავი. საუბრის მთელი ხნის
განმავლობაში ძაღლი ჭაბუკის გვერდით იდგა და თვალებში
შესციცინებდა. თენგიზსაც ჰყავდა პატარა ძაღლი, რომელსაც
შარიკას უძახდნენ. ის იყო მისი მუდმივი მეგზური ბებიასთან
ვაქირში ფეხით სიარულის დროს.
გამომძიებელი ღიმილით შესცქეროდა წყვილის ალერსს და
არ ჩქარობდა საუბრის დაწყებას. შემდეგ კი სთხოვა მოეყოლა
მოკლედ მათი საქმიანობის შესახებ, როგორც 1956 წლის 9 მარტის
შემდეგ, ისე მანამდისაც.
თენგიზს დასამალ-დასაფარი არაფერი ჰქონდა, ერთი იმიტომ
რომ მისი წრე ტყუილის და მიკიბულ-მოკიბულის თქმას
არ იყო ჩვეული და მეორე, რომ ყველაფერი ნათელი იყო და
არავითარი აზრი არ ჰქონდა რაიმის მიჩუმათებას. მის საუბარში
ხშირად მეორდებოდა გამოთქმა _ "ჩვენ მაშინ ბავშვები
ვიყავით", "ბავშვურად ვთამაშობდით", რაზეც გამომძიებელი
ასევე ხშირად ანაცვლებდა გამოთქმას: _ "თქვენ ახლაც ბავშვები
ხართ", რაც ჭაბუკში კიდევ უფრო მეტ კეთილგანწყობას
ბადებდა გამომძიებლისადმი.
როდესაც საუბარი შეეხო 9 მარტის ამბებს და მის შემდგომ
"საგ"-ის წევრთა მოქმედებას, თენგიზმა ერთგვარი სიამაყით
აღნიშნა, რომ ამ პერიოდიდან ისინი უცებ გაიზარდნენ, უცებ
ჩამოყალიბდნენ მასწავლებლებად იმ ადამიანების მიმართ,
რომლებიც ინერტულად იყვნენ განწყობილნი მოვლენებისადმი,
ანდა სწორად ვერ აღიქვავდნენ მას. რაზეც გამომძიებელმა
კიდევ ერთხელ გაუმეორა, რომ-"თქვენ იმ დროსაც და დღესაც
ისევ ბავშვები ხართ"-ო.
საქმიანი საუბარი დამთავრდა. ოქმი შედგენილი იყო და თენგიზის ხელის მოწერაღა უნდოდა. თენგიზმა მორიდებით შეხედა გამომძიებელს და ოდნავ შეფაკლულმა ჰკითხა:
_ თქვენ თვითონ რას ფიქრობთ. თქვენ ხომ ჩვენზე უფროსები
ხართ, სტალინი გიყვართ თუ არა, თუნდაც როგორც ქართველს
ქართველი?
ფეხზე წამომდგარი გამომძიებელი მიუახლოვდა ჭაბუკს, რომელიც იმავდროულად ძაღლს ეფერებოდა და...
_ შინაურულად გითხრა? როგორც ქართველს მეც მიყვარს
სტალინი. მაგრამ არის კიდევ ისეთი რამეები, რასაც რომ გაიზრდებით მერე მიხვდებით, რაც არ გვაძლევს იმის უფლებას,
რომ თქვენსავით ვიმოქმედოთ.
_ ერთი რამეა ჩემთვის გაუგებარი. ერთი ადამიანის თქმაზე,
ვინც არ უნდა იყოს ის, გინდ სტალინი და გინდ ხრუშჩოვი, რატომ
უნდა იყოს დამოკიდებული მილიონობით ადამიანის ქცევა?
იქნებ ის სცდება და ამდენი ხალხი ამის გამო ღობე-ყორეს
რატომ უნდა აწყდებოდეს? ჩვენს შემთხვევაშიც ხომ ასეა. ადამიანები აღმოვჩნდით სხვადასხვა მხარეს, მაშინ როცა შინაგანად ერთნი ვართ. რაშია საქმე?
