ნავიგაცია |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
სიღნაღი,
სიყვარულის ქალაქი
სულთა ღაღადი
ანუ, ვინ არის დამნაშავე?
დასაწყისი
1956 წლის აგვისტოს დასაწყისში ხრუშჩოვსა და საქართველოს
უშიშროების მინისტრ ინაურს შორის შემდეგი შინაარსის
საუბარი გაიმართა:
_ 9 მარტის მოვლენები არ კმაროდა საიმისოდ, რომ მსგავსი
რამ აღარ განმეორებულიყო? რა ძალები მონაწილეობდნენ
სიღნაღში, სტალინის დამცველთა როლში რომ გამოდიან? მიიღეთ
სასწრაფო ღონისძიებები და მომახსენეთ!
ინაური შეცბუნებული უსმენდა ხრუშჩოვს. მან უწყოდა,
რომ სიღნაღში მსგავსი რაღაცეები ხდებოდა, მაგრამ ჯერჯერობით
სრული ინფორმაცია არ ჰქონდა მომხდარის შესახებ.
მისი ბრძანებით სიღნაღში დაწესდა სადღეღამისო მორიგეობა,
მივლინებულ იქნა გამომძიებელთა საკმაოდ დიდი რაზმი,
რომელთაც უნდა დაედგინათ თუ ვინ ავრცელებდა ქალაქში
სტალინის სახელის დაცვის კუთხით გამიზნულ პროკლამაციებს,
რომლებიც ანტისახელმწიფოებრივი შინაარსის მატარებელნი
იყვნენ. ინაური ვარაუდობდა, რომ ყველაფერი თბილისიდან
იმართებოდა, აფიქრებდა ის გარემოება, რომ მსგავსი მოვლენები შეიძლება სხვა ქალაქებშიც განმეორებულიყო.
_ ნიკიტა სერგის ძევ, სპეციალური რაზმი ვითარების შესასწავლად
უკვე გაგზავნილია სიღნაღში, მეც გახლდით იქ და ხვალაც მივდივარ. უახლოეს დღეებში ყველაფერს დავადგენთ და მოგახსენებთ.
ყველაფერი კი ასე დაიწყო...
საქართველოში მრავლადაა სილამაზით გამორჩეული ადგილები,
რომლებიც მას ზღაპრულ სიდიადეს ანიჭებენ. ერთ-ერთ
ასეთ გამორჩეულ ადგილად აღიქმება გომბორის ჩაგრეხილი
მთების კალთებზე გაშენებული ქალაქი სიღნაღი. სიღნაღის,
როგორც მშვენების აღქმა, მხოლოდ სიღნაღით არ ხდება. იგი
იმდენად მასშტაბურია, რომ მოიცავს ალაზნის ველს და კავკასიონის მთებს. სიღნაღის გადასახედიდან ედემის ბაღად აღიქმება თავად სიღნაღის, გომბორის მთების, ალაზნის ველისა
და კავკასიონის მთების მთლიანობა. სიღნაღს შარავანდედით
მოსავს ციხე-გალავანი, რომელიც თავისი მასშტაბურობით
აოცებს მნახველთ. სიღნაღისავე შორიახლოს მდებარეობს საქართველოს ქრისტიანული განმანათლებლის, წმინდა ნინოს
ეკლესია. საგულისხმოა, რომ წმინდა ნინო ამავე ეკლესიაშია
დაკრძალული და ყველაფერ ამას აცისკროვნებენ თავად სიღნაღელები, ქიზიყელები, უბატონო მხარის შვილები, გულღია
და ალალი ადამიანები.
პატარა ქალაქია სიღნაღი, მაგრამ საკმაოდ ხალხმრავალი.
ქალაქში ორი საშუალო სკოლა ფუნქციონირებს, არის ტექნიკუმი
და მუსიკალური სასწავლებელი. ამის გამოა, რომ დილიდან
საღამომდის ახალგაზრდების ჟრიამული ისმის. ყველა ეს
სასწავლებლები ქალაქის ცენტრში მდებარეობენ. თუმცა, იმის
თქმაც შეიძლება, რომ სიღნაღს გარეუბნები თითქმის არ გააჩნია,
მთლიანად ცენტრს წარმოადგენს, რამეთუ არც ისე დიდი
დროა საჭირო, რომ ქალაქის ერთი ბოლოდან მეორე ბოლომდის
გახვიდე. აქ ყველა ერთმანეთს იცნობს, ერთმანეთის ჭირის და
ლხინის მოზიარენი არიან.
ქალაქის ღირსშესანიშნავ ადგილებს წარმოადგენენ ე.წ. ბულვარი
და ბებრების ბაღად წოდებული დასასვენებელი პარკი,
აგრეთვე საზაფხულო კინოთეატრი და მისი მიმდებარე ტერიტორია. დასასვენებელ პარკებში მუდმივად ხალხმრავლობაა, განსაკუთრებით თბილ დღეებში. პარკებში განლაგებულ სკამებზე
შეხვდებით მოხუცებს, ახალგაზრდებს, სკოლის მოსწავლეებს
და მშობლების მიერ სასეირნოდ გამოყვანილ ბავშვებს, რომ
იტყვიან – მოსაწყენად აქ არავის სცალია. ყველა ხარობს, ყველას
ღიმილის ათინათი დასთამაშებთ სახეზე.
ბულვარში ერთ-ერთ სკამზე მჯდომ ახალგაზრდებს სიცილის
მიზეზი გაუჩნდათ. ყველანი ლერის უბიძგებდნენ იქითკენ,
რომ გვერდით სკამზე მჯდომი გოგონებიდან ერთ-ერთისთვის
ყვავილი მიერთმია. აბა, თუ დაგაფასებს და გამოგართმევსო,
მადლობელი თუ დაგრჩებაო. ლერი უარზე იყო, მაგრამ ჯემალიმ
დაიჟინა ან შენ მიხვალ, თუ არა და მე მივალ და ვეტყვი
რომ შენ გამატანე. ლერი იძულებული გახდა დაეთმო და თავად
ხლებოდა გოგონას. ყველა სულგანაბული უყურებდა ჭაბუკის
მოქმედებას. ვაჟი ეახლა გოგონას და ზრდილობიანად შესთავაზა
ყვავილი, რომელიც იქვე მოწყვიტა. გოგონამ სათანადოდ
ვერ შეაფასა ვაჟის რაინდული ქმედება და ყვავილის მიღებაზე
უარი განაცხადა. ლერი იძულებული გახდა ყვავილით ხელში
ამხანაგებთან დაბრუნებულიყო. აღარავის გაუცინია. არავინ
ელოდა გოგონასგან ამგვარ მოქცევას. ყველამ გაითავისა ლერის
მდგომარეობა და ამ მიმართებით სიტყვა არავის დაუძრავს.
წამოდგნენ და საზაფხულო კინოთეატრისკენ გაუყვნენ გზას.
ახალგაზრდების ეს ჯგუფი ერთ-ერთი გამორჩეული იყო
სიღნაღში. იმ პერიოდისთვის ისინი თოთხმეტ-თხუთმეტი წლისანი
იყვნენ. მათი გამორჩეულობა იმაში გამოიხატებოდა, რომ
მათთვის უცხო იყო ბილწსიტყვაობა, ჩხუბი და აყალმაყალი.
