თენგიზ ზურაშვილის ლექსები და მოგონებები
  მთავარი
 


მინდა ისეთი რამე ვთქვა,
 
რაც არა თქმულა  ჯერა,
 
თუ დიდებულად ვერ ვმოსო,
 
ახალი იყოს მჯერა.


თენგიზ ზურაშვილი

 ავტორისაგან
 

  
             
  ჩემი ლექსები დაწერილია სიჭაბუკის პერიოდში, როცა გული მაისობს, როცა ყველა გიყვარს და ფიქრობ, რომ შენც ყველას
უყვარხარ. ესაა სანატრელი პერიოდი, რომელსაც გარემოებათა  გამო შემდგომ მივტირით.
  ზოგადად, ადამიანის ცხოვრება რამდენიმე პერიოდს მოიცავს.
  ესაა – ბავშვობა, სიჭაბუკე, ზრდასრულობა და მცხოვნობა.
  ბავშვობა: ადამიანთა ცხოვრების ეს ულამაზესი პერიოდი, მშვენიერების კუთხით თანაბრად აღსაქმელია, როგორც ბავშვებისთვის,
ისე მოზრდილთათვის. ამ პერიოდში ყველა ლაღობს და ყველა იხარებს. "სიცოცხლე სიტკბოდ გადაქცეულა".
  სიჭაბუკე: ადამიანთა ცხოვრების ეს პერიოდი გაგრძელებაა ბავშვობის მშვენიერი გაზაფხულისა. იმ განსხვავებით, რომ ეს გაზაფხული უშუალოდ მათი გულის გამოძახილია და მოზრდილი ადამიანები მის აღქმას სცილდებიან. სიჭაბუკეში ადამიანები ბავშვებივით უშუალონი არიან, უყვართ ყველა და ყველაფერი რაც ირგვლივეთშია. ეს სიყვარული მათი შინაგანი ბუნებიდან მომდინარეობს, რომელსაც სათავე ბავშვობაში
დაედო და, იმისდა მიხედვით, თუ როგორი ბავშვობა გაიარა, მისი შესაბამისია ჭაბუკის გულისთქმაც. ამ ასაკში არაა კონკრეტულად
გამოხატული სიყვარული. ჭაბუკის მთელი არსებაა სიყვარულისკენ მიმსწრაფი, თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ესაა კაცობრიული მასშტაბით სიყვარულისადმი მისწრაფება.
  ზრდასრული ასაკი: ცხოვრების ამ პერიოდისთვის დამახასიათებელია ის, რომ წერტილი ესმება ბავშვურ და ჭაბუკურ აღმაფრენას, ლაღი, სიცოცხლისა და სიყვარულის გრძნობებით სავსე დამოკიდებულებას ირგვლივეთისადმი. ერთი შეხედვით, ამ პერიოდში ადამიანი ხაზგასმული სერიოზულობით ხასიათდება, თითქოსდა ისინი ამაღლდნენ ბავშვურ და ჭაბუკურ აღმაფრენასთან შედარებით, ფაქტიურად კი ესაა უკან დახევა, უკუსვლა ჭეშმარიტი შინაარსის მატარებელი სიყვარულიდან, გაგებიდან, რომლებითაც ხასიათდებიან ბავშვები და ჭაბუკურ  ასაკში მყოფნი. ამ მოჩვენებითი სერიოზულობის ფონზე იკარგება სიყვარულის ის ზეაღმაფრენი შესაძლებლობა, რომლის
გარეშე ადამიანი, კაცობრიობა, განწირულია დასაღუპავად. ზრდასრული ადამიანი მხოლოდ ბავშვებთან ინარჩუნებს საერთო ენას. ესაა და ეს. მას საკუთარი სამყარო, საკუთარი
მიზანდასახულობანი, ამასთან კონკრეტული შინაარსის მატარებელი მიზანდასახულობანი უჩნდება, რომლებიც შორსაა კაცობრიული გაგებისგან, კაცობრიული მიზანდასახულობისგან, რის საფუძველზეც კატასტროფის წინაშეა დამდგარი დედამიწაზე არსებული სიცოცხლე.
   ჭაბუკური ასაკიდან გამოსული ადამიანი, სურს მას ეს თუ არა, იძულებულია დასერიოზულდეს და ზოგადკაცობრიული
გაგებისა და სიყვარულის შეგრძნების უნარი, კონკრეტულ გაგებასა და სიყვარულს დაუქვემდებაროს და ჩაეწეროს ადამიანთა
არსებობის მესამე პერიოდისთვის დამახასიათებელი ყოფის შინაარსში.
  და ბოლოს მცხოვნობა: ადამიანი ცხოვრების ამ პერიოდში იმკის ყოველივე იმას, რაც დათესა ყოფის მესამე პერიოდში, ზრდასრულობის ასაკში. ეს მონაგარი კი სხვა არაფერია თუ
არა კატასტროფული საფრთხე დედამიწაზე არსებული სიცოცხლისთვის.
  სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ დღემდის ადამიანთა ყოფის პირველი და მეორე პერიოდები ბავშვურ ასაკად მიიჩნევა,