გამომძიებელი გაკვირვებული შეჰყურებდა ახალგაზრდას.
_ საიდან მოგდის ასეთი ფილოსოფიური აზრები. ეს მარადიული
საკითხია, რომელსაც დღემდის გადაწყვეტა არა აქვს.
მთელი კაცობრიობის ისტორია ადამიანთა შორის დაპირისპირებულობებითაა სავსე, სადაც მთავარ როლს სწორედ ერთეული ადამიანები ასრულებენ. იფიქრე, კარგად იფიქრე ამაზე და იქნებ შენ ამოხსნა ეს მარადიული გამოცანა.
თენგიზს ენიშნა სიტყვა "ფილოსოფიური", თანაკლასელები
მას ამ სიტყვით ხშირად მიმართავდნენ. ერთი კურიოზული ამბავიც გაახსენდა. მასწავლებლები ხშირად საყვედურობდნენ შეგიძლია და კარგად რატომ არ სწავლობო. ამ მიზეზით დედამისი დაიბარეს სკოლაში. დირექტორის მოადგილე, ქალბატონი ლენა ესაუბრა დედამისს. ჰკითხა თუ რით იყო დაკავებული სახლში და დროს რაში ჰკარგავდა. დედამისმა არაფერი უპასუხა. მხოლოდ ის უთხრა, რომ ათ-თხუთმეტ წუთში დაბრუნდებოდა. სკოლასთან ახლოს ცხოვრობდნენ და მართლაც მალე დაბრუნდა დასტა წიგნებით ხელში. ქალბატონი ლენა და სხვა მასწავლებლებიც გაკვირვებული მისჩერებოდნენ. დედამისმა წიგნები მაგიდაზე დააწყო და...
_ აი, ამათი გადამკიდე მოიცლის გაკვეთილების სასწავლებლად?
თუ რამე ფულს მოიგდებს ხელში წიგნებს ყიდულობს,
ანდა ბიბლიოთეკიდან გამოაქვს.
დირექტორის მოადგილემ წიგნების თვალიერება დაიწყო. აქ
იყო ჰომეროსი, ილია, შექსპირი, ლენინისა და სტალინის ნაშრომები, დანტე, დიუმა და სხვა ავტორები. ქალბატონ ლენას
ხმა აღარ ამოუღია სწავლების შესახებ. მხოლოდ ეს კი უთხრა
დედამისს, ქალბატონ ეკატერინეს:
_ ქალბატონო, თავი დაანებეთ ამ ბიჭს. რაც უნდა ის აკე-
თოს. ნურაფერში ხელს ნუ შეუშლით. ჩვენც ჩვენის მხრივ
არაფერს დავაძალებთ.
დედამისმა წიგნები ისევ ჩანთაში ჩააწყო და სახლში დაბრუნდა.
ამით დამთავრდა მათი საუბარი.
გამომძიებელი ხელის ჩამორთმევით დაემშვიდობა ჭაბუკს და
უსურვა კარგად ყოფნა და მეტი სწავლა მის მიერვე დასმულ კითხვაზე პასუხის გასაცემად. უთხრა რომ თავისუფალი იყო და შეეძლო სახლში წასულიყო. თენგიზი დაემშვიდობა ძაღლსაც, რომელიც კარებამდის მიყვა და კაბინეტიდან გავიდა.
მილიციონერმა დედის მიერ მოტანილი მუთაქა და ადეალა
გადასცა და გზა მშვიდობისა უსურვა.
ჭაბუკი ჯერ კიდევ გამომძიებელთან საუბრის ფიქრში იყო
და რა მიაჩეჩეს ხელში არც კი დაუნახავს. მხოლოდ მაშინღა
დახედა მათ, როცა მილიციის შესასვლელი დატოვა. მილიციის
გვერდით მისი თანაკლასელი დონარა ცხოვრობდა. მისდა სამწუხაროდ ისინი ფანჯრიდან იყურებოდნენ. თენგიზს სირცხვილისგან სახეზე სიწითლემ გადაუარა. ახლაღა იგრძნო მუთაქისა და ადეალის სიმძიმე. მზად იყო მოესროლა. ბანკის შენობამდის ისე ჩავიდა არსაით არ გაუხედავს. აქ კი უფრო ბევრი ხალხი ირეოდა, რომლებიც ცნობისმოყვარეობით უყურებდნენ მას.