ეს იყო მათი გარეგნული დამახასიათებელი ნიშან-თვისებები.
მაგრამ მხოლოდ ამ ნიშნებით არ ხასიათდებოდა ახალგაზრდების
ეს ჯგუფი. ისევე როგორც ყოველ ადამიანს, ადამიანთა
გარკვეულ დაჯგუფებას, ერსა თუ მთლიანობაში აღებულ ყვეყანას,
გააჩნიათ, როგორც გარეგნული გამოხატვის, ისე შინაგანი
ბუნება, ასევე ამ ახალგაზრდებსაც გააჩნდათ საკუთარი შინაგანი
მიზანსწრაფვა, რომლებიც მათ გარეგნულად გამოხატულ
ბუნებასთან შესაბამისობაში იმყოფებოდა. ამ ახალგაზრდათა
ბუნება არ იყო გაორებული. მათ არ ჰქონდათ მოვლენებისადმი
საშინაო და საგარეო მიდგომა, რითაც ხასიათდება ადამიანთა
საკმაოდ დიდი უმრავლესობა. მათ სწამდათ არსებულის. სწამდათ
ყოველივე იმისა, რასაც უფროსები, მთლიანობაში აღებული
საზოგადოება, მათ აღსაზრდელად იყენებდა. მათ გაგებაში
ყალიბდებოდა აზრი იმის შესახებ, რომ ახალგაზრდებმა,
მოზარდებმა, მტკიცედ, საფუძვლიანად, სიყვარულის დონეზე
უნდა გაითავისონ ის რეალური სინამდვილე, რომელიც შექმნეს,
დააყენეს მათმა წინაპრებმა და, რომელსაც დღეს, აწმყოში, ემსახურებიან ის ადამიანები, რომლებიც მათ აღმზრდელებად
ევლინებიან. მათ სწამდათ, რომ შემდგომში, ზრდასრულობისას
მათ თავად მოუწევდათ იმ იდეალების დაცვა და განვითარება,
რომელთაც მათი ბავშვობის ხანაში უფროსი ადამიანები ახორციელებდნენ.
ბავშვობიდან სიჭაბუკეში გარდამავალ პერიოდში, რომელ-
შიც იმყოფებოდა ახალგაზრდების ეს ჯგუფი, მათ არ ჰქონდათ
ამა თუ იმ მიმართების მატარებელი, მოქმედების განმსაზღვრელი
მიზანდასახულობანი. მათ სწამდათ მეგობრობის, სწამდათ,
რომ ადამიანთა შორის ურთიერთობაში განმსაზღვრელია
ურთიერთპატივისცემის გრძნობის ქონება, რომლის გარეშე
ადამიანები ერთმანეთს ვერ უგებენ, რის საფუძველზეც მათ
შორის ყალიბდება უპატივცემულობა და მტრობა. საერთოდ,
მოზარდები, ესენი არიან დაუწერელი ფურცლები, რომლებიც
თანდათანობით ივსებიან. იგივე ითქმის ახალგაზრდების
ამ ჯგუფზე. მათ ფურცლებში მხოლოდ სიყვარულის და სიხარულის გრძნობების მკვებავი წყაროს თავები იყო ჩაბეჭდილი.
ისინი სასოებით ელოდნენ ფურცლების შევსებას და ზრდასრულობის ასაკში ომახიანად შებიჯებას.
ჯგუფი, რომელზეც ვსაუბრობთ, სულ ექვს ახალგაზრდას ითვლიდა. აქედან, ლერი ჯოხარიძე და ჯემალ ქიტიაშვილი პირველ საშუალო სკოლაში ერთ კლასში სწავლობდნენ და აქედან მომდინარეობს მათი მეგობრობა. კონსტანტინე (კოწო) ბეჟაშვილი,
გაიოზ სულხანიშვილი და თენგიზ ზურაშვილი მეორე საშუალო
სკოლის მოსწავლეები იყვნენ. რაც შეეხება ომარ ნატროშვილს,
ისიც პირველ საშუალო სკოლაში სწავლობდა. მათი დაახლოება
და მეგობრობა განაპირობა იმ გარემოებამ, რომ კონსტანტინე
და ლერი მეზობლები იყვნენ. ასევე მეზობლები იყვნენ გაიოზი
და ომარი. ყველაფერი დანარჩენი გადაწყვიტა მათმა შინაგანმა
ბუნებამ, რომელმაც სათავე დაუდო მათ მეგობრობას.
აღნიშნული იმას არ ნიშნავდა, რომ ისინი ჩაკეტილ წრეში ტრიალებდნენ და მხოლოდ საკუთარი წრით შემოიფარგლებოდნენ. მათ ერთად და ცალ-ცალკე უამრავი ამხანაგი ჰყავდათ სკოლაში თუ სამეზობლოში, მაგრამ განცდათა გამოვლენას და შინაგანი ბუნების საფუძველზე მოქმედებას, ისინი თავიანთ სამეგობრო წრეში ახდენდნენ. სწორედ ამ შინაგანმა ბუნებამ განაპირობა ცამეტი-თოთხმეტი წლის მოზარდების ერთ მთელად შეკვრა და კეთილი მომავლის იმედად ყოფნა.
ისინი ლაღობდნენ და ხარობდნენ ისევე, როგორც სხვა მოზარდები.
იმ განსხვავებით, რომ მათ იმთავითვე სურდათ უბრალოდ
არ ეცხოვრათ, სურდათ რაღაც ისეთი ეკეთებინათ რაც
მათ ქვეყანას წაადგებოდა. თუმცა ამ კუთხით მათ ჩამოყალიბებული აზრი არ გააჩნდათ, მაგრამ იმედი ჰქონდათ, რომ მომავალში, როცა ისინი ზრდასრულები გახდებოდნენ ყველაფერს
გააკეთებდნენ იმ იდეალების გასაძლიერებლად და განსახორციელებლად, რომელთაც მათ უფროსები, აღმზრდელები, მთლიანად აღებული საზოგადოება უნერგავდათ. მათ სწამდათ
საკუთარი აღმზრდელების – მშობელი იქნებოდა ის, მასწავლებელი თუ რიგითი მოქალაქე. მათ სწამდათ, რომ რაც მათი უფროსი თაობისგან მიღებული იყო, მისაღები იყო მათთვისაც, რამეთუ ისინი ამ იდეალების საფუძველზე იზრდებოდნენ. აღნიშნული სამეგობრო წრიდან მხოლოდ კოწოს ჰყავდა მამა. ყველა დანარჩენი უმამონი იყვნენ, რომელთა უმრავლესობა ომში დაიღუპა. ისინი დედებმა ჩამოაყალიბეს. მათ ჩაუნერგეს ადამიანებისადმი პატივისცემის გრძნობა. შედეგად კი ის მიიღეს, რომ მათი შვილები ცუდს არას მოიმოქმედებდნენ. მშობლები არ ნაღვლობდნენ თუ მათი შვილები გვიან დაბრუნდებოდნენ სახლში, რადგან იცოდნენ სად და ვისთან იყვნენ. მათი ცხოვრება სილაღითა და სიხარულით იყო სავსე. ურთიერთისადმი რწმენა და მოიმედოება მათ ღირსებას ამაღლებდა, როგორც საკუთარ თვალში ისე სხვებთან დამოკიდებულებაში. მათ სწამდათ ქვეყნის, რომელშიც ცხოვრობდნენ, სწამდათ იმ ადამიანების, რომლებმაც ჩამოაყალიბეს ეს ყვეყანა, რომლებიც სათავეში ედგნენ მას და მართავდნენ. რა თქმა უნდა, მათში განსაკუთრებით სანუკვარ განცდას ბადებდა ის გარემოება, რომ საბჭოთა ქვეყანას სათავეში ედგა ქართველი კაცი, სოსო (კობა) ჯუღაშვილი – სტალინი. ბუნებრივია, ისინი ვერ ერკვეოდნენ საბჭოეთის ქვეყნის ფილოსოფიურ არსში. მათთვის ეს არ იყო საჭირო, მათთვის ის არავის უსწავლებია. მთავარი იყო ის, რომ ისინი არსებულ, რეალურ სინამდვილეში იშვნენ და ამ რეალური სინამდვილის საფუძველზე აღიზარდნენ. მათთვის სანუკვარი იყო ყოველივე ის რაც ამ ქვეყანაში არსებობდა, რამეთუ სხვა რამ გაგება მისი მისამართით არასოდეს გაცხადებულა.
