თენგიზ ზურაშვილის ლექსები და მოგონებები
  ადამიანთ
 





სიღნაღი,
სიყვარულის ქალაქი


იდიდე შენ, ადამიანო!
 

  მძიმედ, შეუჩერებლად სცემს ცხოვრების მაჯა. მის ზღვისებრ
უსასრულობაში ათასობით და მილიონობით ადამიანთა
სიცოცხლე ინასკვება, მწიფდება და ყველა თავისებურად
მთავრდება. ზოგიერთთა სიცოცხლე დაღს ასვავს ცხოვრების
მსვლელობას და მის განვითარებასა თუ უკან დაწევაში
გარკვეულ ადგილს იკავებს. უმეტესთა სიცოცხლე კი მხოლოდ
მის ისტორიაში პოვებს ადგილს. ამ პატარა და არა სახელიან
ადამიანთა მწუხარებითა თუ სიხარულით აღსავსე სიცოცხლე,
საბოლოო ჯამში ერთიანდებიან და ერთიან, მძლავრ დაჯგუფებებად გადაქცეულნი ქმნიან საზოგადოებებს, ისტორიას.
  ცალკეულ ადამიანთა სიცოცხლე ანარეკლია ისტორიისა, რომელიც ათასნაირადაა დახლართული.
  რამდენი საგულისხმო რამ ხდება ცხოვრებაში, მაგრამ
მიუხედავად მისი არსებითი მნიშვნელობისა, ზოგიერთ რამეს
ყურადღებას არ აქცევ და უყურადღებოდ მიტოვებული ჰორიზონტს ეფარება. ხედვა და გონება მასზე ენერგიას არ ხარჯავს.
არის ისეთი შემთხვევები უცაბედი თუ მოსალოდნელი,
რომელთა მიმართ დიდ ყურადღებას გამოიჩენ და მასზე დიდ
ენერგიას დახარჯავ, თუმც კი, შეიძლება ისინი თავისი მნიშვნელობით არც თუ დიდად დასაფასებელნი იყვნენ. მეტად
რთული და მრავალფეროვანია ადამიანის ბუნება. ლამაზია
მისი სიცოცხლე თავისი წინააღმდეგობებით, გამარჯვებებით,
სინანულისა თუ სიხარულის გრძნობებით აღსავსე. მიყვარს
ადამიანი თავისი მოუსვენარი ცხოვრებით. სულ ფუსფუსებს,
ეძებს, ჰკარგავს, იმარჯვებს, მარცხდება. ისეთ მდგომარეობას
იქმნის, რომ ძირს ვარდება და ამასთან ცდილობს მყარად
იდგეს ფეხზე. ასე გაორებულია ბუნების უმშვენიერესი არსება
– ადამიანი. და, მაინც: დაე იყავ მოუსვენარი, მოჯირითე,
ჩანჩქერივით გადმოვარდნილი, თერგივით მღვრიე და
მჩქეფარე, მაგრამ მაინც იყავ ადამიანო, მთელი შენი სულითა
და გულით.
                                     