ბედად ვიღაც გამოჩნდა, რომელმაც ტვირთი ჩამოართვა, გადაკოცნა და მასთან ერთად გაუყვა გზას. ეს მხსნელი მისი
მეზობელი უშპა ნადირაძე აღმოჩნდა.
სახელმწიფო უშიშროების მუშაკებმა საქმე მოთავებულად
ჩათვალეს. ხვალ თბილისში უნდა გამგზავრებულიყვნენ. მანამდის
კი სურდათ კიდევ ერთხელ გასაუბრებოდნენ ყოფილ "საგ"-ელებს. დაუკავშირდნენ ლერის და უთხრეს რომ დილის ათი საათისთვის ყველანი შეკრებილიყვნენ მასთან. ლერიმ იმავე საღამოს ჩამოუარა მეგობრებს და სთხოვა, რომ ხვალ დილის ათის ნახევრისთვის მასთან მისულიყვნენ.
მზიანი დილა გათენდა. ის ღამე თითქმის არ უძინიათ. დილაადრიან შეიკრიბნენ ბულვარში. გამომძიებლებს ლერის ბინაში მისასვლელად ბულვარი უნდა გაევლოთ და ახალგაზრდებმა იფიქრეს აქვე შევხვდეთო. ათს ბევრი არაფერი უკლდა ხუთი ქაცისგან შემდგარი ჯგუფი შემოვიდა ბულვარში. ურთიერთმისალმების შემდეგ გადაწყდა ციხე-სიმაგრის ბურჯის შტაბში ასვლა და საუბრის იქ გამართვა. შეუყვნენ აღმართს. შევიდნენ ბურჯში და ავიდნენ მის მეორე სართულზე.
სიჩუმე უფროსმა გამომძიებელმა დაარღვია.
_ ახალგაზრდებო, როგორც იცით საქმე მოთავდა. ჩვენ გვეგონა, რომ თქვენს ორგანიზაციას უფროსები მართავენ. მაგრამ
ასე არ აღმოჩნდა. "სიღნაღის ახალგაზრდა გვარდია"-დ
წოდებული ორგანიზაცია მოზარდების, თქვენი დაარსებული
ყოფილა და ამიტომ თქვენს მიმართ რაიმე სასჯელი არ იქნება
გათვალისწინებული. მაგრამ ეს არ გაძლევთ იმის უფლებას,
რომ კვლავაც გააგრძელოთ ამგვარი საქმიანობა. ასეთ შემთხვევაში
თქვენც დაისჯებით და ჩვენც, რადგან ამ ჯერზე არანაირი
ღონისძიება არ განვახორციელეთ თქვენს მიმართ. მალე
სასწავლო წელი დაიწყება და მთელი ენერგია სწავლას მოახმარეთ.
ახალგაზრდებიდან ყველაზე ემოციურმა ჯემალ ქიტიაშვილმა
ვეღარ მოითმინა და გამომძიებელს პირში მიახალა:
_ საკითხავია, რომელ კლასიდან უნდა დავიწყო სწავლა.
რასაც რვა წელი ვსწავლობდი უაზრობა ყოფილა; რასაც მეუბნებოდით გიყვარდეს და პატივი ეციო, თურმე უარსაყოფი ყოფილა. სწავლას სულ რომ დავანებოთ თავი ალბათ ის ემჯობინება.
გამომძიებლები უცებ ვერ მიხვდნენ ნათქვამის აზრს. შემდეგ
ერთ-ერთი გამოერკვა და ჯემალის უპასუხა:
_ სასკოლო საგნები უნდა ისწავლოთ კარგად ფიზიკა, ქიმია,
მათემატიკა უკვე ნასწავლი გაქვთ და ამ მხრივ უნდა გააგრძელოთ
სწავლა. შემდეგ ინსტიტუტში ჩააბარებთ და უფრო გაიღრმავებთ ცოდნას.