ახალგაზრდების ეს ჯგუფი წააგავდა წყლით პირამდე
სავსე ჭიქას, რომელსაც თუ კიდევ რამეს დაუმატებ გადმოვა,
წააგავდა ბურთს, რომელიც უკიდურესობამდეა გაბერილი და
თუ ცოტასაც დავუმატებთ ჰაერს გასკდება, იფეთქებს.
და ამ ახალგაზრდების სულმაც იფეთქა, ჭიქიდან წყალი გადმოიღვარა.
აფეთქება და წყლის გადმოღვრა იმაში გამოიხატა,
რომ მათი სულიერი განცდანი მხოლოდ მათსავე სულიერ
სამყაროში კი არ დატრიალდა ქარაშოტად, არამედ ირგვლივმყოფებსაც მიეწვდინა მათი სულიერი მღელვარების საფუძველზე წარმოშობილი ღაღადი იმის შესახებ, რომ სამყარო
ირყეოდა, რომ დასასრულის დასაწყისი იწყებოდა.
და ყოველივე ეს გამოიწვია იმან, რომ სტალინი გამოცხადდა
პიროვნების კულტად, სტალინი დაგმობილ იქნა. არა მხოლოდ
ახალგაზრდების ეს ჯგუფი, არამედ მთელი ქვეყანა შესძრა ამ
ამბავმა. თუმცა მხოლოდ ახალგაზრდებში, მათ ქმედებებში
ჰპოვა ამ გარემოებამ მკვეთრი გამოხატულება. ზრდასრული
ადამიანებისთვის ყოველივე ეს რამდენადმე იოლი გადასატანი
აღმოჩნდა, რადგან მათი გაგება დაცილებული იყო ბავშვურ
უშუალობასა და ირგვლივეთისადმი ჭაბუკურ სიყვარულს. ზრდასრულებს საკუთარი ინტერესები ამოძრავებდათ ამ ქვეყანაზე
და ნაკლებად აღელვებდათ ვინ ან რა დაიგმობოდა. მათთვის
მთავარი და განმსაზღვრელი იყო ის, რომ საყოველთაო
ორომტრიალში საკუთარი ინტერესები, ყოფითს საფუძველზე
წარმოშობილი მიზანდასახულებანი არ შელახოდათ. ასეთ ვი-
თარებაში ზრდასრულები საკმაოდ ხშირად მორჩილ ბავშვებს
წააგვანან, რასაც ეტყვიან, ან უბრძანებენ ხმის ამოუღებლად
რომ ასრულებენ. სტალინის დაგმობით მათი სულიერება არ
შერყეულა, რადგან ისინი მხოლოდ ამ სულიერებით არ არსებობდნენ, ამას გარდა მათ სხვა ზრახვები, სულიერების სხვა წარმმართველი ძალებიც ახასიათებდათ. აი, ბავშვებს კი, რომელნიც ამ ზრახვებისგან თავისუფალნი არიან და მთლიანობაში
ხასიათდებიან იმ სულიერებით, რომელსაც იძლევა აღზრდის
თემატიკა, საერთოდ უსულო საგნებს ემსგავსებიან, თუ ხელი
არ გამოიღეს საკუთარი სულიერების დაცვის მიზნით. რა თქმა
უნდა ყველა ბავშვი, ყველა მოზარდი, ასე არაა მიჯაჭვული აწყმოში არსებულ სულიერ საკვებზე. უმეტესობა ზრდასრულთა
მსგავსია ბავშვობაშივე, ისე, რომ ამას თავად ვერ გრძნობენ.
მაგრამ მათ, ვისაც ბავშვობაშივე სჯერა და სწამთ ყოველივე
იმისა, რასაც ასწავლიან და რის საფუძველზეც ღზრდიან, მათთვის
აწყმოში მიმდინარე ყოველგვარი რადიკალური გარდაქმნა
ერთი რომ მათში სულიერ სიცარიელეს იწვევს და მეორე,
განაწყობს მას იმ კუთხით, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს მას,
ვინც გარემოებათა ხელყოფის საფუძველზე ხელყო მისი სულიერება.
აღნიშნულის შესატყვის მდგომარეობაში აღმოჩნდა
ახალგაზრდების, უფრო კი ბავშვების ის ჯგუფი, რომელთა შესახებ
მიდის საუბარი.
მომავალი "საგ"-ელების სამეგობრო წრის ჩამოყალიბება
იმ ასაკიდან იღებს სათავეს, როცა მშობლები შვილებს ნებას
რთავენ თავიანთ მეგობრებთან წავიდ-წამოვიდნენ. ამ პერიოდიდან მოყოლებული ისინი რეგულარულად ხვდებოდნენ ერთმანეთს. ჯერ ბულვარში, შემდეგ კი მოიფიქრეს, რომ დაეარსებინათ გარკვეული სახის ორგანიზაცია და შეექმნათ შტაბი.
უკეთეს ადგილს, ვიდრე ციხე-სიმაგრის ბურჯი არის ვერც
ინატრებდნენ და ახალგაზრდებმა ამ ბურჯში დაიდეს ბინა.
დაარქვეს მას შტაბი და ხშირად იკრიბებოდნენ იქ ზაფხულში
ბურჯის ზედა ნაწილში, ზამთარში კი მის პირველ სართულზე.