რომ ამ პერიოდებისთვის დამახასიათებელი ადამიანური, ზნეობრივი შინაარსობრიობა უგულვებელყოფილია, ცნობიერების
მიღმაა დატოვებული და მათ საფუძველზე ცხოვრების მოწყობას არავინ ცდილობს.
  სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანთა ყოფის წესი და რიგი ყალიბდება მესამე პერიოდის შინაარსობრიობის საფუძველზე, რომლისთვისაც დამახასიათებელია, როგორც
ადამიანებს შორის, ისე მათი მხრიდან ირგვლივეთის მიმართ დაპირისპირებულობითი დამოკიდებულება.
  აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ბავშვობისა და სიჭაბუკის ასაკში ადამიანთათვის დამახასიათებელია სიყვარულისა და
სიხარულის განცდის მასშტაბურობა, ზნეობრიობის ამ ორი მახასიათებლის წარმოჩენა, მეტყველებს იმაზე, რომ ადამიანს
შინაგანად ახასიათებს ზნეობრივი გამოვლინებები, რომ იგი გაუცნობიერებლად, მაგრამ მიმსწრაფია ზნეობისკენ. ეს მისწრაფება კი თავს იჩენს სწორედ იმ ასაკში , როცა ადამიანი უშუალოა, არაა ჩაბმული ყოფითი ცხოვრების ორომტრიალში,
რომლის შემოქმედი ზრდასრულობის ასაკში თავადვე ხდება. ზრდასრულობის ასაკში ადამიანი სწორედ ამ გაუცნობიერებელ
მისწრაფებას ემიჯნება ისე, რომ ვერ აცნობიერებს მის არსს. შესაბამისად, არაფერს მოიმოქმედებს საიმისოდ, რომ ეს ბუნებრივი გამოვლინებები ყოფით ცხოვრებაში მყარ
საფუძველს დაემკვიდრონ და სურს ეს მას თუ არა, ნაცვლად ზნეობრივისა, უზნეო არსებად ყალიბდება.
  აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ როგორც სიკვდილ-სიცოცხლე, ისე უზნეობა და ზნეობაც არ იცნობენ ერთმანეთს, მათი თანხვდომა გამორიცხულია. იქ სადაც უზნეობაა, ზნეობა
ვერ ისადგურებს და პირიქით. რაც იმაზე მეტყველებს, რომ დასაბამიდან დღემდის ზნეობა ადამიანისთვის ოცნების სფეროა.
ამაზე მეტყველებს ის სასიკვდილო საფრთხე, რომელიც არა მხოლოდ ადამიანს, არამედ დედამიწაზე არსებულ სიცოცხლეს
დამოკლეს მახვილივით წამოსდგომია თავს.
თქვენი მონა-მორჩილიც ვერ ასცდა ზემოჩამოთვლილი პერიოდების გავლას. სადღეისოდ შექმნილი ვითარება
გადაუდებელ ამოცანად წარმოაჩენს ადამიანთა ცხოვრების, მათი ყოფის შინაარსის დაფუძნებას ბავშვურ უშუალობაზე და ირგვლივეთისადმი ჭაბუკურ სიყვარულზე. სწორედ ამან განაპირობა ჩემი მხრიდან სიჭაბუკისკენ მობრუნება, მისი ხელახლა გაცნობიერება და მის საფუძველზე მომავლის ხედვა. უახლოეს მომავალში ფართო აუდიტორიის წინაშე წარსდგება თეორია სათაურით: "ზნეობა-საშვი სამყაროში" იმის შესახებ, თუ რაში მდგომარეობს უზნეობის არსი, რის საფუძველზე ყალიბდება ის და როგორ განიპირობება ადამიანთა ყოფის უზნეობა, როგორ ყალიბდება ადამიანი უზნეო არსებად.
   შესაბამისად, ჩამოყალიბდება ზნეობის არსი, რაც ადამიანებს შესაძლებლობას მისცემს გააცნობიერონ ზნეობა და ერთხელ
და სამუდამოდ არჩევანი გააკეთონ უზნეობასა და ზნეობას შორის.
   ეს იქნება ახალი ფურცელი ადამიანთა ყოფის ისტორიაში. რამეთუ დღემდის ადამიანები არა თუ ზნეობის, არამედ მათი ყოფის განმაპირობებელ უზნეობის არსსაც ვერ აცნობიერებენ. ზნეობის არსის გაცნობიერება და ამ გზით სიარული ერთხელ და სამუდამოდ გამორიცხავს ადამიანებს, ერებსა და ქვეყნებს
შორის და მათი მხრიდან დედამიწაზე არსებული სიცოცხლის მიმართ დაპირისპირებულობის ყოველგვარ საფუძველს.



თენგიზ ზურაშვილი
 
 
   
 
Этот сайт был создан бесплатно с помощью homepage-konstruktor.ru. Хотите тоже свой сайт?
Зарегистрироваться бесплатно