კონსტანტინე, რომელსაც ერთგვარი ღიმილი არ შორდებოდა
სახიდან, საუბარში ჩაერია და შეკითხვით მიმართა უფროსებს:
_ კი მაგრამ, რისთვის უნდა ვისწავლოთ, რისთვის უნდა გავიღრმავოთ ცოდნა? რაში უნდა გამოვიყენოთ ეს ცოდნა?
_ ცოდნის გამოყენება მრავალმხრივ შეიძლება. იგი ხმარდება
ცხოვრების დონის ამაღლებას, მომავალი თაობის წიგნიერ
აღზრდას.
_ როგორ ფიქრობთ ჩვენ წიგნიერები ვართ და რაიმე ცოდნა
გაგვაჩნია თუ არა? – საუბარში ჩაერია გაიოზი.
_ თქვენზე ვერავინ იტყვის რომ უწიგნურები ხართ. პირიქით,
საკმაოდ განათლებული ახალგაზრდები ხართ. ეგაა მხოლოდ,
რომ თქვენი წიგნიერება და განათლება არასწორი მიმარ-
თულებით გამოიყენეთ.
ლერის სახეზე მოუთმენლობა ეტყობოდა. გამომძიებლის ლაკონურმა, დამრიგებლური ტონით ნათქვამმა შეზარა.
_ ერთი აგვიხსენით ჩვენ ჩვენით რამე გამოვიგონეთ? სკოლის
მერხიდან რასაც გვასწავლიდით, ჩვენც ისეთებად არ ჩამოვყალიბდით? ვინ გვასწავლიდა მშობელს პატივი უნდა სცეთ
და გიყვარდეთო, უფროსებს პატივისცემით უნდა მოეპყრათო,
სტალინი, ლენინი და სხვები, მთელი საბჭოთა კავშირის ხალხები
უნდა გიყვარდეთო? თქვენ არ ხართ ჩვენი მასწავლებლები?
რაც შეგვაყვარეთ იმას ვიცავთ და განა ეს დანაშაულია? და თუ
ვინმეა დამნაშავე უფროსები არ ხართ დამნაშავეები? დღეს
სტალინზე გვეუბნებით აღარ უნდა გიყვარდეთო, ხვალ იქნებ
უფროს ადამიანებზე ანდა სულაც მშობლის მიმართ დამოკიდებულებაზე მიდგეს საქმე? აბა გვითხარით ერთი რაშია ჩვენი ბრალი?
_ თქვენ ბრალი იმაში გედებათ, რომ სახელმწიფოებრივი
მნიშვნელობის საქმე არაა თქვენი გადასაწყვეტი და თუ მაინც
ამ მიმართებით რაიმე აზრი გაგიჩნდებათ, უფროსებს უნდა
გაუზიაროთ და მათი რჩევისამებრ უნდა მოიქცეთ.
თენგიზი, რომელიც ამ მომენტანდე ხმას არ იღებდა, კამათში
ჩაერია.
_ როგორცა ჩანს ძიება ჯერ არ დამთავრებულა. თქვენ კი
სთქვით რომ დამთავრდაო, მაგრამ მაინც გსურთ რომელიმე
ჩვენთაგანს დააცდენინოთ, რომ ამდაგვარ საქმეს ჩვენ ვერ მოვიფიქრებდით, თუ არა უფროსების რჩევა. ჩვენ სკოლაში გვასწავლეს, რომ თაობათა შორის დაპირისპირება ხშირად ხდება.