                                                *****

რა დიადი ხარ ბუნების უმშვენიერესო ქმნილებავ – ადამიანო!
შენი სრულყოფა ბუნების სრულყოფაა და შენი ღიმილი მისი
ღიმილია. შენ ამშვენებ მას და მისით სცოცხლობ შენ. უერთმანეთოდ ერთიც და მეორეც არარაობად წარმოსდგებოდით.
  ადამიანი – ეს მთელი სტიქიაა, სიცოცხლე და შემოქმედება,
რომელიც გენიალური მხატვრის ტილოს წააგავს. ყველა ადამიანისთვის ღირსებაა ამ სახელის წოდება. მის ქვეშ ხომ ენით აუწერელი მშვენება იმალება. ყველას, ყველას სიყვარულისა
და სიხარულის შუქი ჩაუდგებათ თვალებში მოძმის - ადამიანის სიხარულის გაზიარებისას. მწუხარებით აევსებათ გულები
მათი მწუხარე სახის დანახვისას. მცირეა ადამიანის სიცოცხლე,
ბუნების ერთი ამოსუნთქვაა და მაინც რამდენ სიხარულსა
და მწუხარებას განიცდის ამ ხნის განმავლობაში ბუნების მშვენება.
  რატომ? რატომ უნდა სწუხდეს ადამიანი? მან ხომ იცის რომ
არ არის უკვდავი, როგორც ერთეული ადამიანი? მის ადგილს
ხომ მისი შვილები და შვილიშვილები დაიკავებენ? მაშ რატომ
სწუხს? რა აშფოთებს? ნუთუ დასაშვებია, რომ ადამიანებმა
ერთმანეთს მგლის თვალით უყურონ?
  გიყვარდეთ ადამიანებო ერთმანეთი, გიყვარდეთ და პატივი
ეცით ერთმანეთს. თქვენს ხანმოკლე სიცოცხლეს ნათელ სხივად
გაადევნეთ სიყვარული მოყვასისადმი, საერთოდ ადამიანისადმი.
ეს ბუნების ძახილია. ბუნება ყველას თანაბრად
წილადობს თავის ძალამოსილებას. მაშ გვიყვარდეს ბუნება და
ერთმანეთი. ნუ გავეჯიბრებით ერთმანეთს ბუნების სიყვარულსა
და მისი სიმდიდრის მითვისებაში. დავივიწყოთ მწუხარება,
რომელიც ერთმანეთისადმი მტრობის საფუძველზე
წარმოიშობა. ასეთ შემთხვევაში მშობელი ბუნება კიდევ უფრო
მშობლიური და ლამაზი გახდება ადამიანების მიმართ, ადამიანების თვალში.
  გიყვარდეთ ადამიანებო ერთმანეთი და წრფელი გულით
შეიყვარებთ დედამიწას. იგი ბაღნარად იქცევა და მის გულში
ადამიანის ძეგლი დაიდგმება. სიყვარულის, მეგობრობის და
უკვდავების მარადიული წყაროს შინაარსის მატარებლად.
და მაინც: რა უნდა გავაკეთოთ ისეთი, რომ სიცოცხლე ერ-
თიანად ცხოვრებას წარმოადგენდეს? რომ სიხარული, სიყვარული
და ბედნიერება სუფევდეს ყველგან, რომ ყველა ერთმანე-
თისთვის ძმები და დები, მეგობრები იყვნენ, რომ სიყვარული
ალალი, წრფელი უფერულობით არა ჭკნებოდეს? რაა, რაა??
კიდევ რამდენი საუკუნე თუ ათასწლეულებია საჭირო, რომ
ადამიანმა საკუთარი თავი შეიცნოს, რომ ჭეშმარიტებისკენ მიმავალი გზა შეიმეცნოს და მყარად დადგეს ამ გზის შესაყარზე?
ჯერჯერობით კი რას ვხედავთ?
  ადამიანის მსოფმხედველობა ვიწრო ეგოისტურ ჩარჩოებს
ვერ სცილდება. ადადან-ბაბადან მოყოლებული ერთ ადგილს
ტკეპნის. უკეთ არსებობის და არა ცხოვრების მანიით შეპყრობილი
სასიკვდილო საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ადამიანებს,
საკუთარი თავის ჩათვლით, არამედ მთლიანობაში აღებულ,
დედამიწაზე არსებულ სიცოცხლეს. დღემდის ადამიანმა
არ იცის ჭეშმარიტი ადამიანობის ფასი, რადგან ის არასდროს
არსებულა. მისთვის ის უცხო ხილია. დღეს დღეობით ჭეშმარიტი
ადამიანობის კვალიც არსად ჩანს. განმკითხავიც არავინ
არის. ადამიანი ფიზიკური ბუნებით მშვენიერია, მაგრამ მისი
სულიერება დავრდომილია. ამის დასტურად თუნდაც ის იკმარებდა, რომ დედამიწაზე არსებული სიცოცხლე სასიკვდილო
საფრთხის წინაშეა დამდგარი. რაშიც მეტ-ნაკლები წვლილი შეაქვთ
ადამიანებს. რა გადაარჩენს ადამიანს, დედამიწაზე არსებულ სიცოცხლეს?
  ახალგაზრდობა, სიჭაბუკე, ბავშვური სილამაზე, ბავშვური
და ჭაბუკური თვალით დანახული სამყარო, მშვენიერება.
აი გზა ყველა მიმართულებით ყველა ბოროტების მძლე და
ყველაზე გამძლე. კაცობრიობა ერთ ჭაბუკურ განცდად უნდა
იყოს შეკრული, შედუღაბებული. მხოლოდ ამ შემთხვევაში
გახდება შესაძლებელი, რომ სიცოცხლე გვიხაროდეს, ხვალინდელი
დღე არ გვაკრთობდეს, მასში სიხარულსა და ახალ ზღუდეთა
აღების ნათელ სურათს ვხედავდეთ. დღესდღეობით მსოფლიოს ახალგაზრდები არ არიან ისე მჭიდროდ შეკრულნი, რომ ერთხმად გამოდიოდნენ პლანეტის უკეთესი მომავლისთვის ბრძოლაში. მათში ჯერ კიდევ არ არის გრძნობა აღმტაცი, ზეაღმაფრენი. საფუძველი არის, მაგრამ ენთუზიაზმის ცეცხლი არაა დანთებული.
პრომეთე გვინდა ახალი დროის, რომ ანთებული ცეცხლი ახალგაზრდობის გულებში გადმოიტანოს, ავარდეს ალი და სიჭაბუკე ჭეშმარიტი გზით უკვდავებაში გადაიზარდოს.
ის დრო წარსულს უნდა ჩაბარდეს, როცა წლები თიშავდნენ
და დღესაც თიშავენ ზრდასრულებსა და მცხოვნებს ახალგაზრდებისგან. ყველას როგორც ერთს ახალგაზრდული
მგზნებარება უნდა ახასიათებდეს, რამეთუ ადამიანი ბერდება
ფიზიკურად და არა სულიერად. სულიერი სიბერე არ არსებობს.
ადამიანი მარად ჭაბუკური შემართებისა და გაგების დონეზე
იქნება, თუ კი ის ჩაწვდება ჭეშმარიტი ადამიანობის ფესვებს
და მასზე ამოზრდის უკვდავებისა და ჭეშმარიტების გაგების
დონის შესატყვის სულიერებას. და, თუ მოისურვებ ადამიანო, შორს არაა ასეთი სულიერების დაფუძნების დრო და ჟამი.
დრო აღარ ითმენს. საზოგადოებრივი მასშტაბით სასიკვდილო
იარაღის მზადება თითოეული ადამიანის სულიერებაზე
უარყოფითად მოქმედებს. თითოეულ ადამიანს თავის წვლილი
შეაქვს დედამიწაზე არსებული სიცოცხლის მოსპობის საქმეში.
და, ეს მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მათგანი შეიძლება
თავს უცოდველადაც მიიჩნევდეს. თანამედროვე ყოფაში, ისტორიული წარსულიდან მოყოლებული, ყველას, როგორც ერთს,
მეტ-ნაკლები წვლილი მიუძღვის იმ ბოროტებაში, რომელიც
ადამიანის გამოისობითაა დატრიალებული დედამიწაზე.
და, ადამიანო, დაო და ძმაო, განა არ დადგა დრო იმისათვის,
რომ ჩვენი გული ცეცხლად ვაქციოთ და სიყვარული, ლამაზი,
ტკბილი ჩვენი გონების ბუდედ ვაქციოთ? ადამიანებო, ახალგაზრდებო და ზრდასრულებო, მცხოვნებო, მოდით და ვიყოთ
ახალი მოძრაობის, ახალი ლამაზი ყოფა-ცხოვრების წამომწყებნი.
დაე, ყოველი მომდევნო დღე იყოს სიცოცხლითა და
სიხარულით სავსე. დაე, ყველა უცნობი იყოს ჩვენთვის ძმა და
მეგობარი. ამას კი რა უნდა: შემართება, შთაგონება და ხალასი
ენთუზიაზმი, მყარ ნიადაგზე აღმოცენებული. ნუთუ შეუძლებელია
ერთ კალაპოტში მოექცეს ადამიანთა სული და გული?
სულიერად ხომ ყველა ადამიანი ახალგაზრდაა?! მე მგონი რომ
შეიძლება ამის მიღწევა. აქედან გამომდინარე ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ შევქმნათ ლამაზი ცხოვრება. ჩვენ ვერაფერი შეგვაკავებს, ჩვენს სულიერ აღმაფრენას საზღვარი არ ექნება.