გარდა ბურჯში არსებული შტაბისა, კიდევ ერთ ადგილზე
ჰქონდათ შტაბი. ეს იყო კოწოს სახლის წინ, ბაღში არსებული
მიწისქვეში ქვაბული. მას ჭისებრი ჩასასვლელი ჰქონდა. არავინ
იცის ვინ მოთხარა მიწა და გაუკეთა ჩასასვლელი. შიგნით
ათამდე ადამიანი თავისუფლად ეტეოდა. იდგა მაგიდა და რამდენიმე სკამი. ეს იყო მათთვის საიდუმლო თავშესაფარი. მის
შესახებ ცნობა კოწომ მოიტანა და ეს ადგილი გადაიქცა ნომერ
მეორე შტაბად. გარდა შტაბებისა ისინი ხშირად სტუმრობდნენ
სიღნაღის ციხე სიმაგრის სხვა ბურჯებს, მთლიანად ციხე სიმაგრეს.
ადიოდნენ ზედ, სტკბებოდნენ მშვენიერი ხედებით, კავკასიონის
მთებითა და ალაზნის ველით. ბავშვობაშივე მათი
ოცნება იყო საქართველოს ყველა კუთხე-კუნჭულის მონახუ-
ლება, ისტორიული ძეგლებისთვის ხელის შეხება. ბავშვობის
ასაკში მათ სასაუბრო თემას ძირითადად შეადგენდა საქართველოს
ისტორიიდან ცნობილი დიდი წინაპრები. მათ იმთავითვე
სურდათ მათი ღირსეული მემკვიდრეები ყოფილიყვნენ.
სწორედ საკითხებისადმი ამდაგვარი მიდგომა იზიდავდა მათ
ერთმანეთისადმი, სწორედ ამიტომ იყო, რომ მშობლები მათ არ
უშლიდნენ ერთმანეთთან ხშირ სტუმრობას.
1956 წლის 9 მარტამდის ახალგაზრდათა სულიერება და
აზროვნების მიმართულება არ ხასიათდებოდა გარკვეული მიზანდასახულობით.
9 მარტს თბილისში დატრიალებულმა ტრაგედიამ
ისინი ერთ კალაპოტში მოაქცია, მათ ყოფას აზრი და
მიმართულება შესძინა. ეს არ იყო ნააზრევის საფუძველზე
ჩამოყალიბებული მიმართულება. ეს იყო სტიქიური განცდის
საფუძველზე ამომსკდარი ღელვა. ბავშვებსა და მოზარდებს არ
ახასიათებთ მიხვეულ-მოხვეული აზროვნებითი ძალამოსილება.
მათი სულიერება სტიქიურად იღებს და ამოხეთქავს ყოველივე
იმას, რასაც მათს სულიერებას უფროსები აწვდიან. ასე
მოხდა ამ ახალგაზრდათა შემთხვევაშიც. რომ არა სტალინი,
რომ არა 9 მარტი, არავინ უწყის როდის და რა მიმართულებით
გამოვლინდებოდა მათი შინაგანი ღელვა, შინაგანი მუხტი.
ადადან-ბაბადან მოყოლებული ასე ხდებოდა და ასე მოხდება.
აღნიშნულის საფუძველზე ყალიბდებოდნენ ბეთჰოვენებად,
ლომონოსოვებად, შექსპირებად, რუსთაველებად და ა.შ.
არის შემთხვევები, როცა მოზარდები უდრტვინველად ავლენენ
თავიანთ სულიერებას. არის ისეთი შემთხვევებიც, როცა
მოზარდობაშივე ჩაკლავენ მათში დაგროვილ სულიერებას და
არავინ უწყის უკვე, ნებელობა ჩაკლულ-დაკარგული მოზარდი
ზრდასრულობაში რა მიმართულების მქონედ ჩამოყალიბდება.
ესაა მეტად და მეტად სათუთი საქმე და უფროსებს, საზოგადოებას, ამ მიმართებით ბევრი რამ მოეთხოვებათ.
ჩვენი ახალგაზრდების შემთხვევაში შინაგანი მუხტის ამოხე-
თქვა მათთვის კუმირად ქცეული სტალინის გმობამ გამოიწვია.
მუხტისა, რომელიც უფროსებმა, საზოგადოებამ ჩაადუღაბეს
მათ სულიერებაში. მათ გადაწყვიტეს დაეარსებინათ ორგა-
ნიზაცია სახელწოდებით "სიღნაღის ახაგაზრდა გვარდია", რომლის
მოვალეობად იმთავითვე მიიჩნიეს იმ სიმართლის დაცვა, რომელიც მათ გულებში ბუდობდა, რომელიც სტალინის სახელთან
იყო დაკავშირებული. მათი მამები დიდმა სამამულო ომმა შეიწირა
და მათ სურდათ ომში გამარჯვების მომპოვებელი ადამიანი
ბოლომდე დაეცვათ, ბოლომდის მისი ერთგულები დარჩენილიყვნენ. მორიგ შეკრებაზე, რომელიც საიდუმლო მიწისქვეშეთში შესდგა, ცამეტი, თოთხმეტი და თხუთმეტი წლის ბიჭებმა დააარსეს ორგანიზაცია "საგ"-ი. მის ხელმძღვანელად აირჩიეს ლერი ჯოხარიძე, რომელიც იმ წელს თხუთმეტი წლის ხდებოდა. დასახეს გარკვეული გეგმა თუ როგორ ემოქმედათ, რა გაეკეთებინათ. უპირველეს ყოვლისა დაისვა კითხვა იმის შესახებ თუ უფროსები რატომ არ აიმაღლებენ ხმას, რატომ აშკარად არ ამბობენ იმას რაც გულში აქვთო. მათ კარგად უწყოდნენ რომ 1953
წლის მარტში, სტალინის გარდაცვალებისას, ყველა როგორც
ერთი, დიდი და პატარა ცრემლს ღვრიდა, დღეს კი ჩუმად იყვნენ
და ხმას არ იღებდნენ. ამ მიმართებით მათ გარკვეული დასკვნა
გააკეთეს სტალინი ყველას უყვარს, მაგრამ შიში აქვთო.
მათ გადაწყვიტეს თავის განწირვის ფასად მათში დაეძლიათ
ეს შიში, ადამიანები ეხსნათ გაორებული მდგომარეობისგან,
გაეღვიძებინათ მათში ბავშვური შეუვალობა და შემართება,
ჩაეგონებინათ, რომ ადამიანი ერთხელ იბადება და ყველგან და
ყველაფერში ჭეშმარიტი უნდა იყოს. მათი გაგებით საკუთარ
აღმზრდელებს თუ თანატოლებს აღმზრდელებად უნდა მოვლენოდნენ.
გადაწყვეტილება იქნა მიღებული იმის შესახებ, რომ ემოქმედათ
ფარულად, რათა აღმზრდელობითი პროცესი რაც შეიძ-
ლება დიდხანს გაგრძელებულიყო, სანამ ყველა გონს არ
მოვიდოდა, ანდა მათ არ აუკრძალავდნენ მოქმედების თავისუფლებას. საჭირო იყო ეფიქრათ ორგანიზაციის გაზრდაზეც.
გადაწყდა, მეორე დღიდანვე დაწყებულიყო პროკლამაციების
გავრცელება სტალინის სახელის დაცვის მიზნით, ამასთან
სტალინი მოეხსენებინათ არა სტალინად, არამედ კობად. კობას
ღირსების დაცვა მათ საკუთარი ღირსების დაცვად მიაჩნდათ.