ჩვენც დავუპირისპირდით ერთმანეთს, მაგრამ ამ შემთხვევაში
ჩვენ ხომ ახალი რამ არ გამოგვიგონია. ამ შემთხვევაში დაპირისპირება თქვენგან შექმნილის საფუძველზე ხდება. ფაქტიურად თქვენ თვითონ მოდიხართ საკუთარ თავთან დაპირისპირებაში. უარყოფთ იმას, რაც ერთ დროს ჭეშმარიტებად მიგაჩნდათ, რის საფუძველზეც ღზრდიდით ახალ თაობას. ჩვენი სულიერება თქვენგან ჩამოყალიბდა. ჩვენ ხომ ფაქტიურად თქვენი ბავშვობა ვართ. რა თქმა უნდა იმ შემთხვევაში თუ თქვენ სულიერება გაგაჩნდათ, თუ დღევანდელი გაგების შესაბამისნი არ იყავით ბავშვობის ხანაშიც. რატომ სკოლებში სასწავლო საგნად არ
შემოიღებთ ისეთ დისციპლინას, რომელიც მოზარდებს შთაუნერგავს, რომ რაც არის და არსებობს მერყევია და ყოველთვის
მზად უნდა იყოთ აზრის შესაცვლელადო? ასეთ შემთხვევაში
იქნებ მართლაც გვეკითხა რჩევა უფროსებისთვის, მაგრამ ასეთი
რამ ჩვენთვის არ უსწავლებიათ.
კონსტანტინეს ეტყობოდა, რომ ერთი სული ჰქონდა სანამ
რამეს იტყოდა და...
_ თქვენ ერიდებით უფროსებს და არად მიგაჩნიათ ჩვენი
სულიერება. ვერ გრძნობთ, რომ ჩვენი სულიერება, ჩვენი გაგება
თქვენით, უფროსების საფუძველზეა შექმნილ-ჩამოყალიბებული.
ფაქტიურად თქვენ საკუთარ თავს ელაპარაკებით,
რაც იმას ნიშნავს, რომ უფროსები, ამ შემთხვევაში კი თქვენ,
გაორებულნი ხართ. თქვენს წინ სარკეა, რომელიც თქვენსავე
წარსულს აჩვენებს, ჩვენ თქვენა ვართ. როგორც თენგიზმა თქვა,
თუ წარსულში სულიერება, ანუ მოვლენებისადმი საკუთარი
ხედვა და გაგება გაგაჩნდათ.
რიჟა ომარმა, რომელიც წითელ ყაყაჩოსავით ენთო, ბორძიკ-ბორძიკ ჩამოაყალიბა თავისი აზრი:
_ ადამიანის სული სწორედ ბავშვობის ასაკშია თავისუფალი,
სწორედ ამ დროსაა იგი ნაღდი და ჭეშმარიტი და მას არ
უნდა ენდოთ და მოუსმინოთ? მაინდამაინც ჭაობში რომ ჩაეფლობა
და დაისვრება მერე ხდება ანგარიშგასაწევი?
_ მართალია ომარი – საუბარში ჩაერია ჯემალი – ისე გამოდის,
რომ ვინც ჭაობშია დასვრილი, სალოლიავებელი და ანგარიშგასაწევია, სუფთა სულის ადამიანი კი არავის ესაჭიროება.
ჩემი ნება რომ იყოს სულ ბავშვად დავრჩებოდი, რადგან
ჭაობში კოტრიალი არ მინდა.
უშიშროების თანამშრომლები კრიჭაშეკრულები, გაქვავებულები
იდგნენ და უსმენდნენ მოზარდთა ბუნების ამ მოთქმას, სულთა ამ ღაღადს.
თენგიზმა სიამაყით გადახედა მეგობრებს, სურდა გულში ჩაეკრა თითოეული მათგანი. მცირე სიჩუმის შემდეგ კი ყველას
გულის ნადები გაიმეორა.
