თენგიზ ზურაშვილის ლექსები და მოგონებები
  სამშობლოს
 





სიღნაღი,
სიყვარულის ქალაქი





დაჰკარით

 

დაჰკარით დაფდაფებს,

დაჰკარით,

ისინი მოდიან,

მოდიან!

ნეფეს და დედოფალს

სტუმრები

 

სალმით და დიდებით

ხვდებიან.

გაშლილა სუფრა და ქართული

სიმღერის ნეტარი ხმებია,

ნეტავ თუ ქორწილებს

სხვაგანაც,

ასეთი მოლხენით ხვდებიან?

                   * * *

ჩემო სამშობლო, მადლმოცხებულო,

ქართვლის აკვანო, ქართულო მიწავ,

შენი ვარ შვილი, შენი გუშაგი,

შენით ვამაყობ და მკერდით გიცავ.

                   * * *

სამშობლოსათვის თავდადებულმა,

ქართველთა გულში ძეგლი დაიდგა,

დედა სამშობლოს შესწირა თავი,

უსპეტაკესმა, დიდმა რაინდმა.

                   * * *

როდესაც ვარდებს ფესვები

გაედგათ ივერთ მიწაზე,

მაშინვე წარმოთქმულიყო,

ლექსი მჩქეფარი იმათზე.




 

 მზემ საქართველოს უძღვნა სალამი

 

თითქოს გაჩერდა მზე საოცნებო,

თითქოს რაღაცა მოაგონდაო

და მობრდღვიალე კამკამა თვალი,

მიწას ოცნებით დააშტერაო.

 

იქნებ დაკარგა, იქნებ რას ეძებს,

ან, ინებ რისთვის შესტკივა გული,

იქნება მანაც, იქნებ მნათობმაც,

პირველად იგრძნო დღეს სიყვარული.

 

იქნებ შეშურდა მიწის დიდება,

რაშიც თვითონაც დაუდევს წილი,

მარტოდენ სხივთა გამოშუქება,

ხომ არ დაბადებს მიწაზე ღიმილს.

 

იქნება მზემაც ვერ მოისვენა,

იქნებ აწუხებს რაღაც წუხილი,

იქნებ მიწაზე სურს დაბრუნება,

იქნებ აქედან არს განდევნილი.

 

და დღეს როდესაც ხედავს დიდებას,

მიწის დიდებას, ხალხის დიდებას,

იქნება მათთან უნდა სიმღერა,

იქნება მათთან სურს დაბრუნება.

 

დაე დაბრუნდეს, მაგრამ მე ვხედავ,

მზემ გზა განაგრძო, როგორც ყოველთვის.

ნუთუ მნათობმაც იცის მდურება,

ნუთუ მტერია იგიც ვინმესთვის?

 

არა და არა, მზემ ჩვენს დიდებას,

მზემ საქართველოს უძღვნა სალამი,

იმიტომ იყო წამით შეჩერდა,

იმიტომ შემრჩა ხელში კალამი.

 

მაგრამ ეს წამი უდრის ათას წელს,

ჩვენია იგი, გვეკუთვნის ჩვენა,

მას აცისკროვნებს და ალამაზებს

ქართველი ხალხის ნება და რწმენა.





 

  სამშობლო გვიხმობს

 

სამშობლო გვიხმობს დედის გულივით,

სამშობლო გულზე გადაწერილი

და გაზაფხულის ნაზ ყვავილივით

ალვისებრ შტოზე გადაფეთქილი.

 

სამშობლო გვიხმობს და ჩვენი გზები,

მის დიდ ნაცად გზას თანასდგომია,

ახალგაზრდული ამგზნებარების

შუქ მოელვარე გაზაფხულია.

 

ვახორციელებთ დიად მისიას,

ვიცავთ ქართველთა აზრის სიწმინდეს,

რომ საქართველოს ყოველი კუთხე,

პატიოსანთა რაზმებს ითვლიდეს.

 

დრო აღარ ითმენს, აზრმა ისწრაფა,

ბედნიერების იკაფვის კვალი,

ვერ შევიგუებთ ჩვენ ფარისევლებს

მათ მრისხანების გადასწვავთ ალი.

 

მიზანსწრაფვა და ჭეშმარიტება,

პატიოსნების ნათელი აზრი

და საქართველოს პატრიოტობა,

ჩვენი შეტევა და ძალა არი.