ამიტომ გადაწყვიტეს ნებისმიერ პროკლამაციას თან დართვოდა
მოწოდება ქართველისადმი: "მოკვდეს ქართველი, ვინც არ
დაიცვას კობას ღირსება!".
ორგანიზაციის გაზრდის კუთხით, სავარაუდო სია იქვე შეადგინეს.
მასში შეიყვანეს ის მოსწავლე-ამხანაგები, რომლებთანაც ახლო ურთიერთობაში იმყოფებოდნენ. სიაში შეიყვანეს გივი ყორღანაშვილი, დიმა სეირანოვი, თემურ მესხიშვილი, თემურ დემეტრაშვილი, უშპა ნადირაძე, გიული ოქრუაშვილი,
ნუნუ ნიკვაშვილი, მირიან ღვინიაშვილი, მიხეილ ნადირაშვილი,
ვალერი ჭუნიაშვილი და სხვები.
ასე შესდგა "საგ"-ის 25 კაციანი სია. თუმცა, უნდა აღინიშნოს,
რომ გარდა ექვსეულისა და გიულისა და ნუნუსი, აქტიური
მონაწილეობა პრაქტიკულ საქმიანობაში არავის მიუღია.
ზოგიერთმა კი საერთოდაც კი ვერ გაიგო, რომ სიაში იყვნენ
შეყვანილნი. საქმე იმაში მდგომარეობდა, რომ ბევრი ადამიანის
მონაწილეობა პროკლამაციების გავრცელებისას, დიდ
რისკთან იყო დაკავშირებული. ამიტომ გადაწყვეტილება იქნა
მიღებული, რომ მხოლოდ უკიდურესი საჭიროების შემთხვევა-
ში გამოეყენებინათ სხვათა დახმარება. გიულის და ნუნუს დავალება მიეცათ გაემრავლებინათ პროკლამაციები.
თავდაპირველად პატარა პროკლამაციებს ამზადებდნენ. ექვსეულის წევრები მათ ხალხმრავალ ადგილებში ავრცელებდნენ.
გამოსაჩენ ადგილებში ტოვებდნენ. რამდენიმე დღეში მთელი ქალაქი ალაპარაკდა იმის თაობაზე, რომ სიღნაღში არალეგალური ორგანიზაცია მოქმედებდა, რომელიც თბილისიდან იმართებოდა.
გარდა პროკლამაციებისა "საგ"-ის წევრები მუშაობდნენ კედლის
გაზეთების შექმნაზე, რომელთაც ქალაქის ცენტრში არსებული
გაზეთის სტენდზე, გაზეთის ნაცვლად ათავსებდნენ.
მათში მოთავსებული იყო კობა-სტალინის სურათები, მასზე
დაწერილი ლექსები და მოწოდებები მისი სახელის დასაცავად.
კულმინაცია კი იყო აგვისტოს თვის დასაწყისი, როცა
უამრავი პროკლამაცია ლერიმ და კოწომ საზაფხულო კინოთეატრში მაყურებელს თავზე გადააყარეს. "საგ"-ის დანარჩენი
წევრები სპეციალურად იყვნენ კინოს საყურებლად, რათა
ხმამაღლა წაეკითხათ პროკლამაციები. სეანსი შეწყდა, ხალხი აიშალა. ისინი ერთგვარ შიშს მოეცვა.
იმავე ღამეს მთელი ქალაქი შეიძრა. ყველანი ქუჩებში გამოვიდნენ.
ქალაქს ავის მოლოდინმა გადაუარა. არავინ უწყოდა რას
მოიმოქმედებდა ხელისუფლება. ამასთან არა ადგილობრივი,
არამედ საკავშირო ხელისუფლება. ყველას კარგად ახსოვდა
ცხრა მარტი, ადამიანები მიყრუებულ ადგილებში იკრიბებოდნენ
და სანთლის შუქზე კითხულობდნენ პროკლამაციებს, რომლებიც
იწყებოდა სიტყვები "ხრუშჩოვი კვლავ განაგრძობს
ლაყბობას..." და მთავრდებოდა მოწოდებით - "მოკვდეს ქართველი,
ვინც არ დაიცვას კობას ღირსება".
გათენებისთანავე გაჩნდნენ სიღნაღელთათვის უცნობი პირების
დიდი რაზმი ქალაქში. დაწესდა შეიარაღებულ პირთა
მორიგეობა. ავტომატმომარჯვებული ადამიანები დღე და ღამ
სერავდნენ ქალაქის ქუჩებს. სახელმწიფო უშიშროების მუშაკები
მუდმივად ენაცვლებოდნენ ერთმანეთს. ქალაქის ხშირი
სტუმარი გახდა თავად უშიშროების მინისტრი ინაური. სიღნაღელები ფაქტიურად სამხედრო მდგომარეობის შესაბამისად
ცხოვრობდნენ. ყველას, დიდსა და პატარას ერთი სული ჰქონდათ
გაეგოთ ვინ იყვნენ ყოველივე ამის შემომქმედნი. ამას-
თან ერთად, სიღნაღელებს არ სურდათ უშიშროების მუშაკთა
ხელში მოხვედრილიყვნენ ის ადამიანები, რომლებიც არა მხოლოდ
სტალინის, არამედ ქართველთა, კონკრეტულ შემთხვევაში
სიღნაღელთა ღირსების დამცველთა როლში გამოდიოდნენ.
სიღნაღი საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა მთელი
კავშირის მასშტაბით. ამან სიღნაღის მაცხოვრებლები ერთ
მუშტად შეკრა. მთელი ამ დროის განმავლობაში ისინი ამაყნი
იყვნენ. უკან დარჩა ერთგვარი შიშის გრძნობა. მათ გამოხედვაში
იგრძნობოდა, რომ ისინი, თითოეული მათგანი, მზად იყო
საკუთარ თავზე აეღო ის, რაც მოხდა.
საგამომძიებლო ბრიგადის ხელთ არსებული პროკლამაციების
საფუძველზე ისახებოდა, რომ მათი დამწერები სასკოლო
ასაკის ბავშვები უნდა ყოფილიყვნენ. პროკლამაციები რამდენიმე
პირის მიერ იყო დაწერილი. აღნიშნული მდგომარეობა გამომძიებლებს აფიქრებინებდათ, რომ კვალის წაშლის მიზნით
მოთავენი ბავშვებს იყენებდნენ. ისინი ფიქრობდნენ, რომ პროკლამაციები სხვაგან, შესაძლოა თბილისში დაიწერა და სიღნაღში იქნა გამოყენებული. ასეთ შემთხვევაში გაძნელდებოდა კვალის მიგნება. არადა, კვალის მიგნების არანაირი საშუალება არ
არსებობდა. არავინ იყო იმის დამაფიქსირებელი, თუ რა ჯგუფი
მოქმედებდა. ყველაფერი ბურუსით იყო მოცული. სიღნაღელთა
სასახელოდ უნდა ითქვას, რომ შეიძლება მავანნი ხვდებოდნენ
კიდეც ვინ მოქმედებდა, მაგრამ არც დიდსა და არც პატარას
ისინი არ დაუსმენია. ასე პატარა ქალაქში თვეების მანძილზე,
მარტიდან აგვისტომდე, მოქმედებდა გარკვეული ჯგუფი და
არანაირი ცნობა არ არსებობდა მათ შესახებ. ეს სიღნაღელთა
ღირსებაზე მიუთითებდა.