_ საქმე სტალინში არაა, ეს საკაცობრიო დილემაა. ასეთი
რამ მრავალ ქვეყანაში ხდება. ამას გვასწავლის ისტორია. საქმე
ის არის, რომ მოიძებნოს გამოსავალი, გამოსავალს კი ნათლის
შუქზე მიაგნო. ნათელი კი ის სულიერებაა, რომელიც შეუბღალავია, არაა გაორებული. ასეთებად კი სწორედ რომ მოზარდები, ბავშვები არიან, რომლებიც რასაც მოიმოქმედებენ მათი უშუალობიდან მომდინარეობს და თუ რაიმე მათ ქმედებაში
ერთგვარად მიუღებელია, უფროსებმა, აღმზრდელებმა საკუ-
თარ ქმედებებში უნდა მოიძიონ. მაგრამ ეს ასე არ ხდება. ისტორიულად ყველაფერი მეორდება და მეორდება. საშველი კი არ
ჩანს. ადამიანი მუდმივად თვითგვემაშია როგორც საკუთარი
თავის მიმართ, ისე სხვებთან დამოკიდებულებაში. ბრმა უნდა
იყო, რომ ყოველივე ეს ვერ დაინახო. ადამიანთა უმრავლესობა
ბრმები არიან და ნათლის შუქს მუდმივად კლავენ, რამეთუ
ბრმისთვის ნათელი მიუღებელი და არასმაქნისია. ჩვენ ხომ ჩვენი
უშუალობით გამოვაშუქეთ, ადექით და თქვენ, როგორც განსწავლულებმა, რომელთაც შეგიძლიათ სხვისი განსჯა, გამოიტანეთ სათანადო დასკვნა, რომ ამიერიდან აღარ განმეორდეს
თაობათა შორის აზრთა სხვაობა ერთი, და მეორე, თვითგვემის
უმაღლეს გამოხატულების შესადარი გაგება, რომლის საფუძველზე
აღმზრდელი აღზრდილს სჯის იმის გამო, ჩემი ნამოძღვრის
შესაბამისად რატომ მოიქეციო. აქ ურიგო არ იქნებოდა
აკაკის "გამზრდელი"-ს მოხსენიება.
ჯემალი ადგილზე ტოკავდა. ნაბიჯს ხან ვინ გადადგავდა,
ხან უკან. თენგიზის მონოლოგის შემდეგ წინ წამოიწია და
უფროსებს მიმართა.
_ შეიძლება ერთი შეკითხვა მოგცეთ?
_ შეგვეკითხეთ. – ძლივს ამოღერღა ერთ-ერთმა მათგანმა.
_ ხვალ რომ ვინმე გამოვიდეს და ლენინზე თქვას, მისი იდეები
მცდარია და დასაგმობი და მას მარქსი და ენგელსიც მიაყოლოს,
ჩვენ რა ვქნათ. გამოვიდეთ მის დასაცავად თუ თბილისში
ჩამოგაკითხოთ რჩევის მისაღებად?
შეკითხვა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ მასზე პასუხის
გაცემა ვერ გაბედეს.
_ ასეთი რამ არ მოხდება.
_ მაინც, მაინც. – არ ეშვებოდა ჯემალი.
_ ასეთი საკითხის დაყენებაც კი დანაშაულის ტოლფასია.
_ განა სტალინის ეპოქაში ამდაგვარი საკითხის დაყენებაც
დანაშაულის ტოლფასი არ იყო? მაგრამ დღეს რა ხდება, რა
გვინდოდა ჩვენ განსასჯელის სკამზე? _ სულმოუთქმელად მიახალა გაიოზმა.
სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. სტუმრებმა ერთმანეთს
გადახედეს. ყველაფრიდან ჩანდა, რომ მათ წასვლა სურდათ.
მდგომარეობის სიმძიმეს ახალგაზრდებმაც აუღეს ალღო. ლერიმ
ოდნავ შეარბილა ვითარება. საქმე იმაში არაა, ჩვენ მართლები ვართ თუ არა, სტალინი იყო კულტი თუ არა, მთავარი არის ის, რომ ერთმა და იმავე საზოგადოებამ აღგვზარდა და იგივე გვიკიჟინებს ასე არაო. რატომ საზოგადოება თავის თავს არ დაუსვამს კითხვას ასე რატომ ხდებაო? ეს ხომ ერთეული შემთხვევა არ არის. ათასწლეულების მანძილზე ხომ ერთი და იგივე მეორდება. როდემდის უნდა გაგრძელდეს ასე, როდის უნდა დამყარდეს ისეთი
წყობა, როცა ასეთ ფერისცვალებებს აღარ ექნება ადგილი?
