ნავიგაცია |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
სიღნაღი,
სიყვარულის ქალაქი
ბედის ირონია
საღამოს ბინდიც მიიპარებოდა სადღაც. შეუმჩნევლად სტოვებდა გარემოს და შავად წამოსულ ნისლს მორჩილდებოდა. მაღლა და მაღლა იწევდა, თითქოს მზის სხივებზე ყოფილიყოს უხილავი ძაფებით ჩამოკიდებული. მზე კი, ჩამავალი მნათობი, სტოვებდა მიწის ერთ ნახევარს და უფსკრულში გადავარდნილი სასოებით ჩასჭიდებოდა ღრუბლის ნაფლეთებს მოელვარე სხივებით, მაგრამ ყოველივე ამაო იყო. სიბნელე მიწის გულიდან იყო მოვარდნილი და ზეცისკენ მიიწევდა. ნთქავდა ყოველივე ნათელს. კლდეთა ნაპრალებში ახლა საშინელება გამეფებულიყო. ზათქითა და ზარით ეხეთქებოდა წყლის უშველებელი ნაკადები. შავ ღამეს შავი ღრუბლები მოყვნენ და მათზე ადრე მძვინვარე ქარაშოტმა გაინავარდა. შავ ღამეს გულიც შავი ჰქონდა. მოვიდა და თან მოიტანა კუპრივით შავი და წყლით სავსე ღრუბლები, რომლებიც თავზე გადაეხურა პიტალო კლდეებს, მიწის დარაჯად რომ იდგნენ ქედუხრელნი და შეუცვლელნი. იდგნენ და ელოდნენ. ელოდნენ მომხდურთა თავდასხმას. ზღვა კი მძვინვარებდა, ძალას იკრეფდა. მისი ოცნება იყო ამ კლდეთა დანგრევა რომ თავისუფლად გაჭრილიყო ხმელეთზე. საუკუნეების მანძილზე ებრძოდა ზღვა კლდეებს, ებრძოდა და ვერას აკლებდა. თუმც სულ გადახოტრა და მოსპო მასზე ყოველივე ცოცხალი. არც ერთი მცენარე აღარ ხარობდა მასზე. სულ ერთიანად გალიპა და იავარჰყო. კლდეები კი იდგნენ, იდგნენ გაუნძრევლად და ყოველთვის თავდასხმის მოლოდინში იყვნენ. არ შეეძლოთ განძრევა, არ შეეძლოთ და, იქნებ, ასეც სჯობდა, თორემ დაიშლებოდნენ, ვეღარ გაუძლებდა ზედმეტ მოძრაობას მათი ბებერი ფეხები, მხრები და..... ჩაიღუპებოდნენ ზღვის უსასრულობაში. მოგონებებით ცოცხლობდნენ კლდეები. მათაც ახსოვდათ ბედნიერი დღეები, როცა მათ ტანზეც ხარობდა ყვავილთა უამრავი სახეობა. მაშინ ზღვა არ იყო მათი მეზობელი. ირგვლივ სიცოცხლის ხალისი იყო. მაგრამ გავიდა დრო და კლდეებმა ეს მოუსვენარი მეზობელი შეიძინეს, რომელიც დღე და ღამ სულ იმის ცდაში იყო, დაემხო კლდეთა მაკედონია.
თენგიზ ზურაშვილი
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|