თენგიზ ზურაშვილის ლექსები და მოგონებები
  თავისუფლებას
 





სიღნაღი,
სიყვარულის ქალაქი

თავისუფლება _ მითი და სინამდვილე



  ლაჟვარდოვანი ცის ფონზე ორი ფრთახატულა მტრედის თავდავიწყებულ ფრენას ოცნების თვალით აღიქვავდა ბუნების მშვენება, ადამიანი. იგი კეთილი შურით შესცქეროდა მათ ლაღობას. მათ ქცევაში ხედავდა სიცოცხლის, თავისუფლებისა და სიყვარულის მომაჯადოებელი გრძნობების გამჟღავნებას. მათი კდემა და სინაზით სავსე ურთიერთდამოკიდებულება მასში ბადებდა სიკეთისადმი დაუოკებელ სწრაფვას.      მოხიბლული
  იყო ადამიანი მეგობართა წყვილით. პირველივე შესაძლებლობისთანავე მიილტვოდა იგი იმ ადგილისაკენ, საიდანაც შეეძლო დამტკბარიყო მშვენიერების ცქერით.
ერთი გარემოება აკვირვებდა ადამიანს. დიდებული სანახაობა მთავრდებოდა იმით, რომ ერთი მტრედთაგანი ტოვებდა მეგობარს და სადღაც უჩინარდებოდა. უმეგობროდ დარჩენილი ერთხანს კიდევ იფრენდა და ისიც ეფარებოდა თვალს. ადამიანის თვალი იმასაც ამჩნევდა, რომ ის მტრედი, რომელიც პირველად ტოვებდა ცის კაბადონს, ყოველთვის თავდავიწყებით ფრენდა, ეტრფოდა სიცოცხლეს, თავისუფლებასა და
მეგობარს, ყოველთვის საყვარელი მეგობრის გარშემო ტრიალებდა. ყველაფრიდან ჩანდა, რომ მასთან გამომშვიდობება მისთვის მტანჯველი უნდა ყოფილიყო. რაც შეეხებოდა მეორე მტრედს, მეგობრის გამოჩენას იგი ყოველთვის აღმაფრენით ხვდებოდა, მაგრამ იგრძნობოდა, რომ ეს აღმაფრენა მას თანდათან ტოვებდა. ზოგჯერ გაირინდებოდა, ფრთებს გააჩერებდა და თითქოს ფიქრებში ჩაიძირაო, ვეღარ ამჩნევდა მეგობარი მტრედის თავდავიწყებულ ლტოლვას მისკენ. თავის მხრივ ეს უკანასკნელი თითქოს ვერ ამჩნევდა მეგობრის ნაძალადევ მდგომარეობას და გაუჩინარებამდე მისდამი ტრფობის ეშხს იყო დამონებული.
  ყველაფრიდან ჩანდა, რომ მტრედების ურთიერთობა თანდათანობით დასასრულისაკენ მიდიოდა. ადამიანს ვერაფრით აეხსნა ის გარემოება, თუ რატომ სცილდებოდნენ მტრედები ერთმანეთს, რატომ უცივდებოდა გული ერთ-ერთ მათგანს მეორისადმი. ადამიანმა სწორედ გულგაციებული მტრედი დაადანაშაულა, მას უწოდა მოღალატე და მთელი გრძნობით განიმსჭვალა იმ მტრედისადმი, რომელიც მეგობრობასა და სიყვარულში მთლიანად იხარჯებოდა. თანაგრძნობა იმდენად ძლიერი იყო, რომ ადამიანს სურვილი გაუჩნდა გაეგო მტრედის ადგილსამყოფელი და ახლოდან შეეხედა მისთვის. რამდენიმე დღეში მან ეს მოახერხა და აღმოჩნდა, რომ შეხვედრის შემდეგ მტრედი გალიაში ბრუნდებოდა. ადამიანი გაოგნებული იყო, მტრედი ტყვე იყო!