სტუმრებმა შვებით ამოისუნთქეს, რადგან კონკრეტული
საკითხი ზოგადკაცობრიულ თემატიკაზე დავიდა.
_ ჩვენი სოციალისტური წყობა სწორედაც რომ წინგადადგმული
ნაბიჯია მსოფლიოს ისტორიაში. იმედი უნდა ვიქონიოთ,
რომ იგი კიდევ უფრო დაიხვეწება და საბოლოოდ მივიღებთ
ცხოვრების ისეთ წესს, რომელიც გამორიცხავს დაპირისპირებულობის ყოველგვარ საფუძველს.
_ არ ვიცი ყოველივე ეს როდის იქნება, მე კი ჩემი თავი ახლა
მაუგლის როლში წარმომიდგენია. სულიერად ვარ დაცლილი,
თავი დაცარიელდა _ ამოთქვა გაიოზმა _ მაუგლი ბავშვობიდან
მგლებთან გაიზარდა და მათი აზროვნების შესაბამისად აზროვნებდა, მე კი უკვე კაცი ვარ, თოთხმეტი წლისა და ცარიელი
თავით უნდა ჩავერთო იმ საზოგადოებრივ ყოფაში, რომელმაც
ჩემი ბავშვური, გულღია უშუალობა დამიწიხლა. ჯერ ერთი მასწავლა, ახლა ასე არაო და არავინ იცის ახალს რომ შემასწავლის,
მასაც როდის მომაშორებს. მეც ჯემალივით აღარ მინდა
სწავლა, სჯობია ცარიელი თავით ვიარო.
მოსული სტუმრები წასასვლელად მოემზადნენ. მათ იგრძნეს,
რომ ახალგაზრდებთან სჯა-ბაასს შეიძლება კიდევ უფრო
რთული სახე მიეღო. ამიტომ გამოემშვიდობნენ და ბურჯი დატოვეს.
ახალგაზრდებმა ისინი ბულვარამდის ჩააცილეს. კეთილი
მგზავრობა უსურვეს და ბულვარში, ნაცნობ სკამზე ჩამოსხდნენ.
წამსვლელებსაც და დამრჩომებსაც თავ-თავიანთი საფიქრალი
გაუჩნდათ. ერთნი გაკვირვებულები იყვნენ მოზარდების
აზრის სიმახვილით, მათი ნათქვამის ჭეშმარიტებით. თუმცა
ამის გამხელას ერთმანეთს შორისაც ვერ ბედავდნენ. დრო იყო
ასეთი.
რაც შეეხებათ დამრჩომთ, ისინი ჩუმად ისხდნენ და თითოეული
საგონებელში იყო ჩავარდნილი. მათ სახეზე აღბეჭდილი
იყო სრული სიცარიელის შეგრძნება, რომელიც დაკავშირებული
იყო მათი იდეალების მსხვრევასთან. თითოეული მათგანი
ფიქრობდა, რომ მათი ყოფის ათვლა ნულიდან უნდა დაწყებულიყო."
რანი ვიყავით და რანი ვართ ახლა?
იდეალი, რომელიც გვასაზრდოებდა ნუთუ მართლა დასაგმობი იყო?
რატომ მართავენ ქვეყანას, საზოგადოებას ერთეულები?
სადაა ხალხი, საზოგადოება?
სადაა აზროვნება, რომელსაც უნდა ხელეწიფებოდეს მუდმივი წინსვლა და არა ერთი და იგივის მრავალგზის განმეორება, რომელიც აზროვნების წინსვლას კი არ უწყობს ხელს, არამედ ერთ ადგილს ატკეპნინებს, ადადან-ბაბადან მოყოლებული?
როდის უნდა ეშველოს ადამიანს, ერს, ქვეყანას, კაცობრიობას?
ვინ არის ადამიანი?
რას ემსახურება მისი აზროვნება?"
თენგიზ ზურაშვილი
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|