 გენიის ზღვარი ჩვენს ფართო გზას ვერ გადაკვეთავს,
ვერ შეაჩერებს ახალგაზრდულ ამგზნებარებას,
სიცოცხლემ გვშობა, მისი სიბრძნე წინ გაგვიძღვება,
ვერა-რა დასძლევს, ჩვენს ჭაბუკურ აბობოქრებას.


  და, ჰა, გავწიოთ წინ, ნათელი გზით, რამეთუ საშვი სამყაროში ზნეობაზე გადის.
  მაშ იდიდე შენ, ადამიანო!
  რა ზეაღმტაცი გრძნობებით სავსე იქნება მაშინ სიცოცხლე!
  სად ხარ პრომეთე? ღია გვაქვს მკერდი, შეგვინთე ცეცხლი
და ჩვენს პლანეტას გადავაქცევთ სიცოცხლის ბუდედ, ბედნიერების ჩაუქრობელ, მარად მოკაშკაშე კერად. დავთესავთ სიხარულს, მოვიმკით სიყვარულს. სიყვარული კი თავისთავად სიხარულია, თავისუფალი ყოველგვარი ქვენა გრძნობებისგან. 


თენგიზ ზურაშვილი



 
   
 
Этот сайт был создан бесплатно с помощью homepage-konstruktor.ru. Хотите тоже свой сайт?
Зарегистрироваться бесплатно