ცნობა, სიღნაღში გარკვეული ჯგუფის მოქმედების შესახებ
უშიშროების კომიტეტში პირველად ივნისის თვეში გაჩნდა, მაგრამ
მისთვის დიდი ყურადღება არ მიუქცევიათ. რამდენადაც
იგი 9 მარტის ტრაგედიის უბრალო გამოძახილად მიიჩნიეს და
არც ის სურდათ, რომ საკავშირო მთავრობა ამ მიმართებით საქმის
კურსში ჩაეყენებინათ. აქედან გამომდინარე, არანაირი საგამომძიებლო სამუშაო არ ჩატარებულა.
სწორედ კინოსეანსის დროს გადაყრილი პროკლამაციები
გახდა იმის საფუძველი, რომ უშიშროების სამინისტროს ამ მიმართებით ყურადღება გამოეჩინა და საკავშირო მთავრობაც
საქმის კურსში ჩაეყენებინა.
საქართველოს უშიშროების სამინისტროს საგამოძიებო ჯგუფმა
ათვლა სიღნაღელი ბავშვებიდან დაიწყო. ორივე საშუალო
სკოლიდან მოსწავლეთა ხელნაწერი რვეულები ამოიღეს და
ექსპერტთა ჯგუფი მუშაობას შეუდგა.
გავიდა რამდენიმე დღე და პირველ საშუალო სკოლაში მომუშავე
ექსპერტთა ჯგუფის ხელში აღმოჩნდა ომარ ნატროშვილის ხელნაწერები, რომელიც იდენტური აღმოჩნდა ერთ-ერთი პროკლამაციის დამწერისა. ექსპერტებმა ამ მიმართებით
მუშაობა შეწყვიტეს. სხვა ხელნაწერების შეჯერებაზე დროის
დაკარგვა აღარ უნდოდათ. ომარი მეშვიდე კლასის მოსწავლე
იყო.
ამ დროისთვის ერთად შეკრებილმა გამომძიებლებმა სკოლის
დირექტორს სთხოვეს ნატროშვილი სახლიდან გამოეყვანათ,
რაც სისრულეში იქნა მოყვანილი. გამომძიებლები და ექსპერტები
მილიციის შენობაში წავიდნენ, რომელიც სკოლასთან ახლოს მდებარეობს. ომარის წამოსაყვანად კი ორი მილიციონერი
დატოვეს. მილიციონერებმა ომარს აუხსნეს, რომ ცოტა
ხნით მილიციაში გაყოლოდათ.
ომარს ფერი დაკარგოდა. მიხვდა რაშიც იყო საქმე. უხმოდ
მიყვებოდა მილიციონერებს. მილიციაში მისვლისთანავე არ დაუკითხავთ. ჩაამწყვდიეს რომელიღაც სარდაფში, სადაც აუტანელი სიმყრალის სუნი იდგა. რამდენიმე საათი გავიდა სანამ
მიაკითხავდნენ.
დაკითხვას შუახნის გამომძიებელი აწარმოებდა, რომელიც
აგრესიულად იყო განწყობილი. ადვილი შესაძლებელია მისი
აგრესიულობა განპირობებული იყო იმით, რომ მისი ვარაუდით
მის წინ ბავშვი კი არ უნდა მჯდარიყო, არამედ გამოცდილი
დისიდენტი. ხელთ კი მეშვიდე კლასის ბავშვი შერჩა. თუმცა,
გამომძიებელი იმედს არ კარგავდა, რომ ბავშვის უკან მისი
მმართველები იმალებოდნენ და მკაცრი ტონის საფუძველზე
ცდილობდა რაც შეიძლება სწრაფად გამართლებულიყო მისი
ვარაუდი.
ომარი დაღლილი სახით, ცრემლმორეული თვალებით შესცქეროდა ამპარტავან გამომძიებელს. მას ერთგვარი შიშის განცდა ჰქონდა იმის გამო, რომ არ დაერტყათ, არ ეწამებინათ იგი. შინაგანად კი ფიქრობდა, რომ დასამალ-დასაფარი არაფერი ჰქონდა. მიუხედავად ამისა, პირველ შეკითხვაზე, პროკლამაციების გავრცელებაში რა როლს ასრულებდიო, მან უარყოფითი პასუხი გასცა, რომ ამ საქმეში იგი არ მონაწილეობდა. მან რა თქმა უნდა არ უწყოდა თუ რა სამხილი ჰქონდა ხელთ გამომძიებელს.
_ ნატროშვილო, _ მიმართა გამომძიებელმა _ პროკლამაციების
გავრცელებაში თუ არ მონაწილეობდი, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ მათ წერდი და სხვები კი ავრცელებდნენ. დაგვისახელე
ის პირები ვინც გაიძულებდათ გეწერათ პროკლამაციები. შენ
არაფერს გერჩით, მათ კი, უფროსებს, სათანადოდ დავსჯით
თუნდაც იმიტომ, რომ ბავშვებს იყენებენ ამგვარი საქმეების
შესასრულებლად.
საკუთარი ხელით დაწერილი ტექსტის დანახვისას ომარს
ტანში გასცრა, რას, რას და ამას კი არ ელოდა. მან მხოლოდ
ერთადერთი პროკლამაცია დაწერა და სწორედ მისით მიაგნეს
ჯგუფს. მას აღარაფერი დარჩენოდა გარდა იმისა, რომ ეღიარებინა.
_ ეს პროკლამაცია ჩემი დაწერილია, მაგრამ ჩემზე იძულება
არავის მოუხდენია, ჩემით დავწერე.
_ სხვა პროკლამაციები ვინღა დაწერა.
_ ეგ არ ვიცი, მაგაზე ვერაფერს გეტყვით.
_ ვინ გხელმძღვანელობდათ, ვინ იყვნენ თქვენი უფროსები,
აქაურები თუ თბილისელები? – ხმას აუწია გამომძიებელმა.
_ რა თბილისელები. მე და ჩემი მეგობრები ვაკეთებდით
ყველაფერს.
ომარის შეიძლება არც უნდოდა ამის თქმა მაგრამ გამომძიებლის
სატყუარას, რომ დაემძიმებინა ვითარება თბილისელთა
შემოყვანით, მან ბავშვური გულუბრყვილობით, რომ ჩვენ რა
ნაკლები ბიჭები ვართ ვიდრე თბილისელებიო, პირდაპირი პასუხი
გასცა, რომ თბილისს არანაირი როლი არ ეკისრებოდა სიღნაღში მიმდინარე მოვლენებზე.