 

დაე, მოფრინდეს მერცხალი ჩვენთან,

მისთვის ღია გვაქვს ჩვენ გულის კარი,

აქეთ ბულბულო, შენც იადონო,

ჭეშმარიტების კარი აქ არი.




  ვუმღერ სამშობლოს
(ან თვით სიყვარულს)

 

გაზაფხულია, რა სილამაზე

ირგვლივ ბუნება, გაცოცხლებულა

რა მყუდროება და რა სინაზე,

გული სიამით ამღერებულა.

 

ამღერებულა, რომ საქართველოს

ბუნება იყო, არის, იქნება,

მარად უკვდავი, როგორც დიდება

საქართველოზე არ მომწყინდება.

 

საქართველო, ეს დიდების მხარე

და სიტურფის მარად მოტრფიალე,

სიყვარულის დაბადებას უმღერს,

თვითვე აბამს სიყვარულის ბადეს.

 

და, გოგონა ქართლის ქალიშვილი,

თვით ხატება ციდან ჩამოსული,

წელი წვრილი, წამწამები გრძელი,

ყელ მაღალი, წარბებ აზიდული.

 

და სინაზით გაზაფხულის ია,

ჯეირანის მსგავსი არის ლია,

ლამაზია ვით მაისის ია,

საროს ტანის შავთვალება ლია.

 

ვით ეს გოგონა მოინადირებს,

სიყვარულისთვის გულს ჭაბუკისას

და ის ჭაბუკი სილაღით სავსე,

სიმღერებს უძღვნის ვარდს ედემისას,

 

ისე პოეტი ვუმღერ სამშობლოს,

მის ამწვანებულ მთებსა და მდელოს,

ვუმღერ ქვეყანას, რომელსაც ჰქვია

და დღე ვეძახით ჩვენ საქართველოს.




 

 ჩემი სამშობლო

 

ღია მაქვს გულის კარი

სამშობლოს სიყვარულით,

კეკლუცი საქართველოს,

სიტკბო და სიხარულით.

 

მიყვარს იმისი მთები,

მიყვარს იმისი წყალი,

ძველი ივერის მიწა,

მისი სიტკბო და მადლი,

 

არაგვის დგრიალს ვისმენ,

მთაწმინდის სიო მბერავს,

თბილისის ნანა მესმის,

ცას კი მერცხალი სერავს.

 

რამ დაიტიოს ღელვა,

რამ დააოკოს გული,

დედა სამშობლოს ვუმღერ,

ცას სწვდება სიხარული.




 

 სამშობლო მხარეს

 

ჩემი სამშობლოს ბუნების შვილი,

მის მთებს და ველებს ვუმღერი მუდამ,

ვითარც სატრფოზე შეყვარებულსა,

ჩემს გულს იმისი შექება უნდა.

 

ან როგორ გავძლო, რომ არ ვუმღერო

ჩემს საქართველოს აღორძინებას,

ჩემო თბილისო, ტურფა ქალაქო,

შენს გაშენებას და შენს დიდებას.

 

გიჟი არაგვის შემოძახებას,

ტკბილად მკვნესარე, მწყემსის სალამურს,

ყანებში ჰოოპუნას ძახებას

და მოჩუხჩუხე წვმინდა ნაკადულს.

 

კავკასიონის უღელტეხილებს,

ნაპრალის თავზე ჯიხვების რქენას,

ცამდის აზიდულ პირქუშ მწვერვალებს,

თუ გაზაფხულზე მდინარეთ ცქერას.

 

კახეთში ღვინის ქვევრებს და მარნებს,

ქართლის უტკბილეს თურაშაულებს,

შირაქის ველზე ბიბინა ყანებს,

თუ მწვანე ჩაის ხასხასა ბუჩქებს.

 

ჭიათურაში შავი ოქროს მთებს,

ტყვარჩლის ქვანახშირს, მის ულევ მადნებს,

რუსთავის ფოლადს, მეფოლადეებს,

მათ შრომისათვის თავდადებულებს.

 

და, საქართველოვ შენი ბუნებით,

ზურმუხტის თვალო, ოქროს ბადახშში,

შენი საქმით და შენი დიდებით,

მთელ მსოფლიოში ცნობილი გახდი.

 

შენში აღზრდილან ბუმბერაზები,

ქართველთ ღირსება – შოთა რუსთველი,

ილია, ვაჟა, გრიგოლ, აკაკი

და ჩვენი საბა, ბრძენი ქართველი.




 

  ხალ საქართველოს

 

შორი ქვეყნების კიდე-განი შემოიარა,

ყველგან იპოვა გულითადი ძმური სალამი

ევროპას გულზე ცეცხლის ალმა გადაუარა,

მაგრამ ქართველ ძმას მანაც უთხრა: "ძმაო, სალამი!"

 

შენ შენი გმირი ხალხის ბრძოლამ გადაგარჩინა,

იყავ დღეგრძელი და მარადის სვებედნიერი,

სცოცხლობდე ცაზე ვარსკვლავების აალებამდის,

ხარობდეს შენი მიწა-წყალი და შენი ერი.

 

ივერთა მხარევ, ფრთათაშესხმის დღე გაქვს დამდგარი,

ციდან ვარსკვლავთა ათინათი გეთამაშება,

შენს ცხოვრებაში სასწაულის შემომქმედებლებს,

შენს გმირ ვაჟკაცებს უკვდავყოფა, ვაშა-დიდება.

 

შენი სიკეთე შენი ხალხის თავფურცელია,

თავისუფლება, მოსახვედრი გულში საამოდ.

წინ მიიწევი, დევგმირული ნაბიჯით მიხვალ,

ბედნიერების, სიყვარულის საბაირახტროდ.




 იქ ჩაისახა

 

აჰა, დიდების შარავანდედი,

სამშობლოს ზეცას მოსავს ერთიან,

რამდენი გზების გავლა დაგვჭირდა,

რამდენ გზებს შევხვდით უვალს, ეკლიანს.

 

უხსოვარ დროდან მოყოლებული

რამდენი რისხვის ვტეხეთ ბორკილი,

იქ დაიბადა უკვდავი ძმობა,

დღეს ვართ ხელიხელ გადაჭდობილი.

 

იქ დაიბადა, იქ ჩაისახა,

ის უკვდავება რასაც ვუმღერით,

თავისუფლება იქ დაინახა,

კაცმა, რომელიც ცხოვრობს იმედით,

 

იქ გაიმარჯვა ნათელმა აზრმა,

დასცა ძველი და შობა ახალი,

იქ ჩაისახა საქართველო და,

ქართველთა ძმობის ფუძე მაგარი.





 საქართველოს ბუნება

 

მიყვარს ჩემი საქართველო,

საქართველოს ბუნება,

გაზაფხულის დედოფალის

შუქით გასხივოსნება.

 

რომ იცოდეთ თუ რას ნიშნავს

საქართველოს მთა-ბარი,

თვით ირემი ბუნებაში,

მასთან კიდევ რა არის.

 

უნდა ნახოთ ბილიკები,

ყორღანები, ხევები,

ჩანჩქერების შხუილი და

თვით ლამაზი ედემი.

 

ბაღები და ბაღნარები

ვენახები, ყანები,

ციტრუსები ზღვასავით და

ჩაის პლანტაციები,

 

რომ დარწმუნდეთ თუ რას ნიშნავს

საქართველოს მთა-ბარი,

სილამაზის დედოფალი

ასე ქარგი რად არი.




 ნათელი მომავალი

 

საქართველოს დღე ნათელი მოდის და

ცისკიდური ვარსკვლავებით ივსება,

საქართველოს იდეალი იმარჯვებს,

ვარსკვლავები, ვარსკვლავები მუქდება,

 

"ეს თაობა ბედნიერად იცხოვრებს".

ამას ამბობს ჩვენი ბრძენი ხალხია

სულ ცოტა დრო, სულ ცოტა დრო გვჭირდება,

უკვე მოჩანს წინ სამოთხის კარია.

 

წინ გვესახვის მომავალი დიდების,

ბედნიერი და ლამაზი ცხოვრება,

ხალხის სიბრძნე მომავალშიც გვისარდლებს,

მისი სიბრძნე მის საქმეში ვლინდება.

 

ჩვენ გვინდა, რომ სილამაზეს ვუმღეროთ,

უიმისოდ ჩვენი გული მკვდარია,

ხალხთა შორის მეგობრობას ვუმღეროთ,

სიკვდილი მას, ვინც მშვიდობის მტერია.




 საქართველო სიბრძნე არის

 

საქართველო სიბრძნე არის

მაღალი მთის შესადარი,

მისკენ მხოლოდ ერთი გზაა,

პატიოსან გზით სავალი.

 

"მორალის მატარებელი,

კაცი სიწმინდის დამცველი,

საერთო საქმის,თვის საქმედ

განმცხადებელი, მცნებელი."

 

აი როგორი სჭირდება

სამშობლოს ადამიანი,

მისგან შორსაა სულიერ-

დაცემულ ანგარიანი.

 

ჩემი სამშობლოს მომავალს

ქართველი ხალხი აშენებს,

მისია დღეს გაზაფხული,

სიცოცხლეს მადლით ამშვენებს.

 

მე ჩემი ქვეყნის დიდებას

ქართველთა სიბრძნეს მივაწერ,

ქართველთა აზრის სინათლეს,

ლექსებს, ლექსებზე მივამღერ.

 

ჩვენს წინ იშლება სამყარო,

სულ სხვაა მისი გაგება,

ბედნიერ თანაცხოვრების,

გვკუთვნის სრულქმნა და აგება.

 

ეს აზრი, აზრად არ რჩება,

გვესახვის მისი წინდება,

ახლო მომავალს ვიხილავთ,

სამშობლოს ვაშა, დიდება!




საქართველოს

 

საქართველო, საქართველო,

უკვდავ სულის დაძახება

გაუმარჯოს ქართველთ მოდგმას,

მათ სიცოცხლეს, დაბადებას,

 

გაუმარჯოს დიად საქმის

ჭეშმარიტად მაღალ მიზანს,

ჩვენს სამშობლოს გაუმარჯოს,

საქართველოს, მუდამ მზიანს.

                          *  *  *

შორიდან გრიგალი მოვიდა, მოვარდა,

ხეები მოთხარა, სახლები არია.

მთებსა და მინდვრებში ჩაგუბდა, ჩაჯარდა,

ესტუმრა იალბუზს, ესტუმრა დარიალს.

 

შემდეგ კვლავ გაშალა ფრთები და ნავარდით

სუსხიან მხარისკენ წავიდა, გაფრინდა,

აქ კი დაგვტოვა უამრავ ვარამით

და მასთან მრავლის გულს სისხლიც კი დასდინდა.




 

 თბილისი მთაწმინდიდან

 

თბილისო, ლექსით რა გითხრა,

სიტყვით რა ავამოქმედო,

ციდან ვარსკვლავთა ცვენა ხარ,

ბუნების შენამოქმედო.

 

თბილისო, ვარდთა ქალაქო,

ცეცხლებრ ამნთებო გულისა,

მწველი ტრფობისა წამკიდო,

დამბადო სიყვარულისა.

 

თვით ნეტარება შენს გარე

არარად გადაქცეულა,

მით გული ჩემი, ძლივს მფეთქი,

უშენოდ ფერფლად ქცეულა.

 

გიცქერ და ცქერით ვერ ვძღები,

მაოცებს შენი მშვენება,

დაუმცხრალ სულის ღელვა ხარ,

უკვდავთა სულისკვეთება.

 

შენ შუბლზე აღარ გატყვია

ნაოჭი ძველი დღეების,

სიბნელე გარემოუცავს,

ელნათურების ფერებით.

 

თავზე ნიავი დაგქროლავს,

ძილში ნანინად სასმენი,

ტკბილი ოცნების ძახილად

გესმის, თბილისო, სახელი.

 

იძინე, ტკბილად იძინე,

ნანატრო, აღთქმის ქალაქო,

ზეშთაგონების მეხოტბევ,

ტრფობავ, სინაზევ და ლაღო,

 

იძინე, ტკბილად იძინე

აღთქმის და გრძნობის ქალაქო,

თბილისო განძო მშვენების,

შენ ყვავილნართა ალაგო.

 

მალე ამოვა შენი მზე,

ცისკრის ვარსკვლავნი ცვივიან,

მალე დადგება მწველი დღე

და გულს აღგიფრენს სხივიანს.

 

"ნახვამდის"- მთვარის ძახილი,

შენია, შენ გეკუთვნება,

სხვას არვის ესმის იმისი,

არც სიტყვა, არც მის ბუნება.

 

ღირსეულ შვილთა საფლავებს

სხივნი თავს გადაეღვარა

და ცვარ მოტირალ ბალახებს

სიცოცხლედ გადაეფარა.

 

სულში ჩაგიდგა ნათელი,

ჭარმაგი სიმხნით აგავსო,

თასი ბროლიდან ნათალი,

შესვი, მან კვლავად აავსო.

 

შეგხარით ჭაბუკს, ძველ მოხუცს,

შვილნი შენს ნათელ დღეების,

დაე, განთიადს უთვალავს,

ჩვენ შენთან შევხვდეთ მზეების.




თბილისი

 

მზემ ვარდისფერი შუქი მოჰფინა,

ჩემს დედაქალაქს, მშვენიერ თბილისს,

სხივთა ელვარე ფრთები გაფინა

და დღე დაიწყო ლამაზი დილის.

 

გაზაფხულია, თვეა მაისის

და მოციგლიგე სიო მიბერავს,

მწვანე სამოსი, ბუნება ჰყვავის,

მტკვარი ბუტბუტით, ნელად მოღელავს.

 

სახენათელი და ბედნიერი,

თბილისი ახალ დიდების გზაზე,

შარავანდედის შუქით მოსილი,

სიმღერებს ამბობს მშვენიერ ხმაზე.

                   *   *   *

ამოიწვერა მზე სხივოსანი,

მთაწმინდას შუქი მიმოაფინა,

ოქროს ვარაყი გარს შემოავლო,

მყუდრო სავანე გამოაჩინა.




 

 მარად უჭკნობი თაიგული საქართველოსი

 

მოდის ცისკარი, ვარსკვლავები ქრებიან ცაზე,

დილის რიჟრაჟზე ბეღურების ჟღურტული ისმის,

მზის პირველ სხივმა მიანათა მთაწმინდის მთაზე,

იღვიძებს ტკბილი ძილისაგან ჩემი თბილისი.

 

გაზაფხულია, ნაზი სიო ნელიად ბერავს,

თბილისის ეშხით ჩემს გულშიაც მძლავრობს პათოსი,

გულითა ხარობს თვის დიდებას თვალით რომ ხედავს,

მარად უჭკნობი თაიგული საქართველოსი.




 

 ილიას ხსოვნას

 

მზის ციაგი, მზის ნათელი ბრწყინდება,

საქართველოს მთებს და ველებს აცისკრებს,

ჭავჭავაძეს, გოლიათთა მშვენებას,

ქართველთ მოდგმა ერთიანად ადიდებს.

 

ან ვით გასძლოს გულმა, რომ არ ადიდოს

საქართველოს ეს ბერმუხა მაგარი,

ხალხის შვილი, ხალხის ფიქრთა მოფიქრე

და მეხოტბე ჩვენი ტურფა მთა-ბარის.

 

ჭავჭავაძე – გულს რა ტკბილად ედება,

რაოდენი გრძნობა გადმოიღვრება,

ქართველ ხალხის გულში მისი დიდება

სანამ ცოცხლობს აროდეს წაიშლება.

 

ყვარლის მთებთან დაიბადა ილია,

აქ დაირწა მისი ყრმობის აკვანი,

ქართვლის დედა აქ უმღერდა ნანინას,

აქ ტკბებოდა ცქერით იასამანის.

 

აქ პირველად ჩაისახა მის გულში

უკვდავება რამაც მასში დაბადა,

აქ პირველად გლეხთა ტანჯულ ცხოვრებას

ჩაუკვირდა, დაეწაფა ხარბადა.

 

და ილია დაგვებადა მეორედ,

ჭეშმარიტი სიბრძნე გამოაჩინა,

ერთხელ მოჰკლეს – როგორც დედის ნაშობი,

მეორეჯერ ხალხმა გადაარჩინა.

 

და დღეს როცა ჩვენ ბედნიერ მომავალს

ვაშენებთ და თანაც გვიმღერს გულია,

თვალწინ გვიდგას, თანაც თითქოს გვიღიმის,

ამ დღის მდომი, ჩვენი დიდი ილია.




 

 შვილად რგებია ილია ქართველთ

 

ილიობაა და როგორ არ ვთქვა,

ლექსი ილიას კარის ვინაშე,

აქ დაიბადა დიდი ქართველი,

ვდგავარ მე იმის სახლის მიჯნაზე.

 

მრავალი წლის წინ აქ იშვა ბავშვი

პატარა ილოს რომ უწოდებდნენ,

რომლის ფიქრი და აზრი შემდგომში,

ქართველს წინსვლისკენ მოუწოდებდნენ.

 

შვილად რგებია ილია ქართველთ,

მასზე არ იტყვის ქართველი მოხუცს.

ის საქართველოს შვილი არისო,

ასე ეტყვიან ისინი მოსულს.




 სიღნაღს

 

იცი? საქართველოში

არის ერთი ალაგი,

მთებზე გაშენებული,

სულ პატარა ქალაქი,

 

გარს ციხე აქვს თამარის

თვალით ნახულ-ნაშენი,

მრავალ ბრძოლის მნახველი,

გამძლეობით ნაჩენი.

 

ბევრჯერ ცხარე ბრძოლების

ქარტეხილი ამდგარა,

მტრების ლესულ მახვილთგან

სისხლის ტბორი დამდგარა.

 

ბევრჯერ ციხის კარები

მტრის ხელში ჩავარდნილა,

მაგრამ სულით ქართველი

არასდროს დავარდნილა.

 

იცით? საქართველოში

არის ერთი ალაგი,

მთებზე გაშენებული

სულ პატარა ქალაქი.

 

გარს ციხე აქვს თამარის

თვალით ნახულ-ნაშენი,

მრავალ ბრძოლის მნახველი,

გამძლეობით საჩენი.

 

ბევრჯერ ცხარე ბრძოლების

ქარტეხილი ამდგარა,

დღეს კი ბედნიერების

შუქ-ნათელი დამდგარა.

 

ციხე მხოლოდ სანახად,

ისტორიად ქცეულა

და თამარის სახელიც

მოგონებად ქცეულა.

 

დღეს სიღნაღი არ არის

ის რაც იყო ძველ დროში,

ციხის გარეთ გასულა,

არ ეტევა ღეროში.

 

დღეს სიღნაღი მღერის და

ხმა ნარნარი არ ცხრება,

ბედნიერი ქალაქი,

მშვენდება და მშვენდება.

 

ცივ-გომბორის მთებს უთქვამთ:

"სიღნაღს რა მოვუხერხოთ,

თავზე რომ დაგვდგომია

ნათლის სვეტად და ექოდ."

 

მათ დალოცეს ქალაქი,

მთის პატარა ღერო,

"დე, გზა ჰქონდეს დიდების,

გარს ნათელი ევლოს."

 

და, სიღნაღიც მშვენიერ

მზეჭაბუკის მსგავსია,

ბედნიერ დღის მშენებელს

ტანს ვარდები ასხია.




 მე გომბორის მთებს გადავცქერი

 

მე გომბორის მთებს გადავცქერი, გომბორზე მდგარი,

და ერთმანეთში ჩაგრეხილი მთები მხიბლავენ,

აქ ამოვსულვარ რომ ვიხილო დილის ზღაპარი,

ვნახო მნათობი მობრდღვიალე, დილა ბრწყინვალე.

 

გომბორის მთიდან შორით მოჩანს კავკასიონი,

ალაზნის ველი, საოცრება ჯერ არ ნახული,

ედემის ბაღად აღსაქმელი მშვენიერება

და სიყვარულით, სიყვარულით მევსება გული.




 ჩემი სიღნაღის ერთი საღამო

 

მზე ჩავიდა, თალხ სამოსში გაეხვია,

სიღნაღი და მის სიმაგრის ქონგურები,

ცაზე ვარსქვლავთ ქარავანი ამოვიდა,

მათთან მთვარე, სამიჯნურო ნეტარების.

 

მეფობს ირგვლივ მყუდროება დიდებული.

მხოლოდ სიო დაჰქრის, ფოთლებს აშრიალებს,

ხეთა ფოთლებს, ხეთა რიგებს მიუყვება,

ქალაქის ბაღს სიცოცხლით და ლხენით ავსებს.

 

აქ კი ნახა, ნეტარება რაც მას სურდა,

მაღალ ნაძვზე აიტანა თვისი გულთქმა

და იქიდან გადმომქრალი, ტკბილი გრძნობით,

მიეკრა და მიეხუტა ყველას გულთან.

 

 

 



 
   
 
Этот сайт был создан бесплатно с помощью homepage-konstruktor.ru. Хотите тоже свой сайт?
Зарегистрироваться бесплатно