თენგიზ ზურაშვილის ლექსები და მოგონებები
  მოხუცი
 





სიღნაღი,
სიყვარულის ქალაქი

ბოროტება და სამართლიანობა არ თქმულა
 

  მოხუცი ნელი, მძიმე ნაბიჯებით მიდიოდა. ნაბიჯებს ითვლიდა. ერთი, ორი,..., თერთმეტი,..., თხუთმეტი,.... ნეტავ რამდენი ნაბიჯი გამოვა იმ ბორცვამდის? თხუთმეტი? ოცი? რაც გავიარე ერთი იმდენი კიდევ, ერთი იმდენი და დავისვენებ, დავისვენებ, თორემ ძლიერ დავიღალე. რა მალე თავდება ეს გზა. ისე ძლივს დავჩაჩანაკებ და ახლა როგორ ჩქარა მივდივარ. უკანასკნელი ნაბიჯები, რამდენიმე ამოსუნთქვაც და ..... დავისვენებ.  
  დამასვენებენ.
  ამბობენ ღრმად არ მარხავენო. ყვავ-ყორნების საჯიჯგნი
უნდა გავხდე.
  მოხუცი უახლოვდებოდა საბედისწერო ბორცვს. თითქოს მანაც აიდგა ფეხიო. მოხუცის თვალებში ბორცვი მისკენ მიექანებოდა. მოხუცი მიუახლოვდა ბორცვს, შესდგა. "ერთი, ორი... რატომ არ ისვრიან, რაღას უყურებენ? სურთ ნახონ როგორ ფოთოლივით თრთის მოხუცი? სურთ უცქირონ სიკვდილ-სიცოცხლის აგონიას? არა! თქვენ ვერ ნახავთ ჩემს შეკრთომას, ვერა! მე კიდევ მაქვს იმდენი ძალა, რომ შინაგანი ღელვა არ გავამჟღავნო და თქვენ არ გაგაცინოთ მოხუცის თრთოლვაზე. აი, ვდგევარ, ისროლეთ, ისროლეთ თქვე უწმინდურებო. ჩემს გამო სამაგიეროს გადაგიხდიან ჩემი გიორგი და ვახტანგი. შეგანანებენ ბავშვები მამის ტანჯვას, ათმაგად აიღებენ სისხლს. რაღას უყურებთ, მესროლეთ. ზურგში მესროლეთ მგლებო, ზურგში.
  თქვენ ღირსი არ ხართ მკერდის ჩვენებისა."
  მოხუცი იდგა და ელოდა.
  სამარისებურ სიჩუმეს ჩიტების შერეული ჟივილი არღვევდა.
  მოხუცი შინაგანმა შიშმა და სიხარულმა აიტანა. კანკალი დააწყებინა.
  _ "ნუთუ არ მომკლავენ? ნუთუ წავიდნენ?."
  მძიმედ შებრუნდა და.... იქ არავინ ჩანდა. მოხუცს სიხარულის გმინვა აღმოხდა.
  _"გადავრჩი, არ მომკლეს ამ უღმერთოებმა. ბოროტებასაც ჰქონია თავისი სამართლიანობა. ახლა უნდა გავიქცე, დავტოვო აქაურობა." მოხუცი ახალგაზრდული სიმხნევით გარბოდა, მაგრამ თვალნათლივ ჩანდა, რომ ნაფლეთებად ქცეულ სამოსში, ნაწამები გატანჯული მოხუცი გარბოდა, თუ მას სირბილი ეთქმოდა.
  _ "ეი."
 მოხუცს ცივმა ოფლმა დაასხა და ამდენს კი ვეღარ გაუძლო და შებღავლა, შებღავლა და ტყვიას ჩახუტებული ჩაიკეცა თოვლში. მკერდში მოხვდა, მკერდში სტკიოდა, თუმცა ბევრს ვეღარაფერს გრძნობდა.
  _"ბოროტება და სამართლიანობა არ თქმულა." _ ესღა გაიფიქრა და გათავდა მოხუცი.

თენგიზ ზურაშვილი



 
   
 
Этот сайт был создан бесплатно с помощью homepage-konstruktor.ru. Хотите тоже свой сайт?
Зарегистрироваться бесплатно