გამომძიებელი შეცბა. მან იგრძნო, რომ ბავშვმა ყველაფერი
ფაქტიურად საკუთარ თავზე აიღო. იგი ფიქრებმა წაიღო _ "ნუ-
თუ იმდენად მომზადებულია მეშვიდე კლასის მოსწავლე, რომ
დაფაროს სხვები და საკუთარ თავზე გადაიტანოს მოვლენათა
მთელი სიმძიმე? აქაოდა პატარა ვარ და ვერას მიზამენო!?"
თავის მხრივ ომარიც სახტად დარჩა საკუთარი ნათქვამის
გამო. "სიამაყემ მძლია და კი გავთქვი ჩემი თავიც და სხვებიც,
თუმცა დასამალი რა გვაქვს. კაცები ვართ და კაცურად უნდა
მოვიქცეთ."
ომარს სახე წამოუნათდა. იგი მზად იყო გამომძიებლის ყოველ
შეკითხვაზე პირდაპირი, მართალი, შეულამაზებელი და
უტყუარი პასუხი გაეცა. გამომძიებელი გამოერკვა. შეხედა ომარის ისედაც რიჟა სახეს, რომელიც ახლა ყაყაჩოსავით იყო გაწითლებული და ჰკითხა:
_ შეგიძლია დაასახელო ის ადამიანები, რომლებიც შენთან
ერთად მოქმედებდნენ ამ თვეების განმავლობაში?
ომარმა სიცილ და ცრემლნარევი ხმით მიუგო:
_ თავიდანვე ასე გეთქვათ. რაც გავაკეთეთ
იმისი ჩვენ არ გვრცხვენია და ყველგან და ყოველთვის
კი არ ვაღიარებთ, არამედ ვიტყვით, რომ ჩვენი სამეგობრო
წრეა ყოველივეს მოქმედი, რაც სტალინის სახელთანაა დაკავ-
შირებული.
_ ბევრნი იყავით ჯგუფში?
_ არც ისე ბევრნი. ვიწრო სამეგობრო წრეა. ყველაზე პატარა
მე ვარ.
_ ვინ იყო ჯგუფის უფროსი.
_ უფროსი, როგორც ასეთი, თუმცა ფორმალურად ლერი
ჯოხარიძე არის. ფაქტიურად კი ყველა საქმეს ერთად ვწყვეტდით.
ომარმა გამომძიებელს დაუსახელა ლერის მისამართი და
შესთავაზა მასთან ერთად წასულიყვნენ მის სახლში.
შეცბუნებულმა გამომძიებელმა ომარს გაყოლაზე უარი უთხრა.
იგი ჯერ კიდევ იმედოვნებდა, რომ საქმე გაცილებით რთულად
წარიმართებოდა ვიდრე ეს სკოლის მოსწავლემ წარმოადგინა.
მილიციონერს უბრძანა ომარი გაეყვანათ კაბინეტიდან
და მის მოსვლამდე მილიციაში დაეტოვებინათ, თუმცა არა იმ
გაუსაძლის ადგილას, სადაც მიყვანისთანავე გაამწესეს.
ქალბატონი ქეთევანი სახლში რაღაცას საქმიანობდა კარზე
რომ დააკაკუნეს. ბინის პატრონმა, ვისთანაც მდგმურად იდგა,
უთხრა, რომ უცხო პირებს სურდათ მისი ნახვა. ქეთევანმა
სტუმრები სახლში შეიპატიჟა. სულ სამნი იყვნენ. სკამები შეს-
თავაზა და მოლოდინით მიაჩერდა მათ. ერთხანს სტუმრები
ოთახის თვალიერებით იყვნენ გართულნი. შემდეგ ერთ-ერთმა
მათგანმა სიჩუმე დაარღვია და ქეთევანს კითხვა დაუსვა.
_ ქალბატონო, თქვენ უწყით თუ არა თქვენი შვილის საქმიანობის
შესახებ?
ქეთევანი არ ელოდა საუბრის ასეთ დასაწყისს. ელდა ეცა.
"ხომ არაფერი მოუვიდა ლერის, რამე ხომ არ დააშავა?"
_ რა საქმიანობის შესახებ, ჯერ სკოლის მოსწავლეა. თექვსმეტი
წელი არ შესრულებია.
_ თქვენ არაფერი გსმენიათ სიღნაღში მომხდარი ამბების შესახებ, სტალინის სახელთან რომაა დაკავშირებული?
_ როგორ არ გამიგონია. _ უპასუხა ქეთევანმა, მაგრამ ჩემი
შვილი აქ რა შუაშია. ისე მთელი ქალაქი ეს დღეები სულ ამ
საქმეზე ლაპარაკობს.
_ თქვენ იცნობთ შვილის სამეგობრო წრეს, იცით რით არიან
ისინი დაკავებულები?
_ როგორ არ ვიცი. ყველას სათითაოდ ვიცნობ. ყველანი წესიერი
ბავშვები არიან. მათზე ცუდს ვერავინ იტყვის. ხშირად
მოდიან ჩვენთან სტუმრად, ლერიც ხშირად სტუმრობს მათ. მათ
მშობლებსაც კარგად ვიცნობ.
_ ქალბატონო, მაშ თქვენ ამბობთ, რომ მშობლები შვილებს კარგად იცნობთ, იმას კი ვერ ხვდებით, რომ თქვენი უყურადღებობით სარგებლობენ თქვენი შვილები და სახელმწიფოებრივ
დანაშაულს სჩადიან. სიღნაღში დატრიალებული ამბები სწორედ მათ სახელთანაა დაკავშირებული.
თითქოს ცივი წყალი გადაასხესო, ქალბატონი ქეთევანი
სკამზე მძიმედ დაეშვა. მას ვერ წარმოედგინა, რომ მისი შვილი
ამ საქმეში შეიძლება ყოფილიყო გარეული. "აი თურმე სად
იკარგებოდნენ შუაღამემდე ლერი და მისი მეგობრები. ნუთუ
ეს მართალია, ნუთუ ყელაფერი ეს ცამეტ-თხუთმეტი წლის
ბავშვებმა მოიფიქრეს და განახორციელეს?" ქეთევანი შეშფოთდა.
შეშფოთდა იმის გამო, რომ მას ვერ წარმოედგინა ამხელა
საქმის ბავშვების მიერ ორგანიზება. იქნებ უფროსების მიერ
იმართებოდნენ?"
ერთ-ერთი სტუმართაგანმა, თითქოსდა მიუხვდა ნაფიქრს,
შეკითხვა მისცა:
_ ქალბატონო, გარდა თქვენი შვილისა და მისი სიღნაღელი
ამხანაგებისა, ვინმე უცხო ხომ არ შეგიმჩნევიათ მათ წრეში?
განსაკუთრებით მარტის თვის შემდგომ პერიოდში?
_ არა, უცხო არავინ მინახავს არც ადრე და არც ამ პერიოდში.
ეგ კი არა მათ გარდა, მათ წრეში უცხო არც სიღნაღელი
შემინიშნავს.
_ თუ შეგიძლიათ დაგვისახელეთ თქვენი შვილის სამეგობრო
წრე.
_ აქვე, მეზობლად ცხოვრობს კონსტანტინე ბეჟაშვილი,
დედამისი მასწავლებელია. ლერისთან ერთად, ერთ კლასში
სწავლობს ჯემალ ქიტიაშვილი. თენგიზი და გაიოზი ერთი კლასით
უკან არიან და მეორე საშუალო სკოლაში სწავლობენ, და
ომარი, რომელიც პირველ საშუალო სკოლაში სწავლობს და
ასაკით ყველაზე პატარაა. ესაა და ეს.
უშიშროების მუშაკებს ენიშნათ ომარი, ნატროშვილი, რომელმაც
უკვე მისცა ჩვენება. რომელიც იმჟამად მილიციაში იმყოფებოდა. იკვეთებოდა, რომ ძირითადად ეს ექვსი მოსწავლე შეადგენდა "საგ"-ის, სიღნაღის ახალგაზრდა გვარდიათ წოდებულ ორგანიზაციას.
კარზე დააკაკუნეს. ქეთევანმა კარი გააღო. მისი შვილი ლერი
და ორი მილიციონერი შემოვიდნენ.
_ ქალბატონო, თქვენს სახლში ჩხრეკა უნდა ჩავატაროთ და
გთხოვთ ორ მეზობელს სთხოვეთ დაგვესწრონ. ქეთევანმა სახლის
პატრონებს სთხოვა შემოსულიყვნენ.
ჩხრეკას უცხო პირები აწარმოებდნენ. ლერის სასკოლო წიგნებში
იპოვეს, როგორც გამზადებული პროკლამაციები, ისე
ცალკეული ტექსტები, რომლებიც გადასაწერად იყვნენ გამზადებულები.
ერთ-ერთ წიგნში აღმოჩნდა ოცდახუთკაციანი სია,
რომელშიც სკოლის მოსწავლეები იყვნენ შეყვანილნი.
ლერი შემცბარი უყურებდა ყოველივეს. მის გონებაში მხოლოდ
ერთი აზრი ტრიალებდა - "საიდან და როგორ გაიგეს? ვინ
მისცა მათ ჩემი მისამართი?"
ჩხრეკა დამთავრდა. შეადგინეს ჩხრეკის ოქმი და როგორც
წესია ყველამ ხელი მოაწერა.
ერთ-ერთმა უცხო პირმა, რომელიც ეტყობოდა მოსულებში
უფროსი თანამდებობის პირი უნდა ყოფილიყო, ლერის დედას
უთხრა, რომ მის შვილს მილიციაში გადაიყვანდნენ და მანამდე
დატოვებდნენ იქ სანამ საქმე სრულად არ დამთავრდებოდა.
ქეთევანს ცრემლები ჩამოსდიოდა თვალებიდან, მის ერთადერთ
შვილს აპატიმრებდნენ. იმავდროულად მის გამოხედვაში
შეინიშნებოდა, რომ იგი ამაყი იყო შვილის საქმიანობის გამო.
"მთელი სიღნაღი გაიგებს, რომ ლერი, ჩემი შვილი, პატრიოტია."
მას მაინც აფიქრებდა ის თუ ვინ იყვნენ ამ სიაში. მას არასოდეს
ენახა და გაეგო არა თუ ოცდახუთკაციანი შეკრება, არამედ
ლერისთან ერთდროულად ექვს ადამიანზე მეტი არავინ ენახა,
რომლებიც თითქმის ყოველდღე სტუმრობდნენ მათთან.
მოსულები დაემშვიდობნენ ქეთევანს და ლერისთან ერთად
გაუყვნენ მილიციისკენ მიმავალ გზას.
მილიციაში მისვლისას ლერი ცალკე ოთახში გამოკეტეს,
რომელშიც არც საქანი იყო და არც რაიმე სათავსო. ოთახში იდგა
მაგიდა და რამდენიმე სკამი. კარები დაკეთეს და დამოძღვრეს,
რომ წყნარად ყოფილიყო, თორემ პატიმრებით სავსე საკანში
გადაიყვანდნენ, რომელიც მილიციის შენობის პირველ სართულად
წოდებულ სარდაფში მდებარეობდა. გამომძიებლებს ერთი სული ჰქონდათ დაედგინათ სიითი შემადგენლობის ვინაობა. სია სასწრაფოდ გაამრავლეს და ორივე საშუალო სკოლის დირექტორებს ესტუმრენ. მათ გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა აღმოჩნდა, რომ ყველა ოცდახუთივე გვარ-სახელის მქონე პირები პირველი და მეორე საშუალო სკოლის მოსწავლეები აღმოჩნდნენ. მათი ასაკები მერყეობდა ცამეტიდან თხუთმეტ წლამდე. უშიშროების მოხელეები მაინც ეჭვობდნენ. ეჭვობდნენ იმას, რომ ეს ყველაფერი ადვილად შესაძლებელია თვალის ასახვევად იყო გამიზნული და ფაქტიურად სხვა ძალები მართავდნენ სკოლის მოსწავლეებს. ისინი ფიქრობდნენ, რომ უფროსებს სურდათ ახალი ტალღა აეგორებინათ სტალინის სახელთან დაკავშირებით. ამ მიზნით მოსწავლეები განაწყეს მოქმედებისთვის, თავად კი ჩრდილში დარჩნენ. თანაც ისე, რომ არსად, არც ერთ მომენტში არ გამომზეურებულან. დაკმაყოფილდნენ მხოლოდ რჩევა-დარიგების მიცემით
და გაეცალნენ სიღნაღს. ანდა, აქვე იყვნენ, მაგრამ პრაქტიკულად
არანაირად არ მონაწილეობდნენ მიმდინარე მოვლენებში.
ეს ეჭვი არ ასვენებდათ საქართველოს სახელმწიფო უშიშროების
მუშაკებს, თავად მინისტრს, ინაურს. მოსკოვი პასუხს ითხოვდა. საჭირო იყო საქმის სასწრაფოდ დამთავრება. საქმეს ართულებდა ის გარემოებაც, რომ ზაფხულის პერიოდი, აგვისტოს თვე იდგა და მოსწავლეები ძირითადად გასულები იყვნენ ქალაქიდან ვინ ნათესავებში და ვინ ბანაკებში დასასვენებლად. უშიშროების მუშაკები აქცენტს მაინც იმ ექვს მოსწავლეზე აკეთებდნენ, რომლებიც ქალბატონ ქეთევანის თქმით ლერის სამეგობრო წრედ სახელდებოდა. დანარჩენები როგორც ჩანდა აქტიურობით არ გამოირჩეოდნენ. თუმცა მათი დაკითხვაც აუცილებლობას წარმოადგენდა.
უშიშროების მუშაკებს ერთგვარად ადარდიანებდათ ის, რომ ამხელა ვაი-უშველებელი ატყდა და ხელთ ჯერჯერობით მხოლოდ ბავშვები შერჩათ. რა უნდა ეპატაკებინათ მოსკოვისთვის? ბავშვებმა გაგვაბრიყვესო? ეს აშფოთებდათ მათ. ყველანაირად ცდილობდნენ დაედგინათ სიმართლე.
თენგიზ ზურაშვილი
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|