თენგიზ ზურაშვილის ლექსები და მოგონებები
  ლეილა
 





სიღნაღი,
სიყვარულის ქალაქი

ლეილას ცხოვრების ერთი დღე
    
   მთელი ღამე წვიმდა. დილით კი ღრუბლის ერთი ნაგლეჯიც აღარსად ჩანდა. მზის ახლად ამოჭრილი სხივები ალმაცერად იყურებოდნენ. საამური სიგრილე შეიგრძნობოდა. ნელი ნაბიჯით მიდიოდა ლეილა. სამუშაოს დაწყებამდე ჯერ კიდევ საკმაო დრო იყო დარჩენილი. სტკბებოდა მშვენიერი, კეკლუცი დილით. ხარბად იყნოსავდა სუფთა ჰაერს. სადღაც მერცხლები ჟღურტულებდნენ. ცრემლს ღვრიდნენ ნამიანი ბალახები. ბუნების სიდიადის ეშხში შესულს ყელი ამაყად მოეღერებინა. ტანკენარი ქალიშვილი ავსებდა ბუნების მომაჯადოებლობას. სამკერვალო ფაბრიკას მიუახლოვდა. ერთხელ კიდევ გადახედა ზვიადად ამართულ გომბორის მთებს და საამქროში შევიდა. ჯერ არავინ იყო მოსული. საერთოდაც, ადრე ცხადდებოდა ლეილა სამუშაოზე. მაგრამ დღეს გულმა რატომღაც უფრო ადრე გამოუწია და ცდუნებას ვეღარ გაუძლო. სამაგიეროდ კი მშვენიერების განცდა მიიღო. ფანჯარასთან მივიდა. გულ-ნეტარებით უცქერდა ოქროსფრად მოვარაყებულ გომბორის მთის ერთ ქალთას, რომელზედაც კეკლუცი ქალაქის, სიღნაღის ერთი მხარე იყო გაშენებული. სტკბებოდა მწვანეში ჩაფლული სახლების ცქერით.
  კარები შემოაღეს.
  ქალიშვილები სიცილ-კისკისით შემოდიოდნენ. სიცოცხლის ხალისი მოიტანეს და უხვად ჩაღვარეს საამქროში. ლეილას გულმა მარტომ ვეღარ დაიტია განცდილი მშვენიერება და თავის მხიარულ მეგობრებისთვის სურდა გადაეცა იგი. უყვებოდა მათ, თუ რა ნეტარება განიცადა ამ დილით, რა ლამაზი იყო პატარა ქალაქი. ბუნების როგორი სიდიადით იყო გარემოცული და ჯერ კიდევ ნამშეუმშრალ, ცრემლდაუწურავ ქალაქზე მიუთითებდა, დღის ბრწყინვალებას სიხარულით რომ ხვდებოდა.
  სამუშაო საათები დაიწყო.
  ქალიშვილებმა სამუშაო ადგილებს მიაშურეს. იწყებოდა ჯანსაღი შრომითი ცხოვრება. აგრიალდნენ საკერავი მანქანები. ლეილა უთოს დასტრიალებს. არც ერთი ნაოჭი არ გამოდის მისი ხელიდან. სწრაფად და ხალისიანად მუშაობს. ყველა თავისი საქმით გაერთო. უყურებ ამ ქალიშვილებს და სიამაყით გევსება გული. აზრნათელნი, სიცოცხლითა და ხალისით სავსენი, დიადი ქვეყნის ამაყი ქალიშვილები ნათელი მომავლის, ბედნიერი ცხოვრების გარიჟრაჟზე ენერგიული და დაუღალავი შრომით აახლოვებენ დაისის შემდგომ აისის სწორუპოვრად ამობრწყინებას, სიყვარულისა და სიხარულის დამკვიდრებას. თითოეულის რწმენაში უკვდავებადაა ჩასახული სიყვარულისა და მეგობრობის უძლეველი სიდიადე. მათ მოქმედებაში იგრძნობა შემოქმედებითი ცეცხლი, აზრი და მიზანდასახულობა.
  სამუშაო დრო შეუმჩნევლად მიიწურა.
  ლეილამ ელექტრო უთო გამორთო, სამუშაო ადგილი მიალაგა და ამხანაგებთან ერთად წასასვლელად გაემზადა.
  მზე ჭარბად აყრიდა სხივებს დედამიწას. აღარსად იყო დილანდელი ნამი და სიგრილე.
  _"რა კარგი დილა იყო და როგორ ცხელა ახლა!"_ გაიფიქრა ლეილამ და სწრაფად შეუყვა აღმართს. ოთხი წელია ლეილა სამკერვალო ფაბრიკაში მუშაობს და ვინ იცის, რამდენჯერ აუვლია და ჩამოუვლია ეს ქვიანი აღმართი. მისთვის ყველაფერი ნაცნობია აქ. ენერგიული ქალიშვილი მარტო ფაბრიკაში მუშაობით არ კმაყოფილდება. სხვადასხვა საზოგადოებრივ საქმიანობაში მონაწილეობის გარდა ლეილა თანამშრომლობს საზოგადოებრივ საწყისებზე მოქმედ ადგილობრივ რადიო გადაცემებში. მისი წერილები ხშირად გადაიცემა რადიოთი, ქვეყნდება გაზეთ "კოლმეურნეს" ფურცლებზე. შინაარსიან წერილებში მოგვითხრობს თავის ამხანაგებზე, შრომით დაინტერესებულ ადამიანებზე. ლეილას სანუკვარი ოცნებაა სწავლა უმაღლეს სასწავლებელში. მეტი ცოდნით სურს უფრო შინაარსიანი და მიმზიდველი გახადოს თავისი ცხოვრება, რომ თამამად იმოქმედოს მის შუაგულში და უფრო ქმედითად გაუყვეს მიზნისკენ მიმავალ გზას.

თენგიზ ზურაშვილი


 
   
 
Этот сайт был создан бесплатно с помощью homepage-konstruktor.ru. Хотите тоже свой сайт?
Зарегистрироваться бесплатно