  ადამიანი კიდევ რამდენჯერმე გახდა მოწმე გალიიდან გამოფრენილი მტრედის ცაში ნავარდისა, მაგრამ ეულად. შემდეგ იგი აღარ დაუნახავს. ადამიანმა იფიქრა, რომ მეგობარი მტრედის გამოუჩენლობამ ტყვე მტრედი მწუხარებაში ჩააგდო და თავადაც გაერიდა იმ ადგილს, სადაც ერთ დროს მეგობართან ერთად მხიარულობდა. რას არ გაიღებდა ადამიანი იმისთვის, რომ გაეგო თუ რა იყო მტრედების ჯერ გაწყრომის და შემდეგ დაცილების მიზეზი. მაგრამ პასუხს ვერსაიდან მიიღებდა. ისევ საკუთარ ინტუიციას უნდა დაყრდნობოდა და ანალიზის საფუძველზე დაედგინა თავი და თავი მიზეზი მტრედების ამ უცნაური ქცევისა. " მათ ხომ არაფერი უშლიდათ ხელს ერთად ყოფილიყვნენ. ხომ შეეძლო ტყვედ მყოფს სამუდამოდ მიეტოვებინა გალია – ციხე და ბუნებაში ლაღად მცხოვრებ მეგობართან ერთად დაედო ბინა?! ანდა ამ უკანასკნელს დაეტოვებინა თავისუფლება სანაცვლოდ კი მიეღო მეგობართან ახლოს ყოფნის შესაძლებლობა?!" მაგრამ არც ერთი მოხდა და არც მეორე. "რატომ? რისთვის? ნუთუ მათ მეგობრულ გრძნობაზე უფრო მაღლა იდგა ისეთი რამ, რამაც ისინი აიძულა ერთმანეთს სამუდამოდ დასცილებოდნენ?!" ადამიანი თავისუფალ დროს ხშირად ფიქრობდა ამ გამოცანაზე. უპირველესად იგი ჩაუფიქრდა იმ გარემოებას, თუ მტრედებიდან რომელს უნდა დაეთმო _ გალიაში თუ ბუნებაში მცხოვრებს? და, თავისთვის გააკეთა პირველი დასკვნა.
  _"უნდა დაეთმო გალიაში მყოფს, რამეთუ იგი ტყვეობიდან თავისუფლებაში გადადიოდა. თავისუფლება კი ის კრიტერიუმია, რომლის განცდა ყველა სხვა გრძნობაზე მაღლა დგას ცოცხალ სამყაროში." მაშ, რა ძალა ამოძრავებდა მტრედს, რა განაპირობებდა მის თავდავიწყებულ ნავარდს? მეგობრისადმი სიყვარული? თუ ეს ასე იყო, ის უნდა მინდობოდა მას და მასთან ერთად ეძია მომავალი
სრულ თავისუფლებაში. ხოლო, თუ მოხიბლული იყო თავისუფლების
შეგრძნებით, გალიიდან თავდახსნილ არსებებს
რომ სჩვევიათ, მაშინ უნდა ეძია მისი გაგრძელება და არ დაკმაყოფილებულიყო თავისუფლების წუთიერი შეგრძნებით.  მით უმეტეს, რომ მეგობარიც აქეთკენ უბიძგებდა. და, ადამიანმა გააკეთა მეორე დასკვნა:             
  მტრედი სულაც არ იყო გალიის ტყვე. იგი საკუთარი წარმოდგენების ტყვეობაში იმყოფებოდა. მას არ გააჩნდა თავისუფლებისა და მეგობრისადმი წრფელი სიყვარულის შეგრძნების უნარი. მისთვის თავისუფლების ბუნებრივი განცდა მიუწვდომელი იყო. მისთვის თავისუფლების შეგრძნება გრძელდებოდა იმ დროის განმავლობაში, რომელსაც ის გალიის გარეთ ატარებდა. სიცოცხლით ტკბებოდა დროის ამ მცირე მონაკვეთში და მიაჩნდა, რომ ეს სწორედ ასეც უნდა ყოფილიყო და არა სხვანაირად. თავისუფლების ამდაგვარი გაგება მასში ჭეშმარიტებამდის იყო აყვანილი და, ბუნებრივია, თავისუფლებისადმი მიდგომის სხვა საზომი მისთვის არ არსებობდა. მტრედი უბრალოდ, ამ დროზე იყო შეყვარებული. დროზე, რომელიც მას სრულ ბედნიერებას ანიჭებდა. იგი ელტვოდა ამ დროს, მას უყვარდა ეს დრო და მასში საკუთარი თავი. სურდა ყველაფერი მოესწრო ამ დროში. ამ დროში დაფიქსირებული თავისუფლება მხოლოდ მისი იყო, მხოლოდ მას ეკუთვნოდა და სხვას არავის. ნეტარებას თვითონ განიცდიდა და სურდა ამ დროში მის გვერდით მყოფი არსება დასჯერებოდა მისი ბედნიერების ხილვას და მის ხელშეწყობას. რამეთუ, მისი გაგებით იგი გალიაში იმიტომ იყო გამოკეტილი, რომ ეს დრო განეცადა. მას სწამდა, რომ ეს დრო და მისით განცდილი თავისუფლება მისი მონაპოვარი იყო და ვერავის უწილადებდა. იგი ამ დროის მეუფე იყო, ხოლო ყველა სხვა ამ დროის მიღმა მდგომნი და მისი ჟინის უბრალო აღმსრულებელნი იყვნენ. და ეს მაშინ, როცა სრულ თავისუფლებაში მყოფი მტრედისთვის ეს მცირე დრო არაფერს არ წარმოადგენდა. ამ მიმართებით დიდი იყო განსხვავება შეგრძნებებში, ბედნიერების კუთხით გრძნობების გამომჟღავნებაში. ერთი ამ დროის განმავლობაში ბედნიერების მწვერვალზე იყო, მეორე კი ყოველივე ამას ბუნებრივად აღიქვავდა. მისთვის დრო არ იყო დაყოფილი, იგი ერთ მთელს წარმოადგენდა და თავისუფლებაც ამ მთელის შესატყვისად აღიქმებოდა. და ადამიანმა გააკეთა მესამე დასკვნა:
  თავისუფლებაში მყოფი მტრედისთვის გაუგებარი აღმოჩნდა მეგობარი მტრედის მისადმი დამოკიდებულების შინაარსი. მეგობრისა, რომელიც მისგან მოითხოვდა სრულ მორჩილებას, მონობას, რომელსაც თავად მიჩვეული იყო გალიაში ყოფნის პირობებში. ბუნებრივია, თავისუფლებაში დაბადებული არსება ვერ შეეგუებოდა თავისუფლების ასე დამახინჯებულ გაგებას და ის გარეგნული ეფექტი _ ბუნებრივი სილამაზე _ რომელიც ფარავდა გალიაში მცხოვრები მტრედის სულსა და გაგების უნარს, ვერ აღმოჩნდებოდა იმდენად ძლიერი, რომ მისთვის ხელი აეღებინებინა დროის თავისუფალ, ყოველგვარი დაყოფის გარეშე, აღქმაზე. თავისუფლებაში მყოფ მტრედს მხოლოდ სიყვარული, მეგობარი ესაჭიროებოდა. მას თავისუფლების შეგრძნება ბუნებრივად ახასიათებდა. მან ვერ იგრძნო მეგობარი მტრედის მხრიდან მისდამი სიყვარული, სწრაფვა. მტრედმა იგრძნო, რომ გალიის ტყვეს ის კი არ უყვარდა, მას კი არ ეტრფოდა, არამედ თავისუფლებას, ისიც დამახინჯებულად აღქმულს. სწორედ ამან გაუცია გული მტრედს და იმიტომ იყო, რომ იმ ადგილებს აღარ გაკარებია.
 აღარც ადამიანი გაკარებია იმ ადგილს, საიდანაც მის თვალს ერთ დროს მშვენიერების სამყარო ეშლებოდა, რამეთუ, გარეგნული სილამაზე მის თვალში ვეღარ ფარავდა იმ შინაარსს, რომელიც მისთვის, როგორც ადამიანისთვის მიუღებელი იყო. ადამიანი ღრმა ფიქრებმა წაიღო. ის პირველად ჩაუკვირდა გარემოებას, რომელიც მტრედების ურთიერთობიდან გამომდინარე წარმოესახა. მან თვალნათლივ წარმოიდგინა, რომ მსგავსი მდგომარეობა არა მხოლოდ ორი ფრთახატულა მტრედის-თვის იყო დამახასიათებელი, არამედ ყველა არსებაზე მეტად ადამიანებს ახასიათებთ, რომ სწორედ ადამიანთა გამოისობით ჩავარდნენ ფრთახატულა მტრედები მსგავს სიტუაციაში. "თავისუფლება, თავისუფლება". "ადამიანი ორი მტრედიდან რომლის შესატყვისია, თავისუფლების ბუნებრივად აღმქმელის თუ ტყვე მტრედის? აქვს კი ადამიანს თავისუფლების გაგება? ესმის მას რას ნიშნავს თავისუფლება?" _ ადამიანს სისხლი მოაწვა სახეზე, რაღაცის ამოხსნას ცდილობდა. სახე ხან უნათდებოდა და ხან ბროწეულის ფერად ეღებებოდა. კარგა ხანს დაჰყო ადამიანმა ამ მდგომარეობაში, ვიდრე ნათლის ფერმა საბოლოოდ არ დაიმკვიდრა ადგილი მის სახეზე. და, ადამიანმა გააკეთა მეოთხე დასკვნა:
  _"ადამიანს წარმოდგენაც არა აქვს თავისუფლებაზე. ასე- თი ცნება მისთვის უბრალოდ არ არსებობს. ამის დასტურია მტრედებს შორის წარმოშობილი ურთიერთობის შინაარსი, რომელიც ადამიანის გამოისობით ჩამოყალიბდა. ადამიანმა თავისი ქმედებით ახალი, ყალბი თავისუფლების შინაარსი ჩასახა, რომელიც ტყვე მტრედისთვის იყო დამახასიათებელი. რაც იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანს წარმოდგენაც არა აქვს თავისუფლებაზე, მას იგი არასოდეს განუცდია, წინააღმდეგ შემთხვევაში თავისუფლების ბუნებრივ სახეს არ გაცვლიდა მის ყალბ სახეში. აღნიშნული იმაზე მიუთითებს, რომ ადამიანის გაგება ტყვე მტრედის გაგების შესატყვისია, უფრო მეტიც, ამ გაგების მშობლის როლს ასრულებს. რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ადამიანი იმთავითვე თავისუფლება დაკარგულია და ამ მიმართებით დღემდის ყალბი წარმოდგენების ტყვეობაში იმყოფება. აქედან გამომდინარე მთელი შედეგებით, რამაც კატასტროფის წინაშე დააყენა არა მხოლოდ ადამიანის, არამედ მთლიანობაში აღებული დედამიწაზე არსებული სიცოცხლე."
  ნააზრევმა ადამიანი შესძრა. მას თვალწინ დაუდგა ადამიანის ყოფის მთელი არარაობა. "გამოსავალი, გამოსავალი!! არსებობს კი იგი? რა არის ამისთვის საჭირო?" ადამიანს სურდა მტრედის გალიიდან განთავისუფლება. "მივალ და გამოვუშვებ გალიიდან, გალიას კი დავშლი."
  "მაგრამ, ეს საკმარისია მისგან თავისუფლების ჯეროვნად აღქმისათვის? მტრედი ხომ ყოველდღიურად ტოვებს გალიას, რაღად უნდა მას ჩემგან გამოშვება? გალიაც რომ არ იყოს, ის ხომ დაბრუნდება გალიის ადგილს და ისევ იჯდება ერთ ადგილას, თითქოს გალიაში მჯდარიყოს? აქ, გალიაში ხომ აღარაა საქმე?
  საქმე ხომ მის აზროვნებაშია? თავისუფლების ბუნებრივად აღმქმელი მტრედისგან განსხვავებული შინაარსის მატარებელ აზროვნებაში?", "აზროვნება, აზროვნება აქვს მოშლილი მტრედს. ის, რაც ერთ მტრედს ბუნებრივად, მთელი არსით ახასიათებს, მეორე, ტყვე მტრედს აზროვნების ძალით აღექმება. აზროვნება, ბუნებრიობიდან, არსების არსიდან ამოვარდნილი განაგებს თავისუფლების აღქმის შინაარსს, აყალიბებს მას საკუთარ საფუძველზე, იმ საფუძველზე, რომელიც მის აზროვნებას დაუდვეს საფუძვლად. და ეს ყველაფერი მოიმოქმედა ადამიანმა, რომელიც ტყვე მტრედის მსგავსად მუდმივად წარმოდგენების, ცრუ, ყალბი წარმოდგენების გალიაში იმყოფება მუდმივად." და, ადამიანმა გააკეთა მეხუთე დასკვნა:
  "ადამიანის აზროვნება მოწყვეტილია ბუნებრივ რეალობას. მას საკუთარი, ბუნებრიობიდან მოწყვეტილი, საკუთარი რეალობა, საკუთარი სამყარო გააჩნია და ამ სამყაროში მუდმივად წრებრუნვით მოძრაობას ასრულებს. წრის შემკვრელი სარტყელი თანდათანობით იწელება, წრის დიამეტრის ზრდასთან ერთად, რასაც აზროვნების მხოლოდ ტექნიკური კუთხით განვითარება იწვევს, რასაც უცილობლად მოყვება მისი გაწყვეტა. და დედამიწაზე არსებული სიცოცხლის საფრთხის ქვეშ დაყენება. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად დროულად აღიქვავს ამ რეალობას ადამიანი და ასევე დროულად ჩაანაცვლებს რეალურად არსებული აზროვნების შინაარსს, ახალი შინაარსის მატარებელი აზროვნებით, რამეთუ ადამიანის აზროვნება მხოლოდ თავისუფლების აღქმის შინაარსზე არაა დასაქმებული. მისი დასაქმება მრავლობითია და, გამომდინარე მისი შინაარსი ყველგან და ყველაფერში, დასაქმების ნებისმიერ სფეროში, ყალბი წარმოდგენების ტყვეობაში იმყოფება. ეს კი საგანგაშო მდგომარეობას ქმნის."
  _ უნდა შევიცვალო, უნდა შეიცვალოს ჩემი აზროვნების არსი. ესაა გადაუდებელი ამოცანა. გმადლობ ფრთახატულა მტრედებო, გონების გახსნისთვის. _ გაიფიქრა ადამიანმა, ბუნების მშვენებამ და ამაყად მიმოიხედა ირგვლივ.

თენგიზ ზურაშვილი


 
   
 
Этот сайт был создан бесплатно с помощью homepage-konstruktor.ru. Хотите тоже свой сайт?
Зарегистрироваться